Home » სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ფოტოს, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის ოფიციალური გვერდის სახელით გამოქვეყნებული პოსტის ფოტოანაბეჭდს შეიცავს. პოსტის მიხედვით, ინაშვილი წერს: „ჩვენ გადავლახავთ ცხრა ზღვას, ცხრა მთას და დიდ მოურავთან ანუ დავით თარხან მოურავთან, კოკა მორგოშიასთან ერთად გამარჯვების ყიჟინას დავცემთ ბიძინა ივანიშვილის სატანურ მთავრობას. ვიმარჯვებთ ჩვენ, იმარჯვებს იბერია, იმარჯვებს დიდი მოურავი ანუ დავით თარხან მოურავი, იმარჯვებ შენ!“. რეალურად, ციტატა გაყალბებულია და ირმა ინაშვილს მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია.

გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ირმა ინაშვილის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე მსგავსი პოსტი არ იძებნება. გარდა ამისა, გავრცელებული ციტატა არც სხვა სანდო მედიასაშუალებებში გვხვდება. ამასთანავე, ფოტოანაბეჭდის გამავრცელებელ მომხმარებელს კიდევ ერთი Faceebok-ანგარიში აქვს, რომელზეც აქვეყნებს პოსტს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „ირმა ინაშვილი დილას კიპერპოლიციაში მიდის უნდა მიჩივლოს“. პოსტი, სავარაუდოდ, ირმა ინაშვილსა და პოსტის ავტორს შორის ტელეგრამის პლატფორმაზე მიმოწერის ფოტოანაბეჭდს მოიცავს. ფოტოს მიხედვით, ირმა ინაშვილი წერს: „ჩემი გვერდის, ფოტოს გამოყენებით შენ ეწევი დეზინფორმაციას და მოვითხოვ, რომ ეს სასწრაფოდ შეისწავლოს კიბერპოლიცია, ვინაიდან ყალბი ციტატების დამზადება და გავრცელება ესაა ადამიანის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მით უმეტეს, არჩევნებში მონაწილე პარტიის მიმართ. ასე რომ, ვინ დაგირეკა არ ვიცი, შენი დეზინფორმაცია არაერთ ადამიანს აბრაზებს. ეს გასაგები უნდა იყოს შენთვის, სწორედ სამართლებრივი გზით გაგებინებ პასუხს. ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ მსგავსი რამ ვეღარასდროს ჩაიდინო!“.

ამგვარად, ირმა ინაშვილის სახელით გავრცელებული პოსტის ფოტოანაბეჭდი, ყალბია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]