სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Gvan Ca საყოველთაო აღწერისა და გაეროს „პროგრამა 2030“-თან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტის აღწერის მიხედვით, საყოველთაო აღწერა გაეროს 2030 წლის გეგმებს ემსახურება, რაც თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის განადგურებას ისახავს მიზნად: „გაეროს მდგრადად განადგურების მიზნებს ნელი ტემპით მიყავს მოსახლეობა სიღარიბისა და შიმშილისაკენ. ასე რომ დაფიქრდით სანამ საკუთარ ყოფა-ცხოვრების, ქონების შესახებ გასცემთ ინფორმაციას“- ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.
რეალურად, საყოველთაო აღწერა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის მოსახლეობის შემადგენლობის, სქესის, ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, მიგრაციის, დასაქმების, განათლების და სხვა მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად.
მტკიცება, რომ „პროგრამა 2030“ სოფლის მეურნეობის განადგურებას ისახავს მიზნად, მცდარია. პირიქით, გაერო აღნიშნული პროგრამით სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობას ცდილობს, რადგან მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობას შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, გააუმჯობესოს სურსათის უსაფრთხოება და მოაგვაროს გარემოსდაცვითი გამოწვევები.
2024 წლის აღწერა, მოსახლეობის და სასოფლო მეურნეობების შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ტარდება, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. აღწერა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნითაა აუცილებელი. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა.
2024 წლის საყოველთაო აღწერის პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მოსახლეობის შესახებ მონაცემები თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI), ონლაინ პლატფორმაზე შეგროვდა, რომლის მეშვეობითაც ადამიანებმა კითხვარები დამოუკიდებლად შეავსეს. თვითრეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით გროვდებოდა. აღწერაში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის (გარდა ემიგრანტებისა, რომლებიც 12 თვეზე მეტია საზღვარგარეთ ცხოვრობენ), საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომელთათვის მუდმივ საცხოვრებელს (12 თვე და მეტი) საქართველო წარმოადგენს, სავალდებულოა. საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო – 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
აღწერის კითხვარი სამი ნაწილისგან შედგება და მოიცავს კითხვებს საცხოვრებელი ადგილისა და მდგომარეობის შესახებ, პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელშიც შედის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიც, მაგალითად, ეროვნება, აღმსარებლობა, დასაქმება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლება და სხვა. მესამე ნაწილი კი სოფლის მეურნეობის შესახებ კითხვებს მოიცავს.
აღწერის სარეგისტრაციო პორტალზე ვკითხულობთ, რომ „აღწერის შედეგების საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე. აღწერები ტარდება ქვეყნის განვითარებისთვის, გეგმებისა და პროგრამების ეფექტიანი განხორციელების ხელშესაწყობად. აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაერო-ს მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელების შესაფასებლად“.
რაც შეეხება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25-27 სექტემბერს ნიუ-იორკში „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამა“ („პროგრამა 2030“) მიიღო. დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის შემდეგი 17 მიზანი უნდა იქნას მიღწეული. ეს მიზნები, რომლებიც 2030 წლამდე უნდა შესრულდეს, მსოფლიოს წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება. „მიზნები და ამოცანები არის ორწლიანი ინტენსიური საჯარო კონსულტაციებისა და ჩართულობის შედეგი მთელს მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ყველაზე ღარიბ და დაუცველთა ხმებს“, – ნათქვამია გაეროს ვებგვერდზე. მდგრადი განვითარების 17 მიზანია:
- პირველი მიზანი ემსახურება ყველა ფორმის სიღარიბის აღმოფხვრას მსოფლიო მასშტაბით. 2030 წლისთვის, პროგრამის მიხედვით, მოწყვლად ჯგუფებს თანაბრად უნდა ჰქონდეთ წვდომა ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებსა და საბაზისო სერვისებზე, საკუთრების უფლება და კონტროლი საკუთარ ქონებაზე და ა.შ. მოწყვლადი ადამიანების საერთო რაოდენობა კი სულ მცირე განახევრებული უნდა იყოს. აგრეთვე უკიდურესი სიღარიბე ($1.25-ზე ნაკლები შემოსავალი დღეში) ყველგან უნდა იყო აღმოფხვრილი.
- მეორე მიზანი გულისხმობს შიმშილის ყველა ფორმის დასრულებას, საკვები უსაფრთხოების ხელშეწყობასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას. მიზანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწყვლად ჯგუფებსა და ბავშვებზე მსოფლიო მასშტაბით.
- მესამე მიზანი ჯანდაცვისა და თითოეული მოქალაქის, ასაკის მიუხედავად, კეთილდღეობის უზრუნველყოფას მოიაზრებს, მათ შორის, ეპიდემიურ დაავადებებთან ბრძოლას, გლობალური სიკვდილიანობის რიცხვის განახევრებას და სხვა.
- მეოთხე მიზანი ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლებაზე წვდომასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას გულისხმობს.
- მეხუთე მიზანი ქალთა და გოგონათა გაძლიერებაზე კონცენტრირდება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას მოიაზრებს.
- მეექვსე მიზნის მიხედვით, 2030 წლისთვის წყლისა და სანიტარული სისტემების ხელმისაწვდომობა და მდგრადი მართვა ყველასთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მიზანი გულისხმობს სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის უზრუნველყოფასა და დაბინძურების შემცირებას.
- მეშვიდე მიზანი ყველასთვის ხელმისაწვდომ, საიმედო, მდგრად (განახლებად) და თანამედროვე ენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფას მოიაზრებს მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულისთვის პროგრამაში გათვალისწინებულია კვლევისა და ტექნოლოგიის ხელშეწყობა წევრ სახელმწიფოებს შორის კოოპერაციის საფუძველზე.
- მერვე მიზანი ხელს უწყობს ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდას, სრულ დასაქმებასა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას ყველასთვის. ამავე პუნქტში გათვალისწინებულია იძულებითი სამუშაოს, ტრეფიკინგისა და თანამედროვე სახის მონობის სრულად აღმოფხვრა.
- მეცხრე მიზანი მდგრადი ინფრასტრუქტურის, ინკლუზიური ინდუსტრიალიზაციის დანერგვასა და ინოვაციების წახალისებას გულისხმობს.
- მეათე მიზნის მიხედვით, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს უთანასწორობის შემცირებას სახელმწიფოებს შიგნით და მათ შორის. ამასთანავე, უნდა უზრუნველყოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინკლუზიურობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა განვითარებადი ქვეყნებისთვის.
- მეთერთმეტე მიზანი ქალაქებისა და სხვა სახის დასახლებების ინკლუზიურობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას უსვამს ხაზს.
- მეთორმეტე მიზნის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკები, რაც ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას, საკვები და სამომხმარებლო ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების პრაქტიკების დანერგვას გულისხმობს.
- მეცამეტე მიზანი დაუყოვნებლივ ბრძოლას გულისხმობს კლიმატური ცვლილებებისა და მისი შედეგების წინააღმდეგ.
- მეთოთხმეტე მიზანი მოიაზრებს წყლის რესურსების, მათ შორის ოკეანეების, ზღვებისა და საზღვაო რესურსების, მდგრად გამოყენებასა მდგრადი განვითარებისთვის.
- მეთხუთმეტე მიზანი ხმელეთის ეკოსისტემების დაცვაზე, აღდგენასა და ხელშეწყობაზე კონცენტრირდება. ასევე მოიცავს ტყეების მდგრად მართვას, გაუდაბნოებასთან ბრძოლას, მიწის დეგრადაციისა და ბიომრავალფეროვნების განადგურების პრევენციას.
- მეთექვსმეტე მიზნის მიხედვით, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა, ყველასთვის სამართლიანობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნა გათვალისწინებულია პროგრამა 2030-ში.
- მეჩვიდმეტე მიზანი გლობალური პარტნიორობის განვითარებას გულისხმობს მდგრადი განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ „პროგრამა 2030“ არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, შესაბამისად, მათი შესრულება გაეროს წევრი სახელმწიფოების ნებაზეა დამოკიდებული.
ამასთანავე, პროგრამა მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების განხორციელებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „პროგრამა 2030“ ცდილობს მდგრადი განვითარების მიზნები ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ჭრილში განახორციელოს. ამ მხრივ, გაერო აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. ეს უკანასკნელი ფოკუსირდება „პროგრამა 2030-ის“ დაფინანსებაზე, ჯანდაცვაზე, ქალთა გაძლიერებასა და სხვა გამოწვევებზე.
კიდევ ერთი სფერო, რომელსაც „პროგრამა 2030“ უკავშირდება, სოფლის მეურნეობაა. მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შექმნით, რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფითა და ინოვაციების ხელშეწყობით, გაერო ცდილობს სოფლის მეურნეობა არა გაანადგუროს, როგორც ამას კონსპიროლოგები ირწმუნებიან, არამედ წევრი ქვეყნების ჩართულობით ხელი შეუწყოს მის გაძლიერებას. თავისი მხრივ კი, სოფლის მეუნეობის განვითარება ეკონომიკურ ზრდას, სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგვარებს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს „პროგრამა 2030“-ის მიზნებიდან რამდენიმე პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება სოფლის მეურნეობას. მაგალითად, პირველი მიზანი, რომელიც სიღარიბის აღმოფხვრას ეხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საარსებო წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, გაერო ცდილობს ხელი შეუწყოს მოწყვლად ჯგუფებს, რათა მათ თანაბრად ჰქონდეთ წვდომა ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებზე, რაც, თავის მხრივ, მათ სიღარიბის დაძლევაში დაეხმარებათ.
პროგრამის მეორე მიზანი, რომელიც შიმშილის დასრულებას ეხება, კვების გაუმჯობესებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და ამ კუთხით გაეროს წევრი ქვეყნების მხრიდან ინვესტირების დაჩქარებას გულისხმობს. დადასტურებულია, რომ დაჩქარებული ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში მდგრადი განვითარების ამაჩქარებელი ფაქტორია. ინვესტიციები ეხმარება ქვეყნებს განახორციელონ მრავალი მიზანი, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის, შიმშილის და არასრულფასოვანი კვების დასრულებას შეუწყობს ხელს.
გაეროს პროგრამის მე-6 მიზანი, რაც სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს, ასევე დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან, რადგან წყლის რესურსის მდგრადი გამოყენება აუცილებელია სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული დარგების ეფექტური ფუნქციონირებისთვის. აღსანიშნავია, აგრეთვე მე-13 მიზანი, რაც კლიმატის ცვლილებებისა და მისი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. სოფლის მეურნეობა სათბურის გაზების ემისიების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, რაც კლიმატის ცვლილებას რამდენიმე გზით უწყობს ხელს. მაგალითად, სასუქებისა და პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება და ნიადაგის დეგრადაცია. აღსანიშნავია, აგრეთვე მეთანის როლიც, რომელიც ძლიერ სათბურ აირს წარმოადგენს და დედამიწაზე სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობს. დადასტურებულია, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გამოიმუშავებს მეთანს საჭმლის მონელების დროს. სწორი ადაპტაციის სტრატეგიების არსებობა, ტექნოლოგიური ინოვაციები და გლობალური თანამშრომლობა გადამწყვეტია ამ გამოწვების მოსაგვარებლად.
ამრიგად, პოსტის ავტორი საყოველთაო აღწერისა და „პროგრამა 2030-ის“ შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „პროგრამა 2030-სა“ და საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსმა“ წარსულშიც გადაამოწმა (იხ. სტატია 1, 2, 3).