Home » დეზინფორმაცია ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც წერს: „ბაიდენმა ანუ არჩევნები კი ჩატარდა სამართლიანადო, მაგრამ შარს ვიპოვით, ეგ არაა პრობლემაო, თუ გინდათ ვაღიაროთ გააუქმეთ ის კანონებიო და ვაღიარებთო? ეხ, ისევ ამათ ეხვეწება. გვარამია და სალომე სულ არ აინტერესებს. სალომეზე საქმე აღიძრა ისე. ვერ დატოვებს საქართველოს ვადა რომ გაუვა“. რეალურად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ვაშინგტონის თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, იხილეთ ქართული თარგმანი:

„ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამიტომ, ღრმად ვარ შეშფოთებული ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონების მსგავსად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს.

ახლახან ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” ან კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყოვნებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება”.

შესაბამისად, ბაიდენის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს რამდენიმე  ტიპის დარღვევას და ზოგადად, საარჩევნო გარემოს – საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებებზე დაყრდნობით, არათავისუფლად და არასამართლიანად აფასებს. ბაიდენის განცხადება არ შეიცავს არც საქართველოს არჩევნების აღიარების და არც არაღიარების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულზე დაყრდნობით მტკიცება, რომ ჯო ბაიდენმა განაცხადა, თითქოს არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, მცდარია. გარდა ამისა, მცდარია ისიც, რომ იგი არჩევნების აღიარების სანაცვლოდ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს მთავრობას.  ბაიდენი აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური მომავლის შესანარჩუნებლად უნდა მოიმოქმედოს ყველაფერი და სხვა კომპონენტებთან ერთად ე.წ. „რუსული კანონის“ გაუქმებას სწორედ ამის მაგალითად ასახელებს.

ამრიგად, პოსტში გამოთქმული მტკიცება ყალბია.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს პრეზიდენტმა ბაიდენმა არჩევნების შედეგები არ აღიარა, სხვა მომხმარებელმაც გაავრცელა (მაგალითად, იხილეთ პოსტი):

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]