Home » სოციალურ ქსელში ციფრული ფულის შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ციფრული ფულის შესახებ კონსპირაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც მთხრობელი ციფრული ფულის შესახებ კონსპირაციულ იდეებს ავრცელებს. მისი თქმით, ციფრულ ფულს გლობალური ფინანსური ელიტები ტოტალური კონტროლისთვის გამოიყენებენ და ნაღდი ფულის გაუქმების შემდეგ საერთო ვალუტას შექმნიან, ეროვნული ბანკის მიერ ციფრული ფულის შემოღების შემდეგ მოსახლეობას პირადი უსაფრთხოება აღარ ექნება და გამომდინარე იქიდან, რომ ციფრული ფული ყოველთვიურად განახლებადი იქნება, ადამიანებს მატერიალური რეზერვის დაგროვების საშუალება აღარ მიეცემათ.

ციფრულ ფულს საერთაშორისო სავალუტო ფონდი განმარტავს, როგორც სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას (CBDC). ციფრულია, ვინაიდან არ აისახება ბანკნოტებსა და მონეტებში და ხელმისაწვდომია კომპიუტერებსა და მსგავს მოწყობილობებში. ციფრული ფული კრიპტოვალუტის მსგავსია, თუმცა მისი ცალკეული ვალუტის შექმნა მხოლოდ ცენტრალური ბანკების მიერაა შესაძლებელი, განსხვავებით კრიპტოვალუტისგან, რომელსაც კერძო ბიზნესი აწვდის ბაზრებს. ამრიგად, ციფრული ლარის გამოშვება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეროგატივაა. ეს უკანასკნელი, ციფრული ვალუტის გამოშვებას „ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო  სისტემის  ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის  გაუმჯობესების მიზნით“ განიხილავს. აქვე, სებ-ი განმარტავს, რომ CBDC-ის გააჩნია პოტენციალი: „მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC – ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. 2023 წლის 28 სექტემბერს სებ-მა საჯარო განცხადება გააკეთა, რომ ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადებოდა: „ეროვნული ბანკი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად, შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემოს შექმნას გეგმავს“. 2023 წლის  2 ნოემბერს კი სებ-მა ციფრული ლარის პროექტის საპილოტე ფაზაში თანამშრომლობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიასთან Ripple-სთან დაიწყო.  ციფრული ლარის პროექტის შემდგომი განვითარებების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაცია არ იძებნება. ამრიგად, ციფრული ლარი ამ ეტაპზე არ არსებობს და უცნობია მისი ამოქმედების თარიღი. თუმცა, ცნობილია ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ციფრული ლარით ნაღდი და/ან ელექტრონული ფულის გაუქმება არ იგეგმება: „CBDC პლატფორმა შეავსებს გადახდის არსებულ არხებს (მათ შორის ახლო მომავალში მყისიერი გადახდების სისტემასაც) და კერძო სექტორის ინოვაციებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ 2023 წელს. ამრიგად, მტკიცება, რომ ციფრული ლარის სრულად დანერგვის შემდეგ ნაღდი ფული გაქრება, არ დასტურდება.

ვიდეოში გამოთქმულია კიდევ ერთი მტკიცება, რომ ციფრული ფულის გამოყენების შედეგად ადამიანი ტოტალური კონტროლის სამიზნე გახდება. ციფრული ლარით გადახდის შემდეგ კი ჩვენზე ინფორმაცია ხელოვნურ ინტელექტს ექნება და ჩვენი ქცევების მიხედვით გადაწყვეტენ, რამდენი გვეკუთვნის. აღნიშნული მტკიცება აბსურდულია. კერძოდ, ბარათით გადახდისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი კომერციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს ეროვნულ ბანკს ახლაც, ციფრული ფულის გარეშეც შეუძლია.

ვიდეოში მთხრობელი იმასაც ამტკიცებს, რომ ციფრული ფული ყოველთვიურად განახლებადი იქნება და დარჩენილი ნაშთი განულდება, რის გამოც ადამიანებს მატერიალური რეზერვის დაგროვება აღარ შეეძლებათ. აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ლართან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია.

ვიდეოს შინაარსი კონსპირაციული ხასიათისაა, რადგან საქართველოს ეროვნულ ბანკს განიხილავს, როგორც მსოფლიო ბანკის ფილიალად, რომლის უკანაც გლობალური ფინანსური ელიტები დგანან. ეს უკანასკნელი „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შესახებ ფართოდ გავრცელებული შეთქმულების თეორიის ნაწილია, თითქოს, მსოფლიოს საიდუმლო ძალები ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ცდილობენ. აღნიშნულის შესახებ იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია.

აღსანიშნავია, რომ ნაღდი ფულის სრულად ჩანაცვლებისა და ციფრული ფულით ტოტალური კონტროლის დამყარების შესახებ დეზინფორმაცია არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოენოვან სოციალურ მედიაშიც ვრცელდება. ამ შეთქმულების თეორიის შესახებ უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც მოამზადეს სტატიები: USA Today, AFP Fact Check.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]