Home » სოციალურ ქსელში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია „ადამიანების დაცინვა და წინასწარი მინიშნება“ იყო დაგეგმილი პანდემიის შესახებ. მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს ვიდეო (არქივირებული ვიდეოს ბმული), რომელშიც ნაჩვენები არიან საავადმყოფოს საწოლების ირგვლივ მოცეკვავე ექთნები და „სიკვდილის“ მსგავსი ფიგურა. სინამდვილეში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონია არა პანდემიის წინასწარმეტყველების, არამედ, ბრიტანეთის ისტორიისა და კულტურის ჩვენებას ისახავდა მიზნად.

გავრცელებულ ვიდეოში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიიდან სხვადასხვა კადრია შეკრებილი, რომლებზეც ინგლისური წარწერებია დატანილი. ეს წარწერები ერთგვარი მინიშნებებია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასა და გახსნის ცერემონიალს შორის არსებულ კავშირს უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნულ წარწერებზე დაყრდნობით, ვიდეო ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია წინასწარ დაიგეგმა და ის კონკრეტული სცენარის მიხედვით წარიმართა.

სინამდვილეში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ოსკაროსანმა კინორეჟისორმა დენი ბოილმა შექმნა, როგორც ბრიტანული ისტორიისა და კულტურის ოდა. მეორე აქტი ბოილმა ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს (NHS-ს) მიუძღვნა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამაა. შესაბამისად, ამ სცენაში ექიმები, მედდები და საავადმყოფოს საწოლებია გამოყენებული (იხ. ცერემონიის სრული ჩანაწერი 45:49-დან).

მოგვიანებით, საწოლებთან ინგლისური ლიტერატურის ცნობილი ბოროტმოქმედები ჩნდებიან. მკაფიო ფიგურა, რომელსაც ვიდეოს გამავრცელებლები ხშირად ამტკიცებენ, რომ „სიკვდილის“ სიმბოლოა, სინამდვილეში ლორდი ვოლდემორია – მთავარი ანტაგონისტი J.K. როულინგის ჰარი პოტერის წიგნების სერიიდან.

ოლიმპიადის მედიის ხელმძღვანელის თანახმად, გახსნის ცერემონიით პატივი მიეგო ბრიტანეთის ორ უდიდეს მიღწევას – საბავშვო ლიტერატურას და ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს (NHS).

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოციალურ ქსელებში არაერთი შეთქმულების თეორია და დეზინფორმაცია გავრცელდა. მტკიცებას, თითქოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია წინასწარ დადგმულ კორონავირუსის პანდემიის სცენარს განასახიერებდა, ჯერ კიდევ 2020 წელს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Reuters გამოეხმაურა.

Reuters-ის თანახმად, გახსნის ცერემონიას კორონავირუსის პანდემიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რამდენადაც პანდემიამდე 8 წლით ადრე დაიდგა და შესრულდა. ზემოთქმულის მტკიცებად წარმოდგენილი აქვთ ოლიმპიური მედიის სახელმძღვანელო, რომელშიც ცერემონიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი ზედმიწევნით არის განხილული.

დეზინფორმაციას ასევე გამოეხმაურნენ ფაქტების გადამმოწმებელი ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორებიცაა, USA Today, AP Fact Check, PolitiFact.

საგულისხმოა, რომ მტკიცება, თითქოს კორონავირუსის პანდემია ე.წ. „პლანდემია“ (Plan – ინგლისურში გეგმა) ანუ წინასწარ დაგეგმილი იყო, აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. თუმცა კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია. 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც.

ამრიგად, ყალბია გავრცელებული ინფორმაცია თითქოს კორონავირუსის პანდემია წლების წინ იყო დაგეგმილი და ეს გეგმები ჯერ კიდევ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე იყო გაცხადებული.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]