სოციალურ ქსელში ანტი-ოპოზიციური ანონიმური Facebook-გვერდები „Pოლიტიკა“ და „ქვეყნის მტრები“, ასევე ტიკტოკ-ანგარიში “Avoe.ge”, ავრცელებენ პოსტს, რომელშიც ვკითხულობთ: „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს! გთხოვთ, შემოგვიერთდით თავისუფლების მოედანზე, რათა დავუჩოქოთ უკრაინელებს და ამ ჟესტით გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინელი ხალხის მიმართ. ისინი ჩვენ მაგივრად იბრძვიან! ჩვენი ორგანიზაციის აზრით, მათ წინაშე მუხლის მოყრა ხელს შეუწყობს მეგობრულ ურთიერთობებს და მკაფიოდ გამოხატავს სოლიდარობას!“. აღნიშნულ პოსტებზე თანდართულია აღწერა „სულ გაგიჟდნენ ეს ნაცები“. სინამდვილეში, პოსტი ყალბია. მსგავსი მოწოდება აღნიშნული გვერდების გარდა სხვა ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში არ იძებნება.
„ჯეოფაქტსმა“ Google-ის და Meta-ს საძიებო სისტემებში გადაამოწმა და მსგავსი შინაარსის მოწოდება ვერცერთ სხვა ვებგვერდსა თუ სოციალური ქსელის გვერდზე ან პროფილზე იპოვა. მოწოდების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არცერთ სანდო მედიას. ამავდროულად, პოსტში წერია, რომ „ჩვენი ორგანიზაციის აზრით, მათ წინაშე მუხლის მოყრა ხელს შეუწყობს მეგობრულ ურთიერთობებს“, თუმცა არ არის დაკონკრეტებული თუ რომელმა ორგანიზაციამ გაავრცელა მოწოდება. როგორც ანონიმური გვერდების, „Pოლიტიკა“ და „ქვეყნის მტრები“, აღწერაში ვკითხულობთ – „სულ გაგიჟდნენ ეს ნაცები“, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, ან პარტიის ლიდერების, მიხეილ სააკაშვილის, სოფო ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, გია ჯაფარიძის თუ პარტიის სხვა წევრების გვერდებზე მსგავსი შინაარსის პოსტს არ ვხვდებით. უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩამდე თავისუფლების მოედანზე დაჩოქვის მოწოდება მათ არც სხვა წყაროებიდან გაუკეთებიათ.
ასევე საყურადღებოა, რომ ანონიმურმა გვერდებმა Facebook-სა და ტიკტოკ-ზე ყალბი პოსტი ერთიდაიმავე დროს გამოაქვეყნეს, Facebook- გვერდებმა „Pოლიტიკა“ და „ქვეყნის მტრები“ კი პოსტს ზუსტად ერთიდაიგივე აღწერა დაურთეს, რაც მიუთითებს, რომ ანონიმური გვერდები რამდენიმე პლატფორმაზე კოორდინირებულად მოქმედებენ. კოორდინირებულად და ანონიმურად მოქმედი გვერდები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას.
აქედან გამომდინარე, მოწოდება, უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ თავისუფლების მოედანზე უკრაინელებისთვის დაჩოქვის შესახებ, ყალბია და ანონიმური გვერდების მიერ არის მოგონილი.