სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამჯერად მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ციტატას აქვეყნებს: „ასეთი ძლიერი და დიდი ქვეყანაა, მაგრამ ჰიბრიდულ თავდასხმებს ვერ უმკლავდებოდა! საჭირო იყო Fox News-ის დახურვა, არჩევნების წინა დღეს შეეძლოთ ოპოზიციის კანდიდატის მოხსნა და ხიდების დანაღმვა. ნუ, ჩემი სწავლება არ სჭირდებათ… მე ვნერვიულობ, უფრო მეტად, ვიდრე მოლდოვაში დამარცხება“, – ვკითხულობთ პოსტში. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და მოლდოვის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).
სოციალურ ქსელებში (Facebook; X), მაია სანდუს ოფიციალურ ანგარიშებზე მსგავსი ციტატა არ იძებნება. ინტერნეტსივრცეში აღნიშნული ციტატის ძიებისას, ინფორმაციის გამავრცელებლები მხოლოდ რუსული არასანდო ანგარიშები და მედიასაშუალებები არიან (1; 2). მსგავს ციტატას არცერთი სანდო მედიასაშუალება, მათ შორის რუსულენოვანი, არ ავრცელებს.
2024 წლის 6 ნოემბერს მაია სანდუმ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და X-ზე შესაბამისი პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ასევე წერია: „მოლდოვა უფრთხილდება ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენი ხალხის მეტი კეთილდღეობისა და უსაფრთხო მომავლისთვის“.
ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია.