Home » სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები მიხეილ სააკაშვილის ცეკვას არ ასახავს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები მიხეილ სააკაშვილის ცეკვას არ ასახავს

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ კადრებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცეკვავს (დაარქივებული ბმული). სენსაციური, ოღონდ ძველი კადრები კიევის ღამის კლუბიდან. მთვრალი სააკოვი “ბრეიკ დანსს” ცეკვავს! ვივა-მედიდან პირდაპირ, “ნიჭიერში” რომ გავიყვანოთ?“, – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. რეალურად, გავრცელებულ ვიდეოს დაბალი ხარისხი აქვს და მასში სახის გარჩევა რთულია. თუმცა, უკეთესი ხარისხის ვიდეოებში, რომლებიც ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა, კარგად  ჩანს, რომ მამაკაცი მიხეილ სააკაშვილი არ არის.

საქართველოში აღნიშნული კადრები სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ 2021 წელს გავრცელდა, რასაც ქართული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ გამოეხმაურა.

ვიდეო მიხეილ სააკაშვილს თავდაპირველად რუსულენოვანმა მედიამ „Политнавигатор“-მა დაუკავშირა. გამოცემა, ანტი-უკრაინულ ნარატივებსა  და კრემლის პროპაგანდას ხშირად ავრცელებს.  აღნიშნულმა მედიამ ვიდეო თავის ვებგვერდზე politnavigator.net 2019 წლის 7 ივლისს გაავრცელა.  ვიდეოს სათაურში ვკითხულობთ: „სააკაშვილმა კიევის ღამის კლუბში წარმოდგენა მოაწყო“.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვიდეოს დაბალი ხარისხის გამო. თუმცა,  რუსულ მედიამდე 2019 წლის  იანვარსა და თებერვალში სხვადასხვა  რუსულ არხებზე ვიდეო უკეთესი ხარისხით  არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რუსულენოვანი ანგარიში წერს, რომ მოცეკვავე მამაკაცი რუსეთში, კოჩუბეევსკის რაიონის გამგებელი ალექსეი კლევცოვია. ერთ-ერთი რუსულენოვანი ვებგვერდი კი წერდა, რომ ვიდეოში კორენოვსკის რაიონის მაშინდელი  გამგებელი სერგეი გოლობოროდკო ცეკვავს. აღნიშნული მტკიცებები დადასტურებული არ არის, თუმცა, გავრცელებულ ვიდეოში  დაზუსტებით ჩანს,  რომ მასში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ცეკვავს (იხილეთ კადრები ვიდეოდან).

 ამდენად, მტკიცება, რომ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილის ცეკვა ჩანს, ტყუილია და მისი პირველწყარო რუსული გამოცემაა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]