Home » სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გენერალური დირექტორის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ტყუილი

სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გენერალური დირექტორის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის, ფოტოს გვერდით ჩანს ვიდეო, სადაც მოკლე შორტებსა და მოკლე მაისურში ჩაცმული მამაკაცის ცეკვა ჩანს. ვიდეოს ბოლოს ისმის ქალის ხმა, რომელიც ინგლისურ ენაზე ამბობს „ეს არის ტედროსი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი, რომელსაც მალე ექნება კონტროლი ქვეყნებზე და პანდემიაზე. გჯერათ მისი? მე არა“. წარწერა, რომ ფოტოსა და ვიდეოზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელია ასახული, ასევე ჩნდება ვიდეოს ბოლოსაც, როცა კადრებზე ჩანს წარწერა „Meet Tedros… The Head of the WHO!“ (იხილეთ დაარქივებული ვიდეო).

სინამდვილეში, ვიდეოზე ორი სხვადასხვა პიროვნებაა გამოსახული. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებზე კონტროლის მოპოვებას არ ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ორივე მტკიცება სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელებულა.

მტკიცება N1: ვიდეოზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორია ნაჩვენები

ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი მართალია, გარეგნულად  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ჰგავს, თუმცა ფაქტი, რომ ვიდეოში ასახული მამაკაცი ტედროს ადანომ გებრეისუსი არაა, ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დაადასტურეს.

მაგალითად, პორტუგალიურ ენაზე მომუშავე ჟურნალისტებმა მამაკაცის ცეკვის ვიდეოს უკეთეს ხარისხში პოვნა შეძლეს და დეტალებზე დაკვირვებით დაასკვნეს, რომ ვიდეო 2020 წლის თებერვალშია გადაღებული. კერძოდ, ვიდეოში მოცეკვავე მამაკაცის უკან ჩანს ტელევიზორი, რომელშიც ბრაზილიურ ტელეარხზე – TV Globo-ზე გასული სატელევიზიო პროგრამის „Domingão do Faustão“ კადრები ჩანს.  გადაცემა, რომელიც აღნიშნულ კადრებს შეიცავდა, ტელევიზიაში 2020 წლის 16 თებერვალს გაუშვეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვიდეო 2020 წლის 16 თებერვალს უნდა იყოს გადაღებული.

ვიდეოში მოცეკვავე მამაკაცის გარდა ჩანს მიმტანის უნიფორმაზე დატანილი ნომერი, რომელიც ჟურნალისტებმა შეამოწმეს და ბარის მფლობელს დაუკავშირდნენ. თავად ბარი ბრაზილიაში, სან პაულოს სანაპიროზე სანტოსში მდებარეობს.

2020 წლის 14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობდა. კონფერენციას ტედროს ადანომ გებრეისუსიც დაესწრო და 15 თებერვალს სიტყვით გამოვიდა.

2020 წლის 17 თებერვალს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ირლანდიის ქირურგიის სამეფო კოლეჯიდან საპატიო წევრის წოდება მიიღო. დაჯილდოების ღონისძიება ჟენევაში გაიმართა. შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, ტედროს გებრეისუსი 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსულიყო, 16 თებერვალს ბრაზილიაში საცეკვაოდ ჩასულიყო, 17 თებერვალს კი ევროპაში, ჟენევაში საპატიო წევრის წოდება  მიეღო.

ამასთანავე, როგორც ზემოთ აღნიშნულია, ვიდეოზე ნაჩვენები მამაკაცი ბრაზილიაში იყო გადაღებული, ხოლო ტედროს ადანომ გებრეისუსი ეთიოპური წარმოშობისაა და ჟენევაში, შვეიცარიაში ცხოვრობს. ვიდეოში ნაჩვენებ მამაკაცსა და ტედროს გებრეისუსს შორის ფიზიკური განსხვავებებიც შესამჩნევია მიუხედავად იმისა, რომ მცირე გარეგნული მსგავსება ნამდვილად არსებობს.

კერძოდ, გებრეისუსს ვიდეოში გამოსახულ მოცეკვავე მამაკაცისგან განსხვავებული, ოდნავ უფრო მუქი კანის ფერი აქვს. განსხვავდება მათი თმის ფორმაც და ფერიც. თუ ვიდეოში ცეკვისას დაფიქსირებულ კაცს მუქი ფერის თმა აქვს, გებრეისუსის საფეთქლებთან თმა განაცრისფრებულია.

გარეგნულ განსხვავებებზე ყურადღება ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა საერთაშორისო მასშტაბით გაამახვილეს  (იხილეთ ბმული 1).

ფოტო: კადრები სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

ფოტო: World Health Organization (1), Reuters (2)

მტკიცება N2: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს

აღნიშნული მტკიცება საერთაშორისო მასშტაბით ასევე ფართოდ არის გავრცელებული. მტკიცების მიხედვით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებზე კონტროლის მოპოვების საშუალებად „პანდემიურ ხელშეკრულებას“ მიიჩნევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში „პანდემიური ხელშეკრულების“ კონცეფცია მართლაც განიხილება და მისი შექმნა მიმდინარეობს, თუმცა, სინამდვილეში, მისი მიზანი არა სუვერენულ ქვეყნებზე კონტროლისა და გავლენის დამყარება, არამედ მომავალ პანდემიების წინააღმდეგ კოორდინირებული ქმედებების უზრუნველყოფაა.

კერძოდ, პანდემიური ხელშეკრულება გლობალური ინსტრუმენტია მომავალი პანდემიების საპასუხოდ პრევენციის, მზაობისა და საპასუხო რეაგირების გასაუმჯობესებლად.

მისი შექმნა 2020 წელს დაიწყო, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა – შარლ მიშელმა, პარიზის მშვიდობის ფორუმზე წამოაყენა წინადადება პანდემიების წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტრუმენტის განვითარების შესახებ. 2021 წლის დეკემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის საგანგებო სესიაზე შეთანხმდნენ, რომ პანდემიის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ კონვენციის შესაქმნელად მოლაპარაკება დაიწყებოდა.

2023 წლის მარტში პირველი დრაფტ დოკუმენტი წარმოადგინეს (The Zero draft), ხოლო 2024 წლის მაისში ჯანდაცვის 77-ე მსოფლიო ასამბლეამ განსახილველად წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიღების საბოლოოო გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. შეთანხმების შემდეგ ის იურიდიულად სავალდებულო და ორგანიზაციის კონსტიტუციაში დაფუძნებული იქნება.

მიღების შემთხვევაში ხელშეკრულება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებისთვის იურიდიულად სავალდებულო პოლიტიკას განსაზღვრავს, მათ შორის პათოგენების ზედამხედველობის, ეპიდემიის მონაცემების გაზიარების, ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების ადგილობრივი წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების სფეროებში. თუმცა გავრცელებული მტკიცებების საწინააღმდეგოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აღნიშნული ხელშეკრულებით არ ექნება შესაძლებლობა წევრი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკა განსაზღვროს ნიღბების პოლიტიკაზე, ან არ შეეძლება გამოიყენოს შეიარაღებული ჯარები  საყოველთაო ჩაკეტვის ან ვაქცინაციის მანდატების აღსასრულებლად.

მტკიცება, რომ ხელშეკრულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებზე კონტროლის საშუალებას მიიღებს, წარსულში ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელი სენატორებისგანაც გავრცელდა, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციას ხელშეკრულებაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ის მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებდა „ჯანმრთელობის დისფუნქციურ მსოფლიო ორგანიზაციას“ და პოტენციურად შეასუსტებდა შეერთებული შტატების სუვერენიტეტს.

თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მსგავსი მტკიცებები გააკრიტიკა და ხაზი პანდემიური ხელშეკრულების რეალურ არსს გაუსვა. მისი თქმით, „ეს არის ქვეყნების ვალდებულებების ერთობლიობა, რათა გააძლიერონ მსოფლიოს თავდაცვა რამდენიმე სფეროში: პრევენცია ერთი ჯანმრთელობის მიდგომით; ჯანმრთელობისა და ზრუნვის მუშახელი; კვლევა და განვითარება; ვაქცინების, მკურნალობისა და ტესტების ხელმისაწვდომობა; ინფორმაციის, ტექნოლოგიების და ბიოლოგიური ნიმუშების გაზიარება“.

მან ასევე განაცხადა, რომ „პანდემიის შეთანხმება არის შეთანხმება წევრ ქვეყნებს შორის წევრი ქვეყნებისთვის. და როდესაც შეთანხმება მოხდება, ის განხორციელდება მათი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. მაგრამ ის [დეზინფორმაცია], რაც ახლა ვრცელდება, არის ის, რომ თითქოს WHO აპირებს [კონტროლის] ხელში ჩაგდებას ან WHO განაგებს საყოველთაო ჩაკეტვის პოლიტიკას და ასე შემდეგ, რაც არასდროს მოხდება. რადგან ის, რაც ვრცელდება სინამდვილეში სიცრუე და დეზინფორმაციაა. წევრმა ქვეყნები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს არის მოლაპარაკება ჩვენ შორის, ჩვენთვის და ჩვენ ამას განვახორციელებთ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. და არ არსებობს არაფერი ისეთი, რაც მსოფლიო მთავრობა გახდება, რომელიც – ზოგიერთი ადამიანის თქმით – მითითებას გასცემს ან ჩაერევა მათ დემოკრატიაში“. მან ასევე დაამატა, რომ „პანდემიურ შეთანხმებას შეუძლოა დაეხმაროს თავიდან აიცილოს Covid-19-ის მსგავსი კრიზისი. შეთანხმების ან ხელშეკრულების მიზანია, რომ მოამზადოს მსოფლიო, თავიდან აიცილოს შემდეგი პანდემია“.

ორგანიზაციის გენერალურ დირექტორის განცხადებითვე, მსოფლიო ორგანიზაცია არ იქნება შეთანხმების მხარე და რომ ხელშეკრულება მხოლოდ სახელმწიფოებს შორის დგება. შედარებისთვის მან კომპანიების და იურიდიული მომსახურების გამწევი პირები მოიყვანა და აღნიშნა, რომ როგორც კომპანიებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში იურისტები ხელშეკრულების განვითარებაში მონაწილეობენ, თუმცა ეს იურისტებს კონტრაქტზე კონტროლს არ ანიჭებს და არც შეთანხმების მხარედ აქცევს, იგივე ხდება აქაც.

2024 წლის ივნისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გლობალური პანდემიის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 2025 წლისთვის ან შესაძლებლობის შემთხვევაში, უფრო ადრე დასრულდება.

ამდენად, მტკიცება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს, ყალბია. პანდემიური შეთანხმება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 194 წევრ სახელმწიფოს შორის დგება და ის მომავალ პანდემიებზე საპასუხო ქმედებების კოორდინირებას ისახავს მიზნად. ორგანიზაციას ხელშეკრულება თუნდაც ნიღბების პოლიტიკის ან  საპოლიციო ძალების გამოყენების შესაძლებლობას საყოველთაო ჩაკეტვის ან ვაქცინაციის აღსასრულებლად არ ანიჭებს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]