სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის კადრებს ვხედავთ. პოსტის ავტორი ვიდეოს შემდეგნაირად ასათაურებს: „არც თუ ისე ცუდად ყოფილა ფრანგების საქმე. საფრანგეთში დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები , ყალიბდება შავ ნიღბიანთა ჯგუფები, მასიური მიგრაციის და რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ. განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია მაკრონის ინიციატივამ, საფრანგეთში ქალაქის მერებად და პრეფექტებად მულტიკულტურალიზმის მიზნით დანიშნონ არაბი და სხვა მიგრანტები“. სინამდვილეში, პოსტში გამოთქმული ორივე მტკიცება ყალბია.
ფოტოს ძიების ინსტრუმენტით (reverse image search) „ჯეოფაქტსმა“ დაადგინა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო პარიზში 10 მაისს გამართული დემონსტრაციიდან ნაწყვეტს წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი, Radio France Internationale-ის (RFI) თანახმად, დაახლოებით 1000-მა აქტივისტმა, უმეტესად შავ ტანისამოსსა და ნიღბებში გამოწყობილებმა, პარიზში 1994 წელს დაღუპული ულტრანაციონალისტი სტუდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. ბევრ მათგანს სახე ნიღბებით ჰქონდა დაფარული, ხელში ჩირაღდნები ეკავა და ულტრამემარჯვენე მოძრაობებთან დაკავშირებული ისეთი სიმბოლოებით დატვირთული მაისურები ემოსა, როგორიცაა კელტური ჯვრები და ნეონაცისტური კომპონენტები. სწორედ ამ ტანისამოსსა და ნიღბებზე აქვს მითითება პოსტის ავტორსაც.
დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერით „Sébastien Deyzieu Présent” (სებასტიენ დეიზიე ცოცხალია) და დასარტყამი ინსტრუმენტის რიტმში სკანდირებდნენ „ევროპა, ახალგაზრდობა, რევოლუცია“ (Europe, Jeuneess, Révolution). სწორედ აღნიშნული შეძახილი ისმის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშიც.
აღნიშნული დემონსტრაცია 9 მაისის კომიტეტის, მცირემასშტაბიანი ნაციონალისტური ჯგუფის, მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნული ჯგუფი ყოველი წლის 9 მაისს აწყობს მანიფესტაციას სებასტიენ დეიზიეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დეიზიე 1994 წლის 9 მაისს ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამართული გამოსვლისას პოლიციისგან გაქცევის მცდელობის შედეგად შენობიდან გადმოვარდა და დაიღუპა. დეიზიე „Oeuvre Française-ის“ (ფრანგული ხელოვნების ნიმუში), ფრანგული ნაციონალისტური, ანტისემიტური მოძრაობის წევრი იყო. ეს ორგანიზაცია 2013 წელს დაიშალა.
აღნიშნულ დემონსტრაციაზე 13 ადამიანი დააკავეს, თუმცა პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე რაიმე მნიშვნელოვან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
ამრიგად, მანიფესტაცია, რომლის კადრებსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, სებასტიენ დეიზიეს ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა. არ არსებობს რაიმე დადასტურებული და საჯარო ცნობა, რომ საფრანგეთში „მასიური მიგრაციისა და რადიკალი ისლამისტების“ წინააღმდეგ ნიღბიანთა დაჯგუფება ყალიბდება.
რაც შეეხება პოსტში გამოთქმულ კიდევ ერთ მტკიცებას, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა გამოთქვა ინიციატივა, საფრანგეთში ქალაქების მერად და პრეფექტებად არაბი და სხვა მიგრანტები დაასაქმოს, მცდარია. კერძოდ, ემანუელ მაკრონის მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ იძებნება ღია წყაროებსა თუ სანდო ფრანგულ/საერთაშორისო მედიებში.
დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის კანონის მიხედვით, ქალაქის/მუნიციპალიტეტის მერს კომუნის (საფრანგეთში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული) მუნიციპალური მრჩევლები ირჩევენ. უშუალოდ მრჩევლებს კი ხალხი მუნიციპალურ არჩევნებზე პირდაპირი კენჭისყრით ირჩევს. ამრიგად, საფრანგეთის ქალაქებში მერი არ ინიშნება, არამედ ირჩევა და ამ პროცესთან პრეზიდენტს კავშირი არ აქვს.
საფრანგეთში პრეფექტურების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს პრეფექტები მართავენ, რომლებიც ლოკალურ დონეზე საფრანგეთის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებად ითვლებიან. პრეფექტები მინისტრთა საბჭოში რესპუბლიკის პრეზიდენტის დეკრეტით ინიშნებიან პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის რეკომენდაციით. ამ ბრძანებულებას ასევე გააჩნია იმ მინისტრის ხელმოწერაც, რომლის ორგანოშიც დასანიშნი მოხელე მსახურობდა. პრეფექტები ძირითადად საფრანგეთს პრესტიჟული უმაღლესი სკოლის – ადმინისტრირების ეროვნული სკოლა (ENA) – კურსდამთავრებულებისგან ირჩევიან, მაგრამ იშვიათად კერძო სექტორიდანაც. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ პრეფექტები რესპუბლიკის პრეზიდენტის, ამ შემთხვევაში ემანუელ მაკრონის დეკრეტით ინიშნება, თანამდებობაზე დანიშვნისთვის ისინი გარკვეულ ეტაპებს გადიან, რაც მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის დამოკიდებული.