თათია ნიკოლაშვილი: 2023 წელს რომ დაიწყეს და 2024 წელს „დაამთავრეს“, იმ [საბავშვო] ბაღის შენობას დაგათვალიერებინებთ ახლა… აი შედეგები [სამშენებლო ტერიტორია, რომელიც მიტოვებულია ისე, რომ უსაფრთხოების ნორმებიც კი დაცული არაა].
ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „ლაგი კაპიტალს“ შორის 2023 წლის 19 მაისს გაფორმდა 7 213 922 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის სექტემბერში უკვე ჩაბარებული უნდა ყოფილიყო საბავშვო ბაღები ქალაქ ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, სოფელ მერიასა და სოფელ შრომაში. 2025 წლის 17 თებერვალს შემსყიდველმა ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზედად დასახელებულია, რომ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიამ სამუშაოები არ განახორციელა. კონტრაქტის გაწყვეტის მომენტში, „ლაგი კაპიტალისთვის“ ანაზღაურებული იყო 1 749 429 ლარი, საიდანაც 1 442 000 ლარი არის ავანსი. პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სამშენებლო ტერიტორიები მიტოვებულია ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არაა.
„ჯეოფაქტსის“ დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა: „2023 წელს რომ დაიწყეს და 2024 წელს „დაამთავრეს“, იმ [საბავშვო] ბაღის შენობას დაგათვალიერებინებთ ახლა… აი შედეგები [სამშენებლო ტერიტორია, რომელიც მიტოვებულია ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არაა].“
„ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, სოფელ მერიაში და სოფელ შრომაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი 2023 წლის 31 მარტს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 7 287 287 ლარი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გამარჯვებულ კომპანია შპს „ლაგი კაპიტალს“ შორის 7 213 922-ლარიანი ხელშეკრულება კი იმავე წლის 19 მაისს გაფორმდა. სამუშაოები დოკუმენტზე ხელმოწერიდან 15 თვეში უნდა დასრულებულიყო, რაც ნიშნავს, რომ 2024 წლის სექტემბერში აღსაზრდელებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი შენობები უნდა დაეხვედრებინათ.
ტექნიკური დავალების თანახმად, თითოეული საბავშვო ბაღის შენობაში გათვალისწინებული იყო შემდეგი სივრცეები: ცენტრალური შესასვლელი ტამბური; ჰოლი; ჯგუფის ოთახი 25 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი, სანიტარული კვანძი, მინი სამზარეულო (ბუფეტი)]; დირექტორის ოთახი; პერსონალის ოთახი; სანიტარული კვანძი პერსონალისათვის; დამხმარე (სამეურნეო) სათავსი; თეთრეულის შესანახი სათავსი; დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი სათავსით; კვების ბლოკი; სამედიცინო ოთახი/იზოლატორი; საუთოებელი და სამრეცხაო ოთახი; დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით; სანიტარული კვანძი შშმ პირებისათვის; მნის ოთახი; დაცვის ოთახი. ასევე, კონკრეტულ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საძინებელი, კონკრეტული ჯგუფის ბავშვებისთვის.
2023 წლის ნოემბერში მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, ქალაქ ოზურგეთისა და სამივე სოფლის საბავშვო ბაღების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის ღირებულებამ 215 940 ლარი შეადგინა, კომპანიამ შემსყიდველს ჩააბარა. სხვა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი ატვირთული არაა. შპს „ლაგი კაპიტალისთვის“ კი ანაზღაურებულია სახელშეკრულებო ღირებულების 24% ანუ 1 749 429 ლარი, საიდანაც 1 442 000 ლარი გადახდილია ავანსის სახით. შემსყიდველმა მიმწოდებელს ბოლოს თანხა გასული წლის 25 აპრილს გადაურიცხა, როცა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წელი იყო გასული, თუმცა კომპანიას გრაფიკი უკვე დარღვეული ჰქონდა და ნაკისრ ვალდებულებებს არ/ვერ ასრულებდა. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი, 2025 წლის 17 თებერვალს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს „ლაგი კაპიტალს“ მისწერა, რომ მასთან ხელშეკრულებას წყვეტს. წერილის თანახმად, შემსყიდველმა მიმწოდებელი არაერთხელ გააფრთხილა, რადგან ყველა ობიექტი იმ დროს დაკეტილი იყო და სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
შესაბამისად, მიტოვებულია არა მხოლოდ მერიის საბავშვო ბაღის, არამედ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კიდევ სამი ობიექტის მშენებლობაც. რამდენიმე დღის წინ თათია ნიკოლაშვილმა გურიანთის საბავშვო ბაღის მიტოვებული სამშენებლო მოედანიც გადაიღო.
ტენდერთან დაკავშირებული ერთ-ერთი დოკუმენტში დეტალურადაა განმარტებული, როგორ უნდა იყოს დაცული სამშენებლო მოედანი. რეგულაციების თანახმად, გაწერილია დამცავი ღობის სტანდარტები და სასიგნალო შემოღობვის დგარის სიმაღლე. გარდა ამისა, დაკონკრეტებულია, რომ შემოღობვის სისწორე და ვერტიკალურობა უნდა იყოს დაცული, ხოლო დგარები არ უნდა ქანაობდეს და მზა ელემენტები კონტურში მყარად უნდა იჯდეს. პოლიტიკოსის მიერ სოფელ მერიაში გადაღებულ სრულ ვიდეოში კი აშკარად ჩანს, რამდენად დაუცველია სამშენებლო მოედანი, რომლის მიმდებარედ საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. სათანადოდ არ არის დაცული არც სოფელ გურიანთის სამშენებლო ტერიტორია.
ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული, საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებული ელექტრონული ტენდერები, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიაა „ლაგი კაპიტალი“. ყველა შემთხვევაში მგფ-მა კომპანიასთან ხელშეკრულებები შეწყვიტა.
ცხრილი 1. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „ლაგი კაპიტალს“ შორის საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიზნით გაფორმებული შეუსრულებელი ხელშეკრულებები
შესყიდვის ობიექტი | ხელშეკრულების გაფორმების თარიღი | ხელშეკრულების ღირებულება, ლ | გადახდილი თანხა, ლ |
შეწყვეტის თარიღი |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა | 10.05.2023 | 4 906 737 | 1 166 334 | 17.02.2025 |
ქალაქ ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, სოფელ მერიაში და სოფელ შრომაში საბავშვო ბაღების მშენებლობა | 19.05.2023 | 7 213 922 | 1 749 429 | 17.02.2025 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის და სოფელ მისაქციელის საბავშვო ბაღების და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის ბაგა ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია | 26.10.2023 | 9 555 529 | 2 182 056 | 01.05.2025 |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის და სოფელ დიდი გონდრიოს საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია | 01.11.2023 | 5 046 000 | 1 009 200 | 25.02.2025 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქალაქ დედოფლისწყაროს №2 და სოფელ ზემო ქედის N1 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია | 11.12.2023 | 5 175 650 | 1 035 130 | 02.02.2025 |
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის და სოფელ ტირძნისის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია | 11.12.2023 | 5 634 055 | 1 126 811 | 11.02.2025 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახალციხის N1 ბაგა-ბაღის და სოფელ პამაჯის N1 ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია | 19.12.2023 | 6 334 300 | 0 | 17.04.2025 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახალქალაქის N3 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია | 19.12.2023 | 3 261 495 | 179 924 | 24.03.2025 |
ქალაქ ბათუმის N18, N23 და N29 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია | 22.12.2023 | 12 190 000 | 2 742 373 | 14.03.2025 |
თიანეთის მუნიციპალიტეტში თიანეთის N1, სოფელ ახალსოფლის, სოფელ თუშურების, სოფელ ნაქალაქარის და სოფელ სიმონიანთხევის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია | 22.12.1023 | 7 796 940 | 0 | 26.02.2025 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
როგორც ცხრილი 1 აჩვენებს, 2023 წელს მგფ-სა დად შპს „ლაგი კაპიტალს“ შორის გაფორმებული შეუსრულებელი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 67 114 628 ლარს შეადგენს. ამ თანხით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30-მდე საბავშვო ბაღი უკვე აშენებული და ჩაბარებული უნდა იყოს, თუმცა ყველა ხელშეკრულება შეუსრულებელია.
ამდენად, თათია ნიკოლაშვილის განცხადებას „ჯეოფაქტსი“ აფასებს ვერდიქტით სიმართლე.