სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფოტოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „«მე ორ მსოფლიო ომში დავამარცხე ჰიტლერი!»
ეს რიჟა ცოტა დალაგებული მეგონა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისი ფსიქიატრებიანად აფრენს!“ სინამდვილეში, ციტატა გაყალბებულია და ტრამპს არ უთქვამს, რომ ჰიტლერი ორ მსოფლიო ომში დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მსგავსი ციტატა ღია წყაროებში არ იძებნება და არც ერთ სანდო მედია საშუალებას ან სამთავრობო უწყებას არ გაუვრცელებია. ციტატა არც დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელებში იძებნება (Facebook; X; Truth Social).
ციტატას თან ახლავს ფოტო, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი თეთრი სახლის აპარატის უფროს სუზი უაილსთან და პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცთან ერთადაა გამოსახული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ტრამპმა მსგავსი ფრაზა ამ შეხვედრისას წარმოთქვა. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის TinEye-ს გამოყენებით დავადგინეთ, რომ ფოტოსურათი სოციალურ ქსელში 2025 წლის 5 თებერვლიდან ვრცელდება. სტატიებში, კი სადაც ეს ფოტო პირველადაა გამოყენებული, წერია, რომ სუზი უაილსის მსგავსი მიმიკა და რეაქცია ტრამპის ისრაელის პრემიერ მინისტრთან საუბრისას ჰქონდა, როცა ღაზასთან დაკავშირებულ გეგმებს განიხილავდნენ.
ცნობისთვის, 2025 წლის 2 მაისს დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში, ხოლო 11 ნოემბერი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა და განაცხადა, რომ აშშ-მა მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეებზე მეტი გააკეთეს: „ორივე ომი ჩვენ მოვიგეთ, ძალაში, სიმამაცესა და სამხედრო ბრწყინვალებაში ჩვენთან ახლოსაც ვერავინ მოდიოდა… ჩვენ ისევ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას!“
შესაბამისად, ციტატა, პოსტში გავრცელებული ფორმულირებით, დონალდ ტრამპს არ ეკუთვნის.