Home » სოციალურ ქსელში ილონ მასკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ილონ მასკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ამერიკელი ბიზნესმენისა და გამომგონებლის, ილონ მასკის ვიდეოს (არქივირებული ვიდეოს ბმული) ავრცელებს. მისი მტკიცებით, ამერიკელი გამომგონებელი ყურსასმენებს ყველაზე სახიფათო ტექნიკად ასახელებს და ამბობს, რომ ახალი ყურსასმენის საშუალებით ადამიანის ტვინის აქტივობის გაკონტროლება და „ინფორმაციის თვალყურის დევნება“ შესაძლებელი გახდება. სინამდვილეში, ილონ მასკს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.

ვიდეოკადრებზე დატანილი წყაროს შემოწმებით დადგინდა, რომ გავრცელებული ვიდეო პირველად Instagram-ანგარიშმა – „radiance_rhythms“ – 2024 წლის 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ ის ინტერნეტსივრცეში მხოლოდ გასართობი მიზნებისთვის განთავსდა და სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული. ვიდეოს აღწერაში ასევე ვხვდებით ე.წ. „თეგებს“ – „კონსპირაცია“ და „შეთქმულების თეორია“ (იხ. სურათზე ქვემოთ).

ვიდეოკადრები, რომელთა ერთობლიობითაც გავრცელებული ვიდეო შეიქმნა, ჯო როგანის პოდკასტიდან არის ამოჭრილი. YouTube-არხზე 2020 წლის 7 მაისს განთავსებული 2 საათის ხანგრძლივობის პოდკასტში ილონ მასკი უკაბელო ყურსასმენების საშუალებით ადამიანის ტვინის აქტივობის კონტროლის შესახებ არაფერს ამბობს.

იგი პოდკასტში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, საკუთარ შვილზე, პროექტ „ნეურალინკზე“, უძრავი ქონების ყიდვაზე, მის საოცნებო სახლზე, საუბრობს, თუმცა არაფერს ამბობს უკაბელო ყურსასმენებისგან მომავალი საფრთხის შესახებ.

„ნეურალინკი“ ილონ მასკის კომპანიაა, რომელიც ტვინში იმპლანტირებულ ჩიპებს აწარმოებს. უკაბელო ჩიპი მცირე ზომისაა და თავის ქალაში მაგრდება. პროდუქტის მიზანი ადამიანის გონების ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირება და ფიქრის საშუალებით მათი კონტროლია. მისი დახმარებით, „ნეურალინკის“ სპეციალისტები ნევროლოგიური დაავადებების მქონე ადამიანთა დახმარებას და მათთვის სრულფასოვანი ცხოვრების უზრუნველყოფასაც გეგმავენ.

სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, და არა ყურსასმენების შესახებ, საუბრობდა ამერიკელი გამომგონებელი ტვინის აქტივობის, სიგნალისა და ტალღების კონტროლთან დაკავშირებით (იხილეთ პოდკასტის სრული ჩანაწერი 18:07-დან).

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი.