სოციალურ ქსელებში, TikTok-სა და Facebook-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გაყალბებული ციტატაა ნაჩვენები. კერძოდ, ვიდეოს მიხედვით, სააკაშვილმა თქვა: „ჩემს თავისუფლებას თუ არ მოითხოვთ, მიმიფურთხებია თქვენი პროტესტისთვის“. რეალურად, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ციტატა ღია წყაროებსა და სანდო მედიებში არ იძებნება.
საქართველოს ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს, სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6-წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილი დააკავა და მას ბრალი 4+1 საქმეზე წარედგინა (ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეები, „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები).
მის განცხადებებში, არც ღია წყაროებსა თუ სანდო მედიებში არ იძებნება პოსტში მოცემული ციტატა.
ექს-პრეზიდენტი მსჯავრდებულის პოზიციიდან ხშირად ავრცელებს განცხადებებს სხვადასხვა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ. მათ შორისაა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზნით გამართული საპროტესტო დემონსტრაციებიც. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით განპირობებული არასტაბილურობის ფონზე 28 ოქტომბერს გამართულ აქციაზე სააკაშვილმა შემდეგი განცხადება გაავრცელა: „ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად. ჩვენ ხალხს უნდა გავაცნოთ გეგმა, რომ არათუ არ შენელდეს პროტესტი, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, სანამ წელში არ გადავტეხავთ მოძალადე რეჟიმს!“.
როგორც ზემოთ მოყვანილ ციტატაში სააკაშვილმა მხარი დაუჭირა პროტესტს და მისთვის არ დაუვალდებულებია მისი გათავისუფლების მოთხოვნის დაყენება. მაგალითისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ თინა ბოკუჩავას მადლობა გადაუხადა 28 ოქტომბრის პროტესტზე მისი ხსნებისთვისაც კი. კერძოდ, თინა ბოკუჩავა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეკრებილ ხალხს მიმართა, რომ მათ იმედით უყურებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა საქართველოში.
ამრიგად, ვიდეოში გამოთქმული მტკიცება ყალბია.