Home » სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის მკვდარია და რუსეთს მისი ორეული მართავს. რეალურად, აღნიშნული ვიდეო კონტექსტიდანაა ამოჭრილი და სრულ ვიდეოში ჩანს, რომ ტაბლიაშვილი რუსი პროფესორი სალავეის სიტყვებს ციტირებს.

სრული ვიდეო, რომელიც ირაკლი ტაბლიაშვილის ვლოგს წარმოადგენს, 6 დღის წინ გამოქვეყნდა YouTube-ის ერთ-ერთ არხზე. ვიდეოში ჟურნალისტი საუბარს იწყებს შემდეგი სიტყვებით: „პუტინი კვდება, სწორედ ასე მინდა დავასათაურო ჩემი დღევანდელი ვიდეო-ვლოგი. ასე ვასათაურებ მას და, ცხადია, ვგულისხმობ პოლიტიკურ სიკვდილს პრეზიდენტი პუტინისა და არა მაინცდამაინც ფიზიკურ გარდაცვალებას. იცით თქვენ, რომ არის ასეთი რუსი მეცნიერი, პროფესორი სალავეი, რომელიც რა ხანია ამტკიცებს, რომ რუსეთის გიჟი პრეზიდენტი, შლეგი პრეზიდენტი, არაადეკვატური პრეზიდენტი პუტინი რა ხანია უკვე მკვდარია და რუსეთს მისი ორეული მართავს. მე ამ ვერსიას, ცხადია, არ ვიზიარებ. ეს პატივცემული თუ არაპატივცემული სალავეი ამბობს, რომ პუტინის ცხედარი არის ვალდაიში გაყინულ მაცივარში და ვერაფრით ვერ გაურკვევიათ, როგორ უნდა გამოიყვანონ და, შესაბამისად, ამეფებენ, აპრეზიდენტებენ. რუსეთს მართავს მისი ორიდან ერთი ორეული და ერთი იმ ორიდან საერთოდ გარდაცვლილია.“

ჟურნალისტი საუბარს აგრძელებს პროფესორ სალავეიზე, რომელიც, მისი თქმით, მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა, კვლავ კითხულობს ლექციებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მას მთავრობა არ ერჩის. ტაბლიაშვილის მიხედვით, პროფესორი უბრალოდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პუტინის ადმინისტრაციის ოპონენტია, თუმცა რეალურად კონსპირაციის ნაწილია. საბოლოოდ, უშუალოდ ვლოგის დაწყებამდე ჟურნალისტი კვლავ იმეორებს: „მე მაინც ვასათაურებ ჩემს ვიდეო-ვლოგს ასე – პუტინი კვდება და ვგულისხმობ იმას, რომ ის პოლიტიკურად კვდება, ის პოლიტიკურად უკვე არის მინავლების, პოლიტიკური სცენიდან წასვლის პროცესში“. ვლოგის დანარჩენი ნაწილი სწორედ აღნიშნულ ციტატაში გამოთქმული იდეის ახსნას ეთმობა.

ამრიგად, პოსტის ავტორის მიერ ვიდეოს მოჭრილი შეცდომაში შემყვანია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]