Home » სოციალურ ქსელში ქარიშხალ „ჰელენის“ შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ქარიშხალ „ჰელენის“ შესახებ კონსპირაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული) ქარიშხალი ჰელენის ხელოვნური მოდიფიკაციის შესახებ სათაურით:  „არც ამას მოგიყვებიან (ჯერჯერობით) ტელევიზიებით. ცოტამ თუ იცის, რომ „ღრმა სახელმწიფო“ ამინდით მანიპულირებს ჯერ კიდევ 1947 წლიდან. ესეც გამოაშკარავებულია… ტექნოლოგიები გაცილებით წინ არის, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. დღემდე ყველა სფეროში ინფორმაციული ვაკუუმი იყო შექმნილი“. რეალურად, ავტორის მტკიცება შეთქმულების თეორიას წარმოადგენს და სინამდვილეს არ შეესაბამება.

გავრცელებული პოსტი ორ მტკიცებას მოიცავს. პირველის თანახმად, პოსტზე თანდართული ვიდეო ასახავს სხვადასხვა სტიქიურ უბედურებას, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილ ამინდს უკავშირდება. მეორე მტკიცების მიხედვით, ფლორიდაში 26 სექტემბერს მომხდარი ქარიშხალი ჰელენი ე.წ. „Deep State-ის“ ხელოვნური მანიპულაციის შედეგია, რაც ამინდის ცვლილებისთვის 1947 წლიდან მიმდინარეობს. ორივე მათგანი ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციული თეორიების ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ქარიშხალი „ჰელენის“ შემდეგ სოციალურ ქსელებში, როგორც უცხოენოვან, ისე ქართულენოვან პლატფორმებზე, ბევრნაირი კონსპირაციული თეორია გავრცელდა.  მაგალითად, შეთქმულების თეორია იმის შესახებ, რომ ქარიშხალი „ჰელენი“ ამინდის განზრახული ცვლილების შედეგი იყო, ამერიკულმა Politifact-მაც გადაამოწმა.

ქარიშხლების შესახებ, რომელიც აშშ-ში საკმაოდ ხშირ სტიქიურ მოვლენას წარმოადგენს, მრავალი კონსპირაცია არსებობს. მაგალითად, არსებობს ანტისემიტური შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც, ებრაელები მსოფლიო მმართველობისა და, შესაბამისად, ამინდის კონტროლის სათავეშიც დგანან.

ქარიშხლისა თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების საკითხებზე კონსპირაციები მეტწილად ორ მთავარ თეორიას მოიცავს ხოლმე: აშშ-ის მთავრობა ამინდს აკონტროლებს HAARP-ის (High Frequency Active Auroral Research Program) ტექნოლოგიის მეშვეობით; და ხელოვნური ამინდის გამოწვევა ე.წ. „ქიმტრეილებით“ (საჰაერო ტრანსპორტის კვამლის ქიმიური ნარჩენებით) არის შესაძლებელი.

პოსტის ვიდეოში გამოთქმული მტკიცებაც, რომ აშშ-ის მთავრობა ხელოვნურად ქმნის ამინდს და აკონტროლებს სტიქიურ მოვლენებს საკუთარი ინტერესების მიხედვით, გავრცელებული შეთქმულების თეორიაა. აღნიშნული შეთქმულების საფუძვლად კონსპიროლოგები აშშ-ის მთავრობის ექსპერიმენტულ მცდელობებს იყენებენ ხოლმე, რომელთა დროს „ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია“ (NOAA) ქარიშხლების შეჩერების/მიმართულების შეცვლას ცდილობდა. მაგალითისთვის, 1947 წლის პროექტი Cirrus, როდესაც აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლითაც ქარიშხლის ღრუბლის წინასწარი მოდიფიკაცია უნდა მომხდარი მასში მშრალი ყინულის დანერგვით; ან 1960-იანი წლების პროექტი Stormfury, რომლის ფარგლებშიც უკვე არსებული ქარიშხლის მშრალი ყინულით მოდიფიკაცია იგეგმებოდა უსწრაფესი ქარების სიჩქარის და, შესაბამისად, ზიანის შესამცირებლად. მიუხედავად იმისა, რომ NOAA-ს მიერ ჩატარებულ 4 ექსპერიმენტს გარკვეული შედეგი ჰქონდა – დადგინდა, როგორ შეიძლებოდა ქარიშხლის უსწრაფესი ქარების შემცირება – NOAA-ს 1983 წლის შემდეგ მსგავსი პროექტი აღარ ჩაუტარებია. ქარიშხლის კონტროლის ექსპერიმენტების შეწყვეტის მიზეზად დასკვნების არასაკმარისი სიცხადე და გაუთვალისწინებელი შედეგები დასახელდა.

შესაბამისად, აშშ-ის ხელისუფლებას ქარიშხლის სისწრაფის შემცირების მიზნით, მისი კონტროლის მცდელობები ჰქონდა. თუმცა მტკიცება, რომ 2024 წლის 26 სექტემბრის ქარიშხალი „ჰელენი“ NOAA-ს შექმნილი იყო, ყალბია. NOAA-ს საჯარო საქმეთა დირექტორის, მონიკა ალენის თქმით, 1983 წლის შემდეგ ორგანიზაციას იმგვარი აქტივობები არ ჰქონია, რაც ქარიშხალ „ჰელენს“ გამოიწვევდა

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ქარიშხალი „ჰელენის“ შემდეგ კონსპიროლოგებმა გაავრცელეს თეორია, რომ ვაშინგტონმა გამოიყენა ამინდის კონტროლის ტექნოლოგია, რათა მიემართა „ჰელენი“ რესპუბლიკელი ამომრჩევლისკენ ფლორიდაში (იმ არეალში, სადაც რესპუბლიკელი ამომრჩეველი დომინირებს). შეთქმულების თანახმად, მიზანია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა, კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს. აღნიშნული მტკიცება ყალბია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, Deep State-ის ფარგლებში, უხილავი მთავრობის არსებობა აშშ-ის ოფიციალური ხელისუფლების პარალელურად არ დასტურდება ფაქტობრივი ცნობებით და თავად წარმოადგენს შეთქმულების თეორიას. ასევე, როგორც უკვე აღინიშნა, აშშ-ის ხელისუფლებას NOAA-ს ფარგლებში ქარიშხლების კონტროლის პროექტები ჰქონდა მათი დასუსტებისა და სავარაუდო ზიანის შემცირებისთვის. თუმცა, 1983 წლის შემდეგ ქარიშხლებისა და ამინდის კონტროლის მცდელობა არ ჰქონია. გარდა ამისა, Deep State ტერმინი თურქეთის პოლიტიკური სიტუაციის ჭრილში გაჩნდა 1990-იან წლებში და მხოლოდ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გვხვდება ამერიკულ პოლიტიკაში უხილავი მთავრობის თეორიის აღსაწერად, შესაბამისად, 1947 წლიდან Deep State-ის მიერ ამინდის კონტროლი ქრონოლოგიურადაც არასწორია.

ამრიგად, პოსტში გამოთქმული მტკიცებები ტყუილია.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]