სოციალურ ქსელში 7 ნოემბერს გავრცელდა მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის ვიდეო, სადაც მისი ხმა რედაქტირებულია. კერძოდ, ანონიმურმა Facebook-გვერდმა „მიხეილ განუბაჟებელი“ და Facebook-ანგარიშმა David Tordia გამოაქვეყნეს ვიდეო (იხილეთ ბმული 1, 2), სადაც დიმიტრი ტატიშვილი ამბობს: „ტეხავს ნაცობა, აშკარად ეგრეა. ნაღდად ტეხავს. ნაცები ვინც ვართ ყველას გვიტყდება. ადრე ამით რომ მოგვქონდა თავი, ახლა ვეღარ ვტრაბახობთ. ნაცობა მენტალური მდგომარეობაა, სამწუხაროდ რა საკვირველია, რომელიც დაკავშირებულია ფანატიკოსობასთან, ძალაუფლების წყურვილთან, ტრადიციების უპატივცემულობასთან, ანუ სიბნელესთან რა და ეს ტეხავს და ამას უკვე ძალაუფლებას მოწყურებული ნაცებიც ვიაზრებთ, რომ ტეხავს“ (იხილეთ დაარქივებული ვიდეო).
იდენტური ვიდეო ასევე გავრცელდა TikTok-ზე ანონიმური ანგარიშის „გამოიწერე“ მიერ.
რეალურ ვიდეოში (დაარქივებული ვიდეო), რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა, მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი, სინამდვილეში, ამბობს „ტეხავს ქოცობა. აშკარად ეგრეა. ნაღდად ტეხავს, აი ქოცები ვინც არიან იმათაც უტყდებათ. ადრე რომ ამით მოჰქონდათ თავი, ახლა ვეღარ ტრაბახობენ. ქოცობა მენტალური დაავადება, სამწუხაროდ რა საკვირველია, რომელიც დაკავშირებულია უმეცრებასთან, სიხარბესთან, მონურ დამოკიდებულებასთან, მონურ აზროვნებასთან, სიბნელესთან რა ძირითადად. ჰოდა ეს ტეხავს და ეს ამ ბნელებმაც იციან, რომ ტეხავს, ჰოდა ეს მასობრივი ამბავია. ჩემი აზრით, საზოგადოება ძალიან მომწიფდა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსეთი განდევნოს საქართველოდან, რა თქმა უნდა, ეს არის რეფერენდუმი, რა თქმა უნდა, ეს არის არჩევანი ჩვენ ისევ რუსეთის ამ ჭაობში ჩავეფლობით, თუ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი გავხდებით. მენტალურად ჩვენ მზად ვართ ამისთვის დიდი ხანია უკვე. სამწუხაროდ, რუსეთს თავისი საცეცები ქმედითად აქვს საქართველოში შემოშვებული და უნდა ჩავჭრათ ეს საცეცები. ეს იქნება პირველი ნაბიჯი 26-ში ამ საცეცების ჩაჭრის და ბოლომდე გათავისუფლების ამ გამხრწნელი რაღაცა ჭაობისგან, რომელიც არაფერს კარგს არასოდეს არ მოგვიტანს, არც მოუტანია და არც მოგვიტანს არასდროს”.
ვინაიდან რედაქტირებულ აუდიო ჩანაწერში გაჟღერებული ხმა, ჰგავს დიმიტრი ტატიშვილის რეალურ ხმას, ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის შესახებ საუბრობს. ეს კი პოლიტიკურ საკითხებზე მის შეხედულებებს მცდარად წარმოადგენს. რეალურად, მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი იყენებს ტერმინს „ქოცობა“.
შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში მსახიობის სიტყვები რედაქტირებულია და რეალობას არ შეესაბამება.