Home » აბსურდულია მტკიცება, რომ ჯაშუშებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია და ტყუილია, რომ შესაძლებელია დადგინდეს, არჩევნებზე რომელმა ამომრჩეველმა რომელი პარტია აირჩია
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

აბსურდულია მტკიცება, რომ ჯაშუშებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია და ტყუილია, რომ შესაძლებელია დადგინდეს, არჩევნებზე რომელმა ამომრჩეველმა რომელი პარტია აირჩია

სოციალურ ქსელში Facebook ანგარიში – „ანტი ნაცური პოლიტიკა“ საინფორმაციო ბარათს ავრცელებს. ბარათის მიხედვით, „ჯაშუშებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია. არჩევნების შემდეგ გასამართლდებიან ხაზარაძის და გახარიას ამომრჩევლები“ (არქივირებული ბმული).

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ჯაშუშობა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია  (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 314), რომელიც თავისუფლების აღკვეთით, რვიდან თორმეტ წლამდე ვადით ისჯება. თუ ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა ამა თუ იმ პირის მიერ ჯაშუშობის შესაძლო ჩადენაზე მიანიშნებს, მას ბრალი წარედგინება და საქმე სისხლის სამართლის წესით განიხილება.

ცხადია, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას ჯაშუშად მოხსენიება სამართლებრივი არგუმენტებისგან დაცლილი და მათ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ჯაშუშებად მოხსენიებული საარჩევნო სუბიექტებისთვის ხმის მიცემის დანაშაულად წარმოჩენა ასევე აბსურდულია და მტკიცების ერთადერთი მიზანი ამომრჩეველზე ზეწოლის განხორციელებაა. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ ასევე, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებია, რომელთა მხარდაჭერა მოქალაქის აქტიური საარჩევნო უფლებაა.

გარდა ამისა, პოსტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ორი პარტიის ამომრჩევლის გასამართლება მოხდება. აღნიშნულ მტკიცებაში იგულისხმება, რომ შესაძლებელია, კონკრეტული პარტიების ამომრჩევლების იდენტიფიცირება და იმის დადგენა, თუ ვინ გააფერადეს ბიულეტენზე. რეალურად, ხმის მიცემა ფარულია და ვერავინ შეძლებს გაგებას, ამომრჩეველმა უპირატესობა ვის მიანიჭა.

არჩევნებში ხმის ფარულობა დაცულია, როგორც იურიდიულად, ასევე ტექნიკურად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტი აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V-ის მიერ ჩატარდა. აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი ზედმიწევნით არის რეგულირებული და სტრუქტურირებული ისე, რომ ამომრჩევლის არჩევანი არ იყოს გამჟღავნებული.

ამერიკული კომპანია ProV&V-ის მიერ ჩატარებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტების მიხედვით, ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული, ამასთან, კავშირი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატსა და ხმის მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობას შორის არ არსებობს, რაც დაფიქსირებულ ხმას და ამომრჩეველს შორის რაიმე კავშირის დადგენას გამორიცხავს.

ამავდროულად, ბიულეტენი არ არის დანომრილი და არ შეიცავს ციფრულ ინფორმაციას, რომელიც ამომრჩეველსა და მის არჩევანს პოტენციურად დააკავშირებს. ბიულეტენზე განთავსებული QR კოდი მხოლოდ საარჩევნო ოლქის და საარჩევნო უბნის ნომერს შეიცავს. შესაბამისად, ბიულეტენის კონკრეტულ ამომრჩეველთან ასოცირება შეუძლებელია.

ხმის ფარულობის შესახებ საუბრობს დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და შეუძლებელია ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის გადამოწმება, მათ შორის, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ საარჩევნო უბნებზეც“.  აღნიშნულზე „ჯეოფაქტსი“ აქამდეც წერდა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,  საინფორმაციო ბარათზე დატანილი მტკიცებები აბსურდულია. მათი მიზანი საარჩევნო სუბიექტების დისკრედიტაცია, ამომრჩევლებზე მორალური ზეწოლის განხორციელება და საბოლოო ჯამში, მათ თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენაა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]