Home » სოციალურ ქსელში ადრენოქრომის შესახებ კონსპირაციული თეორია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ადრენოქრომის შესახებ კონსპირაციული თეორია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული) შემდეგი მტკიცებით: „ადრენოქრომი არის ჰორმონი რომელსაც წამების შედეგად გამოჰყოფს ბავშვის თავის ტვინი.  მას აქვს აღმდგენი და გამაახალგაზრდავებელი ფუნქცია.  გატაცებაში და ტრეფიკინგში ჩართული ქარხნები ამზადებენ ამპულებში და ცეცხლის ფასად ჰყიდიან ცნობად მანიაკებზე. ე.წ ელიტები მას მოიხმარენ ინექციის სახით, რათა შეაჩერონ დაბერების პროცესი  და დროში გაიწელოს  სიკვდილიც. ადრენოქრომის გვერდითი ეფექტი კი ერთი თვალის ჩალურჯებით გამოიხატება“. რეალურად, აღნიშნული მტკიცება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსპირაციის ნაწილია და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს.

ადრენოქრომი ხშირად ხდება ხოლმე კონსპირაციული თეორიის საფუძველი, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებაში ძალაუფლებისა და გავლენის მქონე პირები ადრენოქრომს ტრეფიკინგის საშუალებით გატაცებული ბავშვების წამებით იღებენ და მიღებულ ადრენოქრომს ნარკოტიკული მიზნებით ან დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატად იყენებენ. აღნიშნული შეთქმულების თეორია უპირველესად ამერიკულ ულტრა-მემარჯვენე კონსპიროლოგების ჯგუფს, QAnon-ის მხარდამჭერებს უკავშირდება. კერძოდ, QAnon წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ თეორიას, რომელიც ამბობს, რომ მთავრობაში (მეტწილად ამერიკელი დემოკრატები), მედიასა და ბიზნესში არსებობენ გავლენიან პედოფილები, რომლებიც ეწევიან ბავშვების ექსპლუატაციას. მათი თქმით, ყოველწლიურად ათასობით ბავშვი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელთაც სატანისტური რიტუალების დროს აწამებენ. წამების დროს სტრესი მათში ადრენალინის მოზღვავებას იწვევს, რომლის ჟანგბადთან ურთიერთქმედებითაც იღებენ ადრენოქრომს. კონსპირაციის თანახმად, ნივთიერებას ბავშვების სისხლიდან, ტვინიდან და/ან სხვა ნაწილებიდან იღებენ. თეორიის მიმდევრების აზრით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწორედ აღნიშნულ ჯგუფებს ებრძვის და, შესაბამისად, ელიტებისთვის ექსპრეზიდენტი არასასურველი პოლიტიკური ფიგურაა. სწორედ ამით აიხსნება QAnon-ის მხარდამჭერების თავდასხმა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზეც. აღსანიშნავია, რომ QAnon-ის მხარდამჭერები FBI-მ 2019 წელს შიდა ტერორიზმის საფრთხედ გამოაცხადა.

QAnon კონსპირაცია თავდაპირველად 2017 წელს გამოჩნდა 4chan-ის პლატფორმაზე, სადაც ანონიმურმა მომხმარებელმა სახელად Q განაცხადა, რომ მას ჰქონდა აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურების მხარდაჭერა (Q clearance) და გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე წვდომა. მისი ანონიმური პოსტები მეტწილად ტრამპის მხარდასაჭერი ლოზუნგებითა და განცხადებებით გამოირჩეოდა.

რეალურად, ადრენოქრომი წარმოადგენს ქიმიურად მარტივად მისაღებ ნაერთს, რომელიც ადრენალინის დაჟანგვის (ჟანგბადთან ურთიერთქმედებით მიიღება). მას შეუძლია სისხლის დაკარგვის/გამოდინების შენელება და ღია ჭრილობებში სისხლის შედედების ხელშეწყობა. ხშირად, ადრენოქრომს ფსიქოდელიურ ნაერთადაც მოიხსენიებენ. 1950-იან წლებში კანადელმა ფსიქიატრებმა შიზოფრენიისა და ადრენოქრომის მიერ გამოწვეული ჰალუცინაციები ერთმანეთს მიამსგავსეს და სწორედ ამიტომ, სამედიცინო სივრცეში წარმოაყენეს „ადრენოქრომის ჰიპოთეზა“, რომლის მიხედვითაც შიზოფრენია (და ზოგადად ჰალუცინაციები) ორგანიზმში ადრენოქრომის აკუმულაციით გამოიწვევა. თუმცა სამედიცინო სფეროში აღნიშნულმა ჰიპოთეზამ მხარდაჭერა ვერ პოვა და ადრენოქრომის ფსიქოდელიურობაც არ დასტურდება.

რაც შეეხება კონსპირაციას, რომ „ელიტისტები“ ბავშვების ტრეფიკინგსა და მათგან ადრენოქრომის მიღებაში არიან ჩართულნი, საფრანგეთის დამოკიდებულებების ასოციაციის (Association Addictions France) პრეზიდენტის თქმით, „წმინდა წყლის მითია“. ადრენოქრომი ბუნებრივად წარმოქმნილი ნაერთია და არ წარმოადგენს ნარკოტიკს ან წამალს – არ გააჩნია კომერციული რეალიზაცია ან სამედიცინო გამოყენება.

ამრიგად, ავტორის მტკიცება შეთქმულების თეორიას წარმოადგენს და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]