Home » სოციალურ ქსელში ბაიბა ბრაჟეს ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ბაიბა ბრაჟეს ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), ავრცელებს პოსტს. მისი მტკიცებით, „ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, ორშაბათიდან რუსეთის სამხედრო პოტენციალს შეასუსტებს. ნუ იკითხავთ, როგორ, ჯერ არ იცის. თუმცა, ის აუცილებლად შეასუსტებს მას – დაუღალავად და გადამწყვეტად! ბრაჟე ამბობს, რომ მარტო არ არის! ყველა ლატვიელი მზადაა, მიატოვოს თავისი საქმე და გაიქცეს – დასასუსტებლად“.

პოსტში გამოტანილ ფოტოანაბეჭდზე ვხედავთ The Baltic Times-ის სტატიის სათაურს: „რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ყველაზე პირდაპირი და იაფი გზაა – ბრაჟე“.

 

აღნიშნულ სტატიაში განხილულია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა თურქეთში და ამ შეხვედრაზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაიბა ბრაჟეს შენიშვნები რუსეთ-უკრაინის ომის, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტების საკითხებზე. სწორედ აქ გააჟღერა ბრაჟემ, რომ „რუსეთის დასუსტებული საომარი ეკონომიკის ძირის გამოთხრა და მისი სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება უკრაინასა და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის მიღწევის ყველაზე პირდაპირი და იაფი გზაა, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით.“ ამრიგად, პოსტის პირველი ნაწილი, რომელშიც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტება გადაწყვიტა, ბრაჟეს ციტატას ნაწილობრივ ასახავს, თუმცა კონტექსტის გარეშე.

რაც შეეხება პოსტის იმ ნაწილს, რომელშიც შარაბიძე წერს, რომ ბრაჟეს თქმით, ყველა ლატვიელი მზადაა მიატოვოს თავისი საქმე და გაიქცეს რუსეთის დასასუსტებლად – მსგავსი განცხადება მინისტრს არ გაუკეთებია. ბაიბა ბრაჟემ ხაზი გაუსვა, რომ მოსალოდნელია, ალიანსის ყველა წევრმა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. მას უშუალოდ ლატვიელების მხრიდან რუსეთის ეკონომიკურ თუ სამხედრო დასუსტებაში მონაწილეობაზე საჯარო კომენტარი არც აღნიშნულ არაფორმალურ და არც სხვა გამოსვლების დროს არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ბაიბა ბრაჟეს განცხადების მადისკრედიტებელი ინტერპრეტაცია თავდაპირველად რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე გავრცელდა. კერძოდ, ნონა შარაბიძის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის იდენტური ანალოგი თავდაპირველად Pravda-ს ქსელის ვებგვერდზე latvia.news-pravda.com და Лента новостей Новомосковска-ზე გამოქვეყნდა.  Pravda-ს ქსელის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიაში.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]