სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც საპრეზიდენტო თვითმფრინავის კიბიდან ჩამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონს ვხედავთ. კადრში მასშტაბის გაზრდის შემდეგ ჩანს, რომ, თითქოს, მაკრონები არა რეალური, არამედ ბუტაფორიული თვითმფრინავიდან ჩამოდიან და მოსახლეობის ატყუებენ. ვიდეოს თან ახლავს სათაური „ბუტაფორიული თვითმფრინავები ბუტაფორიული ლიდერებისთვის“. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და ამას ვიდეოს თავდაპირველი გამავრცელებელიც უთითებს.
„ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით დაადგინა, რომ ვიდეო თავდაპირველად გამოქვეყნდა 29 აპრილს TikTok-ანგარიშ Vinza_officiel-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოებზეც თვალსაჩინოა წარწერა Vinza, რაც ადასტურებს, რომ რედაქტირებული ვიდეო სწორედ ამ ანგარიშიდანაა აღებული. TikTok-ანგარიში ვიდეოს აღწერაში წერს: „ეს ვიდეო არის ერთგვარი გადახვევა, რომელიც მე შევქმენი მონტაჟისა და სპეციალური ეფექტების წყალობით (როგორც ყველა სხვა ვიდეო ჩემს არხზე). ეჭვის შემთხვევაში, ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენი წყაროები!“ (Cette vidéo est un détournement que j’ai réalisé grâce au montage et au trucage (comme toutes les vidéos de ma chaîne d’ailleurs). Vérifiez toujours vos sources quand vous avez un doute!).
აღნიშნულ ანგარიშს მსგავსი რედაქტირებული ხასიათის სხვა არაერთი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, ერთ-ერთში საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ (RN) ლიდერს, ჯორდან ბარდელას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ვხედავთ, თითქოს ის ინტერნეტის მეშვეობით ინტიმური ხასიათის მიმოწერას ამყარებს იტალიურენოვან ქალთან. სინამდვილეში, ეს ვიდეოც რედაქტირებულია და პოსტის ავტორმა იგი იმავე აღწერით გამოაქვეყნა.
ამრიგად, ემანულ და ბრიჯიტ მაკრონების თვითმფრინავიდან ჩამოსვლის ვიდეო თავდაპირველად სახუმაროდ, შესაბამისი მითითებით გამოქვეყნდა, თუმცა ქართულ Facebook-ზე მომხმარებლებმა იგი აღნიშნულის მითითების გარეშე გაავრცელეს.