Home » ლევან დავითაშვილი: საქართველოში წელს პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზეა
გადამოწმებული ფაქტები ეკონომიკა სიმართლე

ლევან დავითაშვილი: საქართველოში წელს პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზეა

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ შეფასებით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა.

2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და 1,401.9 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა [სამუშაო ძალა] 79.4 ათასით გაიზარდა და  1,630.5 ათასი შეადგინა.

კვარტალურ ჭრილში სამუშაო ძალის პარამეტრების გამოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო, შესაბამისად, უფრო ადრინდელი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება. 2018-2024 წლების პირველი კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ამრიგად,  „ჯეოფაქტსი“ ლევან დავითაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით – სიმართლე.

ანალიზი

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით: „საქართველოში უმუშევრობა წელს პირველ კვარტალში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა, რაც ისტორიულ მინიმუმს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 1 402 000 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“.

ქვეყანაში სამუშაო ძალის სტატისტიკას საქსტატი აწარმოებს, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არც დასაქმებულია და არც სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევართა სტატისტიკაში არ ხვდება.  აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად – სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე შემცირდეს. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის დონის სწორად შესაფასებლად სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრებიც უნდა გავაანალიზოთ.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა 50.6 ათასით (18.1%) შემცირდა და 228.6 ათასი შეადგინა. ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული, მაგრამ აქტიურად ეძებს სამუშაოს.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. კვარტალურ ჭრილში სამუშაო ძალის პარამეტრების გამოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო, შესაბამისად, უფრო ადრინდელი პერიოდის მონაცემები არ მოიპოვება და ვერც შევადარებთ. 2018-2024 წლების პირველი კვარტლის მონაცემებს თუ შევხედავთ, მიმდინარე წლის I კვარტალში უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. (იხილეთ გრაფიკი 1).

უმუშევრობის დონის შემცირების პარალელურად გაიზარდა დასაქმების დონე და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე. მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, დასაქმების დონე 4.7 პროცენტული პუნქტით, 47.3%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 52%-დან 55%-მდე გაიზარდა (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები, 2018-2024 წლებში ( I კვარტლის მონაცემები)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით (10.2%-ით) გაიზარდა და 1,4 მლნ შეადგინა. აქედან, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89.4 ათასი კაცით (10.4%), ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა – 40.5 ათასით (9.9%). (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2: დასაქმებულთა რაოდენობა, 2018-2024 წლებში ( I კვარტლის მონაცემები)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სამუშაო ძალის პარამეტრები გაუმჯობესდა – შემცირდა უმუშევრობის დონე, ხოლო სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. 2024 წლის პირველ კვარტალში – წინა წლების (2012-2023) ანალოგიურ კვარტლებთან შედარებით, უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]