Home » სოციალურ ქსელში ბილ გეიტსის გამოსვლის კადრები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ბილ გეიტსის გამოსვლის კადრები კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Fa Ntina, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია,  TEDTalk-ის 2010 წლის კონფერენციაზე ბილ გეიტსის გამოსვლის კადრს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ამერიკელი ბიზნესმენი და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი მსოფლიოს ენერგეტიკული მომავლის შესახებ საუბრობს. Facebook-ანგარიში კი წერს: „კაცობრიობის წინააღმდეგ ღია შეთქმულებაა და პირველ რიგში ჩვენნაირი პატარა ერები ვართ მიზანში! საქართველო უნდა გამოვიყვანოთ ჯანმოდან“.

ბილ გეიტსის გამოსვლა TED2010 კონფერენციაზე რედაქტირებულია და სრული კონტექსტის გარეშე მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. რეალურად, გამოსვლაში ბილ გეიტსი ნახშირბადის ემისიების შემცირების გზებს განიხილავდა. მოსახლეობის რაოდენობის კონტექსტში, იგი  ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების გზით მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირებაზე საუბრობდა და არა ახალი ვაქცინებით მოსახლეობის არსებული რაოდენობის შემცირებაზე. 

ბილ გეიტსი TEDTalk-ში აღნიშნავს, რომ ატმოსფეროში CO2-ის დიდი რაოდენობით გაფრქვევა გლობალური ტემპერატურის ზრდას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, დედამიწას კატასტროფულ კლიმატურ შედეგებამდე მიიყვანს.

ცნობისთვის, ნახშირორჟანგი CO2, ისევე როგორც, მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), სათბური აირებია და ისინი დედამიწაზე სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობს. როდესაც მზის სხივები დედამიწას ათბობს, სითბოს დედამიწა უკან, ატმოსფეროში, გზავნის, ამ დროს კი ზემოხსენებული სათბური აირები სითბოს აკავებს და დედამიწას თბილ ტემპერატურას უნარჩუნებს. იმის გამო, რომ დღეისათვის ადამიანები ნავთობსა და ქვანახშირს წვავენ, ატმოსფეროში მეტი სათბური აირი გამოიყოფა, სქელდება ე.წ. სათბური „საბანი“, დედამიწა კი კიდევ უფრო ცხელდება, რაც ყინულის დნობასა და უჩვეულო ამინდს იწვევს. ზოგადად, სათბური ეფექტი აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლისთვის, მაგრამ სათბური აირების შრის ზედმეტი სისქე კლიმატის ცვლილებას იწვევს. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაჩვენებლები, ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში, მაქსიმუმზეა, რასაც უახლესი სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს.

იმისათვის რომ CO2-ის ზრდის გამო, კატასტროფული შედეგები არ დადგეს, ბილ გეიტსის მიხედვით, საჭიროა ატმოსფეროში გაფრქვეული CO2-ის რაოდენობის თითქმის ნულამდე დაყვანა, რაც 4 ფაქტორის გათვალისწინებით არის შესაძლებელი – მოსახლეობა (P); სერვისები ერთ სულ მოსახლეზე (S) (იმ სხვადასხვა სახის მომსახურების ერთობლიობა, რაც თითოეულ ადამიანს სჭირდება საშუალოდ ცხოვრების მანძილზე; ენერგიის საჭირო რაოდენობა თითოეულ ერთეულ სერვისზე (E); გამოყოფილი CO2-ის რაოდენობა ერთეულ ენერგიაზე (C).  გეითსი მიიჩნევს, რომ ამ 4 ფაქტორის რაოდენობის ნელ-ნელა შემცირება საბოლოოდ დედამიწაზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების წინაპირობა იქნება.

ბილ გეიტსი საკუთარ გამოსვლაში თითოეულ ფაქტორს ცალ-ცალკე განიხილავს. ასე მაგალითად, საუბრობს სერვისებზე (S), რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ – მაგალითად, საკვები, ტანსაცმელი, ტექნიკა და სხვ. მისი თქმით, ეს ყველაფერი კარგია, რადგან  აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. სიღარიბესთან ბრძოლა კი მსოფლიოში თითქმის ყველა ადამიანს მისცემს საშუალებას ჰქონდეს წვდომა ამ ტიპის სერვისებზე. გეიტსის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მდიდარ ქვეყნებში მდიდარი ადამიანები შედარებით ნაკლებად გამოიყენებენ აღნიშნულ სერვისებს, ისინი გადანაწილდება და საერთო ჯამში, მთელ მსოფლიოში, სერვისების გამოყენებას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს.

მოსახლეობაზე (P) საუბრისას ის აღნიშნავს, რომ მალე მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიარდს მიაღწევს, ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისების და ახალი ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით კი მოსახლეობის აღნიშნული ტემპით ზრდა შესაძლოა 10-15%-ით შემცირდეს. ამ განცხადებაში ბილ გეითსი საუბრობს არა ე.წ. დეპოპულაციაზე, არამედ მოსახლეობის ზრდის ტემპის დარეგულირებაზე, რაც ვაქცინაციითა და გამართული ჯანდაცვის სისტემის შექმნით იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, განვითარებად ქვეყნებში მრავალშვილიანობა დიდი რაოდენობის მუშახელის საჭიროებითა და განუვითარებელი ჯანდაცვის პირობებითაც აიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებად ქვეყნებში გამართულ ჯანდაცვის სისტემაზე არ აქვთ წვდომა, ბავშვებში ხშირია ვაქცინის არ არსებობით გამოწვეული სიკვდილიანობა, რაც ოჯახებში მრავალშვილიანობასაც განაპირობებს. ბილ გეითსის თქმით, ვაქცინების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის მეტი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს, რაც მშობლებს ეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევების გამო, მრავალშვილიანობის აუცილებლობას აღარ შეუქმნის.

Our World in Data-ს ერთ-ერთ გრაფიკზეც ნაჩვენებია მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტენდენცია რეგიონების მიხედვით. როგორც ვხედავთ, მოსახლეობის მაღალი ზრდის ტემპი ძირითადად განვითარებად სამყაროში შეინიშნება.

ბილ გეიტსის TED2010-ზე გამოსვლის კონტექსტის გასააზრებლად განვიხილოთ დემოგრაფიული გადასვლის (ტრანზიციის) ხუთი ეტაპი:

პირველი ეტაპი: მაღალია შობადობაც და სიკვდილიანობაც. გვაქვს ჩვილების სიკვდილიანობის მაღალი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის დაბალი მაჩვენებლები. ითვლება, რომ მე-18 საუკუნის ბოლომდე ყველა პოპულაციამ გაიარა ეს ეტაპი.

მეორე ეტაპი: სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯანდაცვისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების გამო მკვეთრად ეცემა. შობადობა მაღალი რჩება. მთლიანი მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება. დემოგრაფიული ტრანზაქციის ამ ეტაპში ერთიანდებიან ყველაზე ღარიბი განვითარებადი ქვეყნები, მაგალითად, როგორებიცაა: ავღანეთი, პაკისტანი, ბოლივია, სუბ-საჰარის ქვეყნები.

მესამე ეტაპი: შობადობის მაჩვენებელი ეცემა. მეურნეობების მექანიზაციის გამო ბავშვთა როლი შრომაში მცირდება. ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალ დონეზე რჩება. თუმცა მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა გადასვლის წინა ეტაპზე არსებული იმპულსის გამო კვლავ სწრაფად იზრდება. გადასვლის მესამე ეტაპი მოიცავს ისეთი ქვეყნების უმეტესობას, რომლებმაც მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური წინსვლა გაიარეს. მაგალითად, როგორებიცაა: კოსტა რიკა, პანამა, იამაიკა, მექსიკა, კოლუმბია და ა.შ.

მეოთხე ეტაპი: მოსახლეობის ძალიან ნელი ზრდა. კონტრაცეპტივები ფართოდ არის ხელმისაწვდომი და ჩნდება პატარა ოჯახების შექმნის სურვილი. დაბალია, როგორც შობადობა, ასევე სიკვდილიანობა. მთლიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ – დაბალანსებული. მეოთხე საფეხურზე იმყოფებიან: აშშ, კანადა, არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და დასავლეთ ევროპის უმეტესი ნაწილი.

მეხუთე ეტაპი: მოსახლეობის კლება. დაბალი შობადობა მოსახლეობის დაბერებასთან ერთად იწვევს მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას. დემოგრაფიული გადასვლის აღნიშნული დონე ახასიათებს გერმანიას, იტალიას, იაპონიას და ა.შ.

დემოგრაფიული გადასვლის მოდელი აჩვენებს, რომ რაც უფრო მდიდარია  ქვეყანა და რაც უფრო იკლებს დაავადების ტვირთის გადანაწილების მაჩვენებელი (რასაც, თავის მხრივ, ვაქცინაციაც განაპირობებს), ადამიანები მით ნაკლები შვილის ყოლას ირჩევენ.

ამდენად, ბილ გეიტსის გამოსვლა არა ვაქცინების საშუალებით არსებული მოსახლეობის შემცირებას, არამედ ჯანდაცვის სერვისების და ახალი ვაქცინების მიწოდებით მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირების შესაძლებლობას განიხილავდა. სინამდვილეში, გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც, თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ჭარბი ზრდის განმაპირობებელ მიზეზებს მოაგვარებს.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]