Home » სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, თითქოს მასზე გამოსახული ადამიანები „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ჩამოსული შვედი აქტივისტები არიან
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, თითქოს მასზე გამოსახული ადამიანები „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ჩამოსული შვედი აქტივისტები არიან

სოციალურ ქსელებში, TikTok-სა და Facebook-ზე ვრცელდება ფოტო, რომელზეც პირსინგებიანი და ტატუაჟიანი ახალგაზრდა მამაკაცები არიან გამოსახული. ფოტოს თან ახლავს წარწერა: „ჩამოვედით შვედეთიდან რათა ქოციანობა დასრულდეს საქართველოში! მთავრობა გადაყირავდება“ – შვედი აქტივისტები“. რეალურად, წარწერა ყალბია, ფოტოზე გამოსახული ადამიანების ვინაობა უცნობია.

შვედი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის საქართველოში ვიზიტისა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა თუ კლიმატური ცვლილების 2024 წლის კონფერენციასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ სოციალურ ქსელში თურნბერგისა და მისი კოლეგა აქტივისტების შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. მაგალითად, „ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა დეზინფორმაცია, რომელიც გრეტა თუნბერგს გამოგონილ ციტატას მიაწერდა და გამოააშკარავა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო-პოსტი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა შვედი პარლამენტარი, ჯონათან ლიამი თბილისში მთავრობის გადატრიალებისთვის ჩამოვიდა (1, 2).

„ჯეოფაქტსმა“ ფოტოების ძებნის ინსტრუმენტი გამოიყენა და დაადგინა, რომ პოსტში გამოყენებული ფოტო რეალურად ვიზუალური საძიებო სისტემიდან, Pinterest-დან და/ან X (ყოფილი Twitter) პლატფორმიდანაა აღებული. X-ზე აღნიშნული ფოტო 2024 წლის იანვარშია გამოქვეყნებული. რეალურ ფოტოზე წარწერა, რომელიც ქართულენოვან პოსტშია მოცემული, არ გვხვდება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ არც ერთ ქართულ თუ უცხოენოვან სანდო მედიაში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში, გრეტა თუნბერგის გარდა, შვედი აქტივისტები იმყოფებიან და ანტი-სახელისუფლებო გამოსვლებს გეგმავენ.

საგულისხმოა, რომ TikTok-ზე პოსტს ავრცელებს მომხმარებელი citizen000007, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გრეტა თუნბერგის შესახებ „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (იხ. სტატიის ბმული 1, ბმული 2).

ამრიგად, გავრცელებული სიმართლეს არ შეესაბამება.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]