Home » სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მანიპულაციურად დაჭრილი ვიდეოკადრებით ცდილობს, ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები ომის მხარდამჭერებად წარმოაჩინოს
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მანიპულაციურად დაჭრილი ვიდეოკადრებით ცდილობს, ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები ომის მხარდამჭერებად წარმოაჩინოს

სოციალურ ქსელებში Facebook-სა და TikTok-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქართველი პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ამოჭრილი ციტატებია მოცემული. ვიდეო ამტკიცებს, რომ  მასში ნაჩვენებ ადამიანებს საქართველოში ომი სურთ (ბმული 1, ბმული 2). აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეო „ქართული ოცნების“ ოფიციალურ Facebook-გვერდზეც გამოქვეყნდა  (დაარქივებული ბმული) შემდეგი წარწერით: არა ომს! არა აგენტურას! აირჩიე 41-„ქართული ოცნება“.

ვიდეოში  თითქმის  ყველა მონაკვეთი იმგვარად არის დამუშავებული, რომ   მონაწილე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და მათ რეალურ კონტექსტზე არასწორი წარმოდგენა შექმნას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრის, გიგი უგულავას განცხადება

ვიდეოკოლაჟის დასაწყისში ნაჩვენებია ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ეპიზოდი, მისი სტუმრობიდან TV Georgian Times-ის გადაცემაში „დროული კითხვები“. ვიდეოს მოჭრილ მონაკვეთში ისმის უგულავას საუბარი, სადაც ის ამბობს, რომ „ომიც მოსულა, კი, მოსულა, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგოს“.

სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ უგულავა ამბობს: „ეს ოპოზიციის კეკლუცი რომ ვაიმე ის არ დამიძახონ, რაც გინდა ის დაგიძახონ. საარჩევნო პერიოდი… არჩევნები არ იქნება თუ რუსი მოვიდა. და რაა მერე, ომის პარტიას დაგიძახებენ, დამიძახონ, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი მოსულა, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგოს. უნდა გაიგოს ყველამ, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება, დამიძახონ რაც უნდათ“. შესაბამისად, აღნიშნულ ვიდეოში გიგი უგულავა ხელისუფლების გზავნილებზე საუბრობს და ზოგად პოსტულატს აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის დასაცავად შესაძლოა, ომიც საჭირო იყოს. სრულ ვიდეოში არ დასტურდება, რომ გიგი უგულავა ომის დაწყებას ითხოვს.

პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადება

ამის შემდეგ, ჩანს პროფესორისა და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის კადრი, რომელშიც ის ამბობს: „თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს“.

აღნიშნული სიტყვები ამოჭრილია „მთავარი არხის“ გადაცემიდან, რომელშიც ლევან ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ კამპანიისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ საუბრობს: „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ რამენაირად დაიმორჩილონ საზოგადოება და აიძულონ დაემორჩილოს იმ ხაზს, რომელიც თავისუფლების შემთხვევაში ძნელი გასატარებელია. საქართველოს დამონება ძალიან ძნელია და მე არც მგონია, რომ ეს შესაძლებელი ამოცანაა, მაგრამ თუკი ვიღაცა ნაბიჯებს დგამს რუსეთისკენ, მას აუცილებლად დასჭირდება ასეთი კანონები, რიტორიკა. თავიდანვე, როგორც კი ითქვა, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ღირებულება, თავისთავად, ვინ შეიძლება შეეკამათოს, ამაშია მთელი მუღამი ამისი, ისეთ რამეს ამბობენაბა ომი გინდათ? უნდა გითხრათ, რომ თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს და დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი. თუ ვინმეს ამაში რამე ეჭვი ეპარება, უბრალოდ ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს, მაგრამ მშვიდობას თუ გამოაცხადებ და უსაფრთხოებას მთავარ ღირებულებად, მაშინ დათმეთო ბატონო თავისუფლება, ესაა სულ მათი ფილოსოფია, ღრმა აზრები მათ არ აწუხებთ. ეს კანონიც არის იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორი, როგორც ასეთი, დაუმორჩილებელი სექტორი, იქნებ დაიმორჩილონ. აქ არის კუნძულები ქვეყანაში, დაუმორჩილებლობის, მაგალითად, მწერლობას ვერაფერი ვერ უქნეს“.

შესაბამისად, სრულ მონაკვეთში ლევან ბერძენიშვილი ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებს, გავრცელებული კოლაჟი მცდარად წარმოაჩენს ბერძენიშვილის ნათქვამს იმის მტკიცებულებად, რომ თითქოს მას ქვეყანაში ომი სურს. მეტიც, სრულ განცხადებაში ჩანს, რომ ის მშვიდობას, როგორც ყველაზე დიდ ღირებულებას, ისე მოიხსენიებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება

ვიდეოში ასევე მოცემულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება: „თუ ომი საჭიროა, დიახ – ომი მინდა!“. ჭიაბერაშვილის ეს მონაკვეთი ამოჭრილია 2022 წლის 5 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერიდან, სადაც ის ამბობს: „პოლიტიკურმა პარტიებმა გაცილებით თამამად უნდა ილაპარაკონ და დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რაც, საბოლოო ჯამში, ავტორიტარული რეჟიმების დანგრევას სჭირდება. პირველი, მთავარი არის გამართული მესიჯი. როდესაც პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ არა თავის საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ კობახიძის დაბრალებაზე პასუხის გაცემით… იმ წუთას ოპოზიციის ამომრჩეველი არ გრძნობს, რომ ძალა მოდის. … სინამდვილეში, როცა გაბრალებენ, რომ აბა ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის, თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს, შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს“.

განცხადების სრული ვერსიიდან ჩანს, რომ ჭიაბერაშვილს არ განუცხადებია, რომ მას საქართველოს ომში ჩაბმა სურს, და ვიდეოში აღნიშნულის დაბრალება ფაქტობრივად არასწორია. რეალურად, ჭიაბერაშვილი საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ბრალდებებს და რა საპასუხო გზავნილები უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. ამ კონტექსტში ის აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხალხს ასევე უნდა აუხსნას, რომ თეორიულად (ჰიპოთეტურ სცენარში, რადგან ის არ ასახელებს ომს და არ ითხოვს მასში ჩართვას), როდესაც ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის იქნება საჭირო, ქვეყანას, შესაძლებელია, ბრძოლაც მოუწიოს.

ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადება

ვიდეოში ასევე მოცემულია ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, ციტატა: „ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს“. რეალურად, აღნიშნულ განცხადებაში, რომელიც ნინო ლომჯარიამ 2022 წლის 26 თებერვალს „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა, იმდროინდელი სახალხო დამცველი საქართველოს ომში ჩართვაზე არ საუბრობს, რაც სრული ციტატიდან და კონტექსტიდან გამომდინარე ცხადია:

„მე გუშინ ძალიან შემრცხვა. ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება, რაღაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს იმ სირცხვილს და წვას, რაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით. მე კარგად მესმის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ის საფრთხეებიც მესმის, რომ შესაძლებელია სანქციების შეერთებით ჩვენ ბევრს ვერაფერს მივაღწიოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ გუშინ პრემიერმა, შეგნებულად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გააკეთა ეს განცხადება. მას უნდოდა, რომ ეს გაეგოთ მათ, ვისაც ესიამოვნებოდათ. ამის გაგონება, დარწმუნებული ვარ, მძიმე იყო უკრაინელებისთვის, ამიტომ თუ ვერ ვეხმარებით, გული მაინც არ უნდა ვატკინოთ ამ ადამიანებს“.

სრული ციტატიდან ჩანს, რომ ნინო ლომჯარია ეხმიანება იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით. სრული განცხადებიდან ჩანს, რომ ლომჯარია, რეალურად, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ფორმას აკრიტიკებს და უკრაინისადმი მორალური მხარდაჭერის მნიშვნელობას უჭერს მხარს. ნინო ლომჯარია არ ითხოვს ომს და მეტიც, აღნიშნავს იმასაც, რომ სანქციების დაწესებას შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ახლდეს და შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სანქციების არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდეს. მისი განცხადებით, მხოლოდ იმ მონაკვეთის ამოღება, სადაც ნინო ლომჯარია მისი განწყობის გამოსახატად იყენებს ფრაზას „ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს“, შეცდომაში შემყვანია.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადება

რაც შეეხება „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელს, ყოფილი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ამბობს: „ჩვენ არანაკლებად ვიომებთ, ვიდრე უკრაინა ომობს“.  მისი ეს ფრაზა 2022 წლის 2 ივნისს პალიტრანიუსის ეთერში გასული გადაცემიდანაა Newsroom, სადაც ხიდაშელმა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ ნარატივებზე ისაუბრა. „ხელისუფლება პესიმიზმს თესავს და მუდმივად ისეთ განწყობას ქმნის, რომ ჩვენ ხომ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ხომ დავმარცხდებით, ჩვენ ხომ ვერ ვიომებთ, ამიტომ ახლა ჩუმად უნდა ვიყოთ და არც არაფერი არ უნდა გამოვჩნდეთ. ეს არის ტრაგიკული.

ღმერთმა დაიფაროს და მართლა რამე რომ მოხდეს, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება იყოს ოპტიმისტურ განწყობაზე, იყოს მზადყოფნაში, მისი ჯარი დაიცავს და თვითონაც მზად იქნება ამ გამოწვევისთვის, დედამიწის ზურგზე ჯერ არც ერთი ომი მარტო ჯარს არასდროს არ მოუგია. თუ საზოგადოების შესაბამისი განწყობა და მხარდაჭერა არ არის (…), ჩვენ არანაკლებ ვიომებთ, ვიდრე უკრაინა ომობს დღეს, ოღონდ იმ შემთხვევაში ვიომებთ, დიდწილად ასეთი ამბები იმის მაგალითად, რასაც ჩვენ უკრაინაში ვუყურებთ ყოველდღე, ეს ხომ განწყობის შედეგია, საზოგადოების, მთელი ქვეყნის, იმ ჯარისკაცების მშობლების, მათი ოჯახის წევრების, რომლებიც სამხედრო თეატრში იმყოფებიან.

აი ამის უზრუნველყოფა თუ მოვახდინეთ, მე ძალიან მაღალი ოპტიმიზმი მაქვს ქართულ ჯართან დაკავშირებით. მაგრამ თუ უცებ აღმოვჩნდით, არ ვიცი მთელი დანარჩენი საზოგადოება ტანკზე სუფრას გადაუშლის რუსებს, ხომ მაშინ, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ იზამენ“. ამდენად, თინა ხიდაშელიც „ქართული ოცნების“ გზავნილებზე მსჯელობს. ვიდეოში არ დასტურდება მისი მხრიდან მეორე ფრონტის გახსნისა თუ რუსეთთან ომის დაწყების მოწოდება.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადება

კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში მოხვდა დავით უსუფაშვილია. ის ამბობს: „თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ“. დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ 2022 წლის 10 მარტს, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლების განცხადებებს გამოეხმაურა.

„სანამ შეუბერავენ, მანამდე უკვე წაქცეულები რომ არიან, აი, „ტანკი თუ დაიქოქება, საქართველოსგან არაფერი აღარ დარჩებაო“. იცით, რა, თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. რომელი მტერი იყო თავზე ხელს რომ უსვამდა საქართველოს? დავით აღმაშენებელი თუ მაგარი იყო, ერეკლე, სამასი არაგველი და ანწუხელიძე, თუ ესენი არიან ჩვენი გმირები, ვინც სამშობლოს იცავდა, მაშინ ახლა რაზე ვლაპარაკობთ? გასაგებია, რომ რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე საქართველო, უკრაინაც უფრო პატარაა, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ომს იგებს მორალური სიმტკიცე, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამისი. ამ ხალხს ეშინია ამის და ამ შიშს, სახელმწიფოს მხრიდან გამჟღავნებულ შიშს ყველაზე კარგად გრძნობს ის მეორე სახელმწიფო. ერთი შებერვით შეუძლია სიტუაციის სათავისოდ გადაყვანა“. შესაბამისად, დავით უსუფაშვილი სრულ მონაკვეთში საქართელოს ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებს. მის სრულ განცხადებაში საქართველოს ომში ჩართვისკენ მოწოდება არ ფიქსირდება.

ვიდეოს დასასრულს ზოგიერთი პოლიტიკოსის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი სიტყვაა ამოჭრილი კონტექსტის გარეშე იმის მტკიცებულებად, რომ ამ ადამიანებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ.  კადრებში ჩანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,  რომელიც ამბობს სიტყვა „ომი“; იმავე სიტყვას ამბობენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია; პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ვიდეოში არაა წარმოდგენილი, თუ რა კონტექსტში ამბობენ სიტყვას „ომი“. მხოლოდ ერთი სიტყვის ამოჭრა და იმის არგუმენტად წარმოჩენა, რომ აღნიშნულ პოლიტიკოსებს ომი სურთ, შეცდომაში შემყვანია.

ამდენად,  გავრცელებულ ვიდეოში გაერთიანებულია ქართველი პოლიტიკოსებისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების  განცხადებები და დამახინჯებულად, არასწორი კონტექსტით არის ნაჩვენები – რეალურად, არც ერთი ვიდეოში ნაჩვენები პირი, შესაბამის განცხადებებში, საქართველოს ომში ჩაბმის ან საქართველოში ომის სურვილს არ გამოხატავს.

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]