ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, გივი მიქანაძის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი:
2024 წლის 15 ივლისს ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში (14:00 წუთიდან) საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, გივი მიქანაძემ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, რუსულ კანონზე, ისაუბრა.
„FARA-შიც, იქ ფიზიკურ პირებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების აბსოლუტურად გახსნილი პოლიტიკა არის. ამიტომ ამ მოცემულობაში ყველაზე ლიბერალური დამოკიდებულებაა და მინიმალური სტანდარტი არის კანონში დაცული, რომ წელიწადში ერთხელ ორგანიზაციამ წინა წლის ფინანსური და აქტივობის თაობაზე ინფორმაციის დეკლარირება მოახდინოს, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუ არ აღასრულეს ეს მათი გადასაწყვეტია, ეს არის ის კომპონენტი, რომელშიც რა თქმა უნდა ჩვენ ვერავის ვერაფერს ვერ ვაიძულებთ, მაგრამ ზუსტად ამიტომ ჩაიდო კონკრეტული მექანიზმები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირებს ექნებათ იმისთვის, რომ კანონის აღსრულება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
„ჯეოფაქტსმა“ გივი მიქანაძის განცხადება გადაამოწმა.
გივი მიქანაძე FARA-ზე აპელირებს და მას საქართველოში მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონზე უფრო მკაცრად მოიხსენიებს. მიქანაძეს მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ FARA ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონით საერთოდ არაა გათვალისწინებული. აქედან დეპუტატი ასკვნის, რომ ქართული კანონი უფრო რბილია, ვიდრე ამერიკული. რეალურად, ამერიკულ კანონში პატიმრობისა და ფულადი ჯარიმის სახით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მართლაც არის გათვალისწინებული, თუმცა FARA-სა და საქართველოში მიღებული კანონის ერთმანეთთან შედარება ან ერთმანეთის ანალოგებად წარმოჩენა საფუძველს მოკლებულია.
ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული 2024 წლის დასკვნის თანახმად (38-ე პარაგრაფი), აშშ-ში FARA 1938 წელს მიიღეს. FARA-ს კანონით ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს არ უწევს რეგისტრაცია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროდან. რეგისტრაციის ვალდებულება მაშინ ჩნდება, როდესაც ორგანიზაცია/გაერთიანება, ან ფიზიკური პირი უცხო ძალის აგენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული დირექტივისა და კონტროლის ქვეშ უცხო ძალის მიზნებისთვის იღვწის. FARA-ს შექმნის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მედიის რეგულირების ქვეშ მოქცევა. ის ნებისმიერ არასამეწარმეო და სამეწარმეო ორგანიზაციას, ასევე ფიზიკურ პირებსაც მოიცავს, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედებენ.
FARA-სგან განსხვავებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონში მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი უცხოური დაფინანსების მიღებაა და ის არ ინტერესდება იმით, ორგანიზაცია, სინამდვილეში, მოქმედებს უცხო სახელმწიფოს დირექტივისა ან კონტროლის ქვეშ, თუ – არა.
FARA-სგან განსხვავებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი ორგანიზაციებს რეგისტრაციას ავალდებულებს მხოლოდ უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების საფუძველზე. ქართული კანონი არ იძიებს იმას, რეალურად, რა მიზნებისთვის არის ეს თანხა გამოყოფილი და შესაბამისად არ განასხვავებს ერთმანეთისგან უცხოური ფინანსებით გატარებულ ქართულ ინტერესებსა და უცხოური ფინანსებით გატარებულ მხოლოდ უცხოურ ინტერესებს. გამოდის, რომ ქართული კანონი ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, პირველ რიგში, უცხოური ძალის ინტერესების გასატარებლად განიხილავს. შესაბამისად, კანონი ყველა ორგანიზაციასა და ყველა დაფინანსებას ერთ წრეში უსამართლოდ აქცევს.
„უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, აღნიშნულ კანონსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს, ასევე, ავსტრალიისა და ისრაელის მსგავს საკანონმდებლო აქტებს შორის „არაერთი არსებითი განსხვავება“ არსებობს (პარაგრაფი 39). ამავდროულად, კომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოში მიღებული კანონი „არა ერთ მსგავსებას აჩვენებს“ მაგალითად რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში არსებულ „უცხოეთის აგენტებზე“ კანონებთან (პარაგრაფი 38).
დასკვნის მე-40 პარაგრაფი დამატებით აღნიშნულია: „FARA-სა და FARA-ს მსგავსი კანონებისგან განსხვავებით ქართული კანონი წინასწარ უშვებს იმას, რომ ნებისმიერი, ვინც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას, მოქმედებს უცხოელი დამფინანსებლის ინტერესებში. ეს კანონი ავტომატურად, დაუსაბუთებლად და ულაპარაკოდ უშვებს, რომ დონორს გრანტის მიმღების საქმიანობაზე აქვს გავლენა და აკონტროლებს მას.“
ფაქტია, რომ FARA-ში მართლაც არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული, თუმცა FARA და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი შინაარსობრივად სხვადასხვაა. შესაბამისად, მათი და მათში მოცემული პასუხისმგებლობის დამდგენი მექანიზმების შედარება არარელევანტურია.
გივი მიქანაძის მიერ FARA-სა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის ერთმანეთისთვის შედარება მანიპულაციურია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ჯეოფაქტსი“ გივი მიქანაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.