Home » სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევას გამოეხმაურა და შემდეგი განცხადება გააკეთა: „ეს უბრალოდ ხალხის დაცინვაა. სხვა რომელი პრეზიდენტია ფეხბურთელი? მათ ასევე შეეძლოთ კომიკოსის ან კლოუნის დაყენება”, – ვკითხულობთ პოსტში.

სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია და ზელენსკის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).

სოციალურ ქსელებში (Facebook; X), ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ ანგარიშებსა და ვებგვერდზე მსგავსი ციტატა არ იძებნება. ინტერნეტსივრცეში აღნიშნული ციტატის ძიებისას, ინფორმაციის გამავრცელებლები მხოლოდ რუსული არასანდო ანგარიშები და მედიასაშუალებები არიან (1; 2; 3). მსგავს ციტატას არცერთი სანდო მედიასაშუალება, მათ შორის რუსულენოვანი, არ ავრცელებს.

2024 წლის 14 დეკემბერს 300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. უკრაინის პრეზიდენტი ამ საკითხს არ გამოხმაურებია.

ზელენსკიმ 2024 წლის 11 დეკემბერს, ამერიკულ ტელეკომპანია CBN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისი აზრით, დასავლეთს საკმარისად ძლიერი რეაგირება არ მოუხდენია საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მცდელობებზე, ქვეყანაზე კონტროლი დაამყაროს: „რა ძლიერი ზომები მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა? რა ძლიერი ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა? მე ვერ ვხედავ, გულწრფელად რომ გითხრათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ.

ამგვარად, გავრცელებული ციტატა ყალბია და ის უკრაინის პრეზიდენტს არ ეკუთვნის.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]