სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი პოსტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა“. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია და საფრანგეთის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).
ემანუელ მაკრონის მსგავსი ციტატა ღია წყაროებში, სანდო მედიასაშუალებების და საფრანგეთის ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე არ გვხვდება. განცხადება არც თავად პრეზიდენტ მაკრონის სოციალური მედიის გვერდებზე (1, 2) იძებნება. ამავდროულად, ევროკავშირის დაშლის შესახებ არცერთ გაერთიანების სხვა წევრ სახელმწიფოს მეთაურს და ევროკავშირის სტრუქტურების თანამდებობის პირებს გაუკეთებიათ. აღსანიშნავია ასევე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ისევე როგორც ნებისმიერ წევრი სახელმწიფოს მეთაურს, ერთპიროვნულად ევროკავშირის დაშლის უფლებამოსილება არ აქვს.
ემანუელ მაკრონის განცხადება, რომელიც აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იქნა გამოყენებული, შესაძლოა, 2024 წლის 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებს უკავშირდებოდეს. შედეგების მიხედვით, საფრანგეთში ხმების უმრავლესობა მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულმა ერთობამ“ მოიპოვა, რის გამოც მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. „მე გადავწყვიტე კენჭისყრის გზით დაგიბრუნოთ თქვენი საპარლამენტო მომავლის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, დღეს საღამოს ეროვნულ ასამბლეას ვშლი… ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ნდობის აქტია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა 10 ივნისს.
აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ,,მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა“, ყალბია.
ცნობისთვის, საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს, ხოლო მეორე ტური 7 ივლისს გაიმართა. პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულმა ერთობამ“ მოიპოვა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მეორე ტურის შედეგად, არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი – „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში 182 ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილი მაკრონის კოალიციამ 168 მანდატით, ხოლო მესამე ადგილი 143 მანდატით მარინ ლე პენის „ეროვნულმა ერთობამ“ დაიკავა.