Home » სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოს ერთ ნაწილში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჩანს, რომელიც ამბობს: „ნამუსი არ გაქვს? კაცი ხარ, ბიჭო, შენ?! არ გრცხვენია?! რანაირად გძინავს?! შენ რა ნამუსით ცხოვრობ?! კაცი ხარ?! ქართველი ხარ, შენ?! მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის! შენი ქართველობისთვის! არაკაცი ხარ დაბადებით!“. მეორე ნაწილში კი ჩანს  პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ვიდეოს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეზე საუბრობს. რეალურად, ელისაშვილი გადაცემაში „რეაქცია“ ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს მიმართავდა.

 

ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“ ეთერში 2025 წლის 15 მაისს გავიდა. მისი ერთ-ერთი სტუმარი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო. გადაცემის ერთ-ერთ მონაკვეთში ელისაშვილმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს მიმართა: „ირაკლი დგებუაძე როა, ბიჭო ნამუსი არა გაქვს ვიღაცა ხარ?! ნამუსი არა გაქვს?! კაცი ხარ, ბიჭო, შენ?!  ან პოლიციელებს, გქონდა ეს დღეები პოლიციელებთან ლაპარაკი, არა გრცხვენია, რანაირად გძინავს, ბიჭო, ღამე?! ის, რომ ლოყაში ქალმა  გაგარტყა სილა და  ექვსი წლით ციხეში. რა ის ქალი რომ ციხეში ზის, ყოველ დღე და ღამე შენ რა ნამუსით ცხოვრობ?! კაცი ხარ ბიჭო?! ქართველი ხარ შენ?! მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის, შენი ქართველობისთვის!“.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. თუმცა, მალევე  ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის საკითხზე პროკურატურა ამაღლობელის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს. 8 მაისს პოლიციის უფროსი  ირაკლი დგებუაძე სასამართლოში მივიდა და  სინანული გამოხატა იმის გამო, რომ მის მიერ განცდილი ტკივილი საზოგადოებაში დაცინვის საგნად იქცა: „ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს… მე განვიცადე ტკივილი. თავდასხმის შემდეგ 20 წუთი შენობაში არ შევსულვარ, რამდენიმე თანამშრომელმა მითხრა, რომ ლოყა წითელი გაქვს, ყური წითელი გაქვს. ჩემს სამუშაო კაბინეტში შევედი და სარკეში რომ ჩავიხედე, მქონდა სიწითლე“, – განაცხადა დგებუაძემ ამაღლობელის სასამართლო პროცესზე.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია, ელისაშვილი სინამდვილეში ირაკლი დგებუაძეს მიმართავდა.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]