Home » „დალესის დოქტრინა“ არ არსებობს და გავრცელებული ციტატები სინამდვილეში საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანიდანაა
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

„დალესის დოქტრინა“ არ არსებობს და გავრცელებული ციტატები სინამდვილეში საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანიდანაა

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც თითქოს 1953-1961 წლებში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელის ალან დალესის სიტყვაა მოცემული: „ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოს. იქ ქაოსს შევქმნით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ იწამონ ეს ყალბი ფასეულობანი. როგორ? ჩვენ ვიპოვნით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანამშრომლებსა და მოკავშირეებს თვით რუსეთში. ერთი მეორეზე მიყოლებით ეპიზოდებად გათამაშდება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული ტრაგედიები ყველაზე უფრო ურჩი ხალხის, რუსი ხალხის დაღუპვისა და მისი თვითშეგნების საბოლოოდ ჩაქრობისათვის. ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჩვენ თანდათან მოვუსპობთ მათ სოციალურ არსს. ხელოვანთ გადავაჩვევთ, ჩავუკლავთ მისწრაფებას შექმნან სახეები, გამოიკვლიონ პროცესები, რომელთაც ადგილი აქვს ხალხთა მასების წიაღში. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და შევაქებთ ეგრეთ წოდებულ მხატვრებს (ხელოვანთ), რომლებიც დანერგავენ ადამიანის შეგნებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის, გამცემლობის კულტს – ერთი სიტყვით, ყველაფერ ამორალურს“.

რეალურად, აღნიშნული ტექსტი საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანიდან „მარადიული ძახილიდან“ („Вечный зов“) არის, რომელიც რუსეთში შექმნილ და ფართოდ გავრცელებულ შეთქმულების თეორიას – „დალესის დოქტრინას“, უდევს საფუძვლად.

ალან დალესი მეორე მსოფლიო ომის დროს სტრატეგიული სერვისების ოფისში (OSS) მუშაობდა. სტრატეგიული სერვისების ოფისი 1942 წელს ჩამოყალიბებული აშშ-ის სადაზვერვო უწყებაა, რომელიც ინფორმაციას ფაქტობრივად ყველა სახელმწიფოს შესახებ აგროვებდა. უფრო კონკრეტულად, OSS-ის ფარული ოპერაციები კონცენტრირებული იყო  ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე. აღსანიშნავია, რომ OSS-მა 1945 წლის 20 სექტემბერს შეწყვიტა არსებობა და მისი არქივი ფედერალური მთავრობის ორ უწყებას გადაეცა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და 1947 წლიდან ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს. ამასთანავე, დალესმა ევროპაში სადაზვერვო ქსელების შექმნასა და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობის ქსელის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

1947 წელს ეროვნული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის (National Security Act) საფუძველზე შექმნილ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ჩამოყალიბებაში ალან დალესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 1951 წელს დალესი CIA-ს დირექტორის მოადგილე გახდა, ხოლო 1953-1961 წლებში სააგენტოს სამოქალაქო დირექტორად მუშაობდა.

როგორც დალესი, ასევე ზოგადად, CIA მისი სადაზვერვო და, შესაბამისად, ნაწილობრივ გასაიდუმლოებული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად გამხდარა შეთქმულების თეორიების სამიზნე. დალესის შესახებ არსებული კონსპირაციებიდან ყველაზე ფართოდგავრცელებული შეთქმულების თეორიაა „დალესის დოქტრინა“, იგივე „დალესის გეგმა“. ეს უკანასკნელი რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის თანახმად, დალესმა ამ დოკუმენტის სახით, საბჭოთა ერებისა და კულტურის დეგრადაციის გზით საბჭოთა კავშირის განადგურების გეგმა შეიმუშავა. აღნიშნული კონსპირაციის ჭრილში არაერთხელ გავრცელებულა (ბმული 1, 2) ციტატები, რომლებსაც ალან დალესს მიაკუთვნებდნენ. ამავე შინაარსისაა Facebook-მომხმარებლის გავრცელებული პოსტიც, რომელშიც ალან დალესი თითქოს ქაოსის შექმნაზე, ღირებულებების დეგრადაციასა და ახალგაზრდების „გახრწნაზე“ წერს.

სინამდვილეში, „დალესის გეგმა“ არ არსებობს,   მისი საფუძველი მხოლოდ რუსულენოვანი ტექსტია. „დალესის დოქტრინის“ რუსული ვერსია კი საბჭოთა მწერლის,  ანატოლი ივანოვის რომანზე „მარადიულ ძახილზეა“ („Вечный зов“) დაფუძნებული. ციტატები, რომლებიც სოციალურ ქსელებში პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს, რეალურად, აღნიშნული წიგნის პერსონაჟს ეკუთვნის. უფრო კონკრეტულად კი, რომანი სხვადასხვა ისტორიულ პერიოდზე ჰყვება და მისი მთავარი პერსონაჟი საბჭოთა ოფიცერი პოლიპოვია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. პოლიპოვს მეფის რუსეთის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი ლახნოვსკი უტარებს გამოკითხვას, რომლის დროსაც მონოლოგის სახით ლახნოვსკი ჰიტლერის საიდუმლო გეგმის მიხედვით რუსეთის დამარცხების შესახებ საუბრობს. კერძოდ, აღნიშნული გეგმა საბჭოთა კავშირის ისტორიული ფასეულობების განადგურებას, ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენას, სულიერი და მორალური კომპასის დეგრადაციას გულისხმობს. Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ციტატა, რომელსაც ავტორი ალან დალესს მიაწერს, შინაარსობრივად სწორედ ლახნოვსკის მონოლოგს ემთხვევა.

ციტატა 1:

ქართულად: „დამთავრდება ომი, ყველაფერი როგორღაც დალაგდება, მოეწყობა და ჩვენ ყველაფერს, რაც კი გვაბადია მთელ ოქროს, მთელ მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად“.

რუსულად: “Окончится война – все как-то утрясется, устроится. И мы бросим все, что имеем, чем располагаем… все золото, всю материальную мощь на оболванивание и одурачивание людей!”.

ციტატა 2:

ქართულად: “ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოს. იქ ქაოსს შევქმნით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ იწამონ ეს ყალბი ფასეულობანი”.

რუსულად: “Человеческий мозг, сознание людей способно к изменению. Посеяв там хаос, мы незаметно подменим их ценности на фальшивые и заставим их в эти фальшивые ценности поверить!”

ციტატა 3:

ქართულად: „ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი, ახალგაზრდებისაგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს, კოსმოპოლიტებს. აი ასე გავაკეთებთ ამას“.

რუსულად: „Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать ее!… Да, развращать! Растлевать! Мы сделаем из них циников, пошляков, космополитов!”.

ლახნოვსკის მონოლოგი „დალესის გეგმად“ პირველად 1993 წელს სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა იოანე სნიჩევმა გაასაღა, როდესაც მან გაზეთ „საბჭოთა რუსეთში“ გამოაქვეყნა სტატია „ბრძოლა რუსეთისთვის“ და ლახნოვსკის სიტყვები ალან დალესის ციტატად წარმოაჩინა. მაგალითად: „„Посеяв в России хаос, — сказал в 1945 году американский генерал Аллен Даллес, руководитель политической разведки США в Европе, ставший впоследствии директором ЦРУ, — мы незаметно подменим их ценности на фальшивые и заставим их в эти фальшивые ценности верить“. („რუსეთში ქაოსის დათესვით,” – თქვა ამერიკელმა გენერალმა ალენ დალესმა, აშშ-ის პოლიტიკური დაზვერვის ხელმძღვანელმა ევროპაში, რომელიც მოგვიანებით CIA-ს დირექტორი გახდა  1945 წელს, „ჩვენ ჩუმად ჩავანაცვლებთ მათ ღირებულებებს ყალბით და ვაიძულებთ მათ დაიჯერონ ეს ცრუ ღირებულებები“). შესაბამისად, Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ ციტატა მსგავსი შინაარსით გვხვდება მიტროპოლიტ იოანეს სტატიაში მტკიცებით, რომ იგი ალან დალესს ეკუთვნის. რეალურად კი, როგორც უკვე აღინიშნა, ის საბჭოთა მწერლის რომანიდანაა აღებული და ალან დალესთან არაფერი საერთო არ აქვს.

1993 წელს გავრცელებული ეს თეორია რუსული მედიის ობიექტივში სხვა დროსაც მოხვედრილა, მაგალითად, სატელევიზიო გადაცემაში „ლაპარაკობს ჟურნალისტი“ (Журналист говорит), ალან დალესის შესახებ ისაუბრეს, როგორც რუსეთის განადგურების გეგმის სულის ჩამდგმელზე. აღნიშნული შეთქმულების თეორიის აქტუალობას ადასტურებს ისიც, რომ კონსპირაცია სხვადასხვა პერიოდში  ქართულენოვან სივრცეშიც არაერთხელ გავრცელებულა (ბმული 1, 2, 3).

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]