სოციალურ ქსელში TikTok და Facebook-ანგარიშები (1; 2; 3), მათ შორის, „POSTV“-ის ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემის ნაწყვეტს ავრცელებენ. ვიდეოში „ბეტმენისა“ და „სპაიდერმენის“ კოსტიუმში ჩაცმული ახალგაზრდები საუბრობენ. ვიდეო იმგვარადაა დაჭრილი, რომ არ ჩანს არც გადაცემის თემა ან განსახილველი საკითხი და არც რესპონდენტების საუბრის სრული ვერსია.
სინამდვილეში, ვიდეო 2021 წელს „ტვ პირველის“ ეთერში გასული გადაცემიდანაა ამოჭრილი, სადაც კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, მათ შორის, ანიმატორების პროტესტს განიხილავდნენ.
გარდა იმისა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს არ აქვს მითითებული თარიღი, მხოლოდ ამ მოჭრილი ციტატის გავრცელება, სადაც არ ჩანს დისკუსიის საკითხი, იმგვარ კონტექსტს უქმნის ვიდეოს, რომ შესაძლოა, მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს და ის 2024 წლის დეკემბერში მიმდინარე პროტესტის ნაწილად აღიქვან.
გავრცელებული ვიდეოს მარცხენა ზედა კუთხეში „ტვ პირველის“ ლოგო, ხოლო ქვედა კუთხეში „რეაქცია შაბათს“ წარწერა ჩანს. ამ უკანასკნელის პირველი გადაცემა ეთერში 2021 წლის 23 იანვარს გავიდა. გადაცემა, სადაც სტუმრად „ბეტმენისა“ და „სპაიდერმენის“ კოსტიუმში ჩაცმული რესპონდენტები საუბრობენ, 2021 წლის 30 იანვრით თარიღდება.
აღნიშნული გადაცემის პირველი ნაწილი საპროტესტო აქციის კადრების გაშუქებით იწყება, სადაც მსვლელობაში მონაწილე მოქალაქეები სამედიცინო პირბადეებით ჩანან და სკანდირებენ ფრაზას: „გახსენით ქვეყანა“. სწორედ ამ მოთხოვნით [„გახსენით ქვეყანა“] 2021 წლის 30 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. მოთხოვნათა შორის იყო კომენდანტის საათის გაუქმება, ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება და საბავშვო ბაღების გახსნა, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა და სხვა.
ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ჰყავდა, კერძოდ, ანიმატორები, ბაზრობის მოვაჭრეები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი, რესტორატორი და სხვა, რომლებსაც კოვიდ რეგულაციებმა ფინანსური ზიანი მიაყენა. გრიგოლიას გადაცემაში აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ ანიმატორებიც. სტუმრების წარდგენისას, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ სპეციალურად არ მოიწვია პოლიტიკოსები და ეთერი დაუთმო ხალხს, ვისაც უშუალოდ შეეხო რეგულაციებისგან გამოწვეული პრობლემები: „დღეს საგანგებოდ არ მოვიწვიე არცერთი პოლიტიკოსი, არცერთი ექსპერტი, ასე ვთქვათ, მოვიწვიე ის აუდიტორია, მოგიწვიეთ ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ შეგეხოთ, ალბათ, ყველას თანაბრად, ის ყველაფერი, რასაც დღეს საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები აპროტესტებენ“.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურადაა დაჭრილი და ორი რესპონდენტის ცალკეული ციტატები უკონტექსტოდაა მოცემული. ვიდეოს პირველ ნაწილში ჩანს ბეტმენის კოსტიუმში ჩაცმული ადამიანი, რომელიც შემდეგ სიტყვებს ამბობს: „მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მივესალმები მოსახლეობას, აგრეთვე თქვენ, ჩემო ძვირფასო აქ მყოფო პიროვნებებო, ადამიანებო. ნამდვილად თქვენგან ადამიანობას ვხედავ, თქვენი თითოეული ნათქვამი ჩემთვის ძალიან ახლოს არის“, – წყდება ციტატა და მას ებმის „სპაიდერმენის“ კოსტიუმში გამოწყობილი რესპონდენტის ნათქვამი, რომ არც ის და არც ბეტმენი არცერთ პარტიას არ ეკუთვნიან.
„ბეტმენის“ ფორმაში მყოფი რესპონდენტის სრული კომენტარიდან ცხადი ხდება, რომ ანიმატორი კოვიდრეგულაციების გამო მისთვის გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობს. ის ამბობს: (4:50-დან) „მე პირდაპირ ვიტყვი, რომ მე ვარ უუნარო უკვე, რადგან სახელმწიფომ ხელ-ფეხი შემიკრა. მე არ შემიძლია ვიმუშაო ჩემი განხრით, რაც შემიძლია ის არ შემიძლია რომ გავაკეთო, რადგან უფლებას არ მაძლევენ, ანუ ყველაფერი უნდა გაიხსნას, არანაირად ეტაპ-ეტაპ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაიხსნას, მაგრამ უნდა იყოს მკაცრი რეგულაციები, ძალიან მკაცრი რეგულაციები, ის გაიხსნება, ეს გაიხსნება, იცით როგორ არის? გაიხსნება რაღაც სფერო, ხმა აღარ ექნებათ ამოსაღები, გაჩერდებიან ისინი, დანარჩენები დავრჩებით მცირე რაოდენობა, რომლებიც ვიყვირებთ. შემდგომ უკვე თქვენ დაგკეტავენ, ჩვენ გაგვხსნიან. ერთი წლის განმავლობაში ერთი ლარიც კი არ გვიშოვია.“
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მეორე ნაწილში ჩანს სპაიდერმენის ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელიც ამბობს: „სკანდირებენ, თითქოს ეს ამ პარტიის წარმომადგენელია, ის იმ პარტიის წარმომადგენელია. არც მე, არც „ბეტმენი“ და არცერთი ადამიანი აქ არანაირი პარტიის წარმომადგენლები არ ვართ.“ რეალურად, ამ სიტყვებამდე ლადო მექვაბიშვილს (პირი „სპაიდერმენის“ კოსტიუმით) საკმაოდ დიდი მონოლოგი ჰქონდა, კერძოდ, მან თქვა: (9:54-დან) „წელიწადი სრულდება უკვე, რაც უმუშევრად ვართ დარჩენილი არა მარტო მე და ნოდარი (ანიმატორი „ბეტმენის“ კოსტიუმით), არამედ უამრავი ადამიანი, რომელი ადამიანებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებულები და აქ არ არის საუბარი 5-10-20-30 ადამიანზე, აქ არის ასობით და ათასობით ადამიანზე საუბარი, რომელი ადამიანებიც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაგვტოვეს ულუკმაპუროდ და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე.“
გარდა ამისა, ლადო მექვაბიშვილი გადაცემაში ონლაინ გაკვეთილების საკითხსაც შეეხო: „თუ ბატონი პრემიერის და ამ თანამდებობის მქონე პირების შვილებს აქვთ იმის საშუალება, რომ რეპეტიტორები აიყვანონ და არ ჩამორჩნენ სწავლას, ჩვენც ადამიანები ვართ, რეპეტიტორის თანხა კი არა, იმას ვფიქრობთ, რა ვჭამოთ. და მე მინდა კიდე მივმართო იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც გვაიგივებენ, რომ სკანდირებენ, თითქოს ეს ამ პარტიის წარმომადგენელია, ის იმ პარტიის წარმომადგენელია. არც მე, არც „ბეტმენი“ და არცერთი ადამიანი აქ არანაირი პარტიის წარმომადგენლები არ ვართ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელი ადამიანებიც, ამ ერთი წლის განმავლობაში, ამ უნიათო მთავრობის შედეგად დავკარგეთ ყველაფერი და დავრჩით ცარიელ-ტარიელები.“
შესაბამისად, გავრცელებული ნაწყვეტი ინგა გრიგოლიას გადაცემიდან „რეაქცია შაბათს“ 2021 წელსაა გადაღებული, რომელიც კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებულ პროტესტს ეხებოდა. ვიდეო მანიპულაციურადაა დაჭრილი და რესპონდენტების მხოლოდ ის ციტატაა კონტექსტისა და თარიღის მითითების უგულებელყოფით გავრცელებული, რამაც შესაძლოა სოციალური ქსელების მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს.