რა მტკიცებები გავრცელდა?
10 აპრილს საქართველოს პარლამენტში არსებულ „საგამოძიებო კომისიაზე“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და კანცლერმა კარლო კოპალიანმა გიული ალასანიასა და „საქართველოს უნივერსიტეტის“ შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთეს. მტკიცებები, ძირითადად, „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ სახელმწიფო ქონების შესყიდვის საკითხს შეეხო.
სხვა მტკიცებებთან ერთად, კარლო კოპალიანმა ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტი, „საქართველოს უნივერსიტეტს“ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული აქვს, თუ – არა.
„კანონი გვეუბნება, რომ 1 თვის ვადაში უნდა მოხდეს შეძენილი ქონების ღირებულების დაფარვა, რომლის შემდეგ გაიცემა დამადასტურებელი მოწმობა. ჩვენ გვაქვს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საპრივატიზაციო თანხის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 1 წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით დაევალა, ანუ შეღავათი გაეწია საქართველოს უნივერსიტეტს: 2008 წლის 30 სექტემბრამდე თანხის 25%; 2008 წლის 30 დეკემბრამდე კიდევ 25%, 2009 წლის 30 მარტამდე 25% და ხოლო დარჩენილი თანხა 2009 წლის 30 ივნისამდე უნდა დაფარულიყო. შემდგომ არსებობს იმის დოკუმენტი, რომ ეს თანხები დაფარულია. ჩვენ ვერ მოვიძიეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს თანხა ჩაირიცხა საქართველოს ბიუჯეტში, რის შემდეგაც გაიცა საკუთრების მოწმობა. თუმცა არსებობს ცნობები, როცა ეკონომიკის სამინისტრო წერს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, რომ ეს თანხა ჩარიცხულია და გთხოვთ გასცეთ მოწმობა. აი აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი, ნამდვილად იყო ჩარიცხული, თუ არ იყო ჩარიცხული. თუ, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ კაპიკებში, მიზერულ ფასში მიითვისა ეს ქონება. მე ვიტყვი სხვანაირად – საერთოდ უკაპიკოდ წაიღო, ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ეს მრავალმილიონიანი ქონება“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა. „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ ქონების საპრივატიზაციო თანხის გადახდა რექტორმა დავით გურგენიძემაც ეჭვქვეშ დააყენა.
კომისიაზე დავით გურგენიძისა და კარლო კოპალიანის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით ასევე გავრცელდა პოსტები. ანონიმურად მოქმედმა Facebook-გვერდმა „შიგ ევროპაში“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გიული ალასანიას უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად აქვს მიღებული (დაარქივებული პოსტი). აღნიშნული ფოტო გაავრცელეს სხვა Facebook-ანგარიშებმაც. მტკიცება გავრცელდა TikTok-ზეც.
სოციალურ ქსელში ეს ინფორმაცია შარჟის სახით, ე.წ. მიმის ფორმით გავრცელდა. კერძოდ, ფოტოზე ვხვდებით გიული ალასანიას გამოსახულებას და წარწერას: „ბიძი, მე რომ არ მიმეთვისებინა ერთ ლარად უნივერსიტეტის ქონება, პუტინი წაიღებდა“.
„ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა, თუ რა ინფორმაციაა საჯაროდ ცნობილი 2003-12 წლებში გიული ალასანიასა და „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ საუნივერსიტეტო ქონების ერთ ლარად შესყიდვის შესახებ, ასევე მოხდა, თუ – არა „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ ბიუჯეტში საპრივატიზებო თანხის გადარიცხვა.
რა დოკუმენტები არის ხელმისაწვდომი „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ქონების შესახებ
გიული ალასანიას სახელთან ორი უნივერსიტეტი ასოცირდება – საქართველოს უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გიული ალასანია 1998 წლიდან 2014 წლამდე პროფესორის აკადემიურ თანამდებობას, ხოლო 2002-2014 წლებში – სამეცნიერო და აბრეშუმის გზის კვლევის დარგში პრორექტორის თანამდებობას იკავებდა. 2013 წლის 31 დეკემბერს ის საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გიული ალასანია 2004 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი. 2004-2013 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2014 წლიდან კი იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.
საჯაროდ ხელმისაწვდომია ამ ორი უნივერსიტეტის მიერ „საქართველოს რეფორმების ასოციაციისთვის“ გაგზავნილი დოკუმენტების ასლები (იხ. დანართი 1, დანართი 2), სადაც მათ მიერ სახელმწიფო ქონების შესყიდვის შესახებ ინფორმაციაა მითითებული.
დოკუმენტებში მოცემულია ინფორმაცია უნივერსიტეტების მიერ სახელმწიფოსგან უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ. კერძოდ, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სახელმწიფოსგან 2007 წლის 2 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1 923 218 ლარად კახეთის გზატკეცილზე „ავტოვაზის“ მიმდებარედ მიწის ნაკვეთი (05/002) იყიდა (საკადასტრო კოდი – 01.19.18.05.002) და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა. თუმცა საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისას მიწის ნაკვეთში მიწისქვეშა კონსტრუქციების აღმოჩენის შემდეგ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და შეიცვალა მიწის ნაკვეთის მისამართი. გაუქმდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკუთრების უფლება „ავტოვაზის“ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე და ცვლილების შემდეგ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკუთრებაში შევიდა კახეთის გზატკეცილზე „რადიოსადგურის“ მიმდებარე მიწის ნაკვეთი (001/133) (საკადასტრო კოდი – 01.19.25.001.133).
ფოტო: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ „საქართველოს რეფორმების ასოციაციისთვის“ გაზიარებული ინფორმაცია
საკადასტრო კოდით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია უძრავი ქონების რეესტრშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ საუბარია შავი ზღვის უნივერსიტეტში 101 221 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
ფოტო: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ქონების შესყიდვა რამდენიმე აუქციონის ფარგლებში მოხდა (იხილეთ დანართი 2).
2007 წლის 1 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ქალაქ თბილისში კოსტავას N77-ში მდებარე 731, 587 და 877 კვ.მ მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შესახებ. საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ქონების გამოსყიდვის ღირებულებას შეადგენდა 1 320 000 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში. საქართველოს უნივერსიტეტმა აღნიშნული ქონება პირობადადებულ საკუთრებაში მიიღო, რომელიც გულისხმობდა: საპრივატიზებო თანხის გადახდას აუქციონის შედეგების ოქმის დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; საზოგადოებრივი მეცნიერების, ჰუმანიტარული და ტექნიკური განათლების პროფილით უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას; 120 თანამშრომლის დასაქმებას, რომელთა საშუალო ხელფასი მინიმუმ 300 ლარი იქნებოდა; როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამების განხორციელება, სადაც სტუდენტთა კონტინგენტის საერთო რაოდენობა მინიმუმ 400 იქნებოდა.
2007 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ შორის დაიდო კიდევ ერთი ნასყიდობის ხელშეკრულება და 305 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ (ეკვივალენტი ლარში) პირობადადებულ საკუთრებაში „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებით გადაეცა კოსტავას N77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პირობები გულისხმობდა საპრივატიზებო თანხის გადახდას აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საპრივატიზებო ობიექტის საგანმანათლებლო-სასწავლო სპორტული პროფილით 10 წლის განმავლობაში ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
2008 წლის 25 ივნისით დათარიღებულ ოქმში საუბარია ქალაქ თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კოსტავას N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებული 5059 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი – 01.10.13.023.079). ეს ქონება პირობებით გამოცხადებულ აუქციონზე „საქართველოს უნივერსიტეტს“ მის მიერ შეთავაზებული 2 050 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) სანაცვლოდ გადაეცა. ხელშეკრულების პირობები მოიცავდა 15 წლის განმავლობაში ობიექტის საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფას. ამასთანავე ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო საპრივატიზებო თანხის გადახდის გრაფიკი: 2008 წლის 30 სექტემბრამდე გადახდილი უნდა ყოფილიყო საპრივატიზებო თანხის 25%, 2008 წლის 30 დეკემბრამდე – საპრივატიზებო თანხის 25%, 2009 წლის 30 მარტამდე – საპრივატიზებო თანხის 25%, ხოლო დარჩენილი თანხა – 2009 წლის 30 ივნისამდე.
2009 წლის 8 ივლისის ხელშეკრულება შეეხება „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ აუქციონის წესით ქ. კოსტავას N77ა-ში მდებარე 31 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ (ეკვივალენტი ლარში) მიღებას.
ამდენად, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის, ისე შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ მათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებითა და აუქციონის წესით მიიღეს და მიწის ნაკვეთებსა და მათზე მდებარე შენობა-ნაგებობებში ერთ ლარზე მეტი თანხა გადაიხადეს.
გადაიხადა, თუ – არა „საქართველოს უნივერსიტეტმა“ ქონების პრივატიზაციის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში?
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ეჭვქვეშ დააყენეს „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ ქონების საპრივატიზებო თანხის საქართველოს ბიუჯეტში გადახდის ფაქტი.
„ჯეოფაქტსი“ ამ კითხვით იურიდიულ დარგში „საქართველოს უნივერსიტეტის“ პრორექტორს დაუკავშირდა, რომელმაც უნივერსიტეტის მიერ ქონების საპრივატიზებო თანხის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები მოგვაწოდა (იხილეთ დანართი 3).
„ბაზისბანკის“, „ლიბერთი ბანკისა“ და „ბანკი ქართუს“ ამონაწერები ადასტურებს, რომ აუქციონზე „საქართველოს“ უნივერსიტეტის მიერ ნაყიდი ქონების საპრივატიზაციო თანხა საქართველოს ბიუჯეტში ნამდვილად გადაირიცხა.
საქართველოს უნივერსიტეტის მიერ „საქართველოს რეფორმების ასოციაციისთვის“ 2014 წელს გაგზავნილ დოკუმენტებში საუბარი ეხება 2007-09 წლებში გამართულ ოთხ აუქციონს და მათზე შეძენილ ქონებებს. საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლის მიერ „ჯეოფაქტისთვის“ მოწოდებული ქვითრები ადასტურებს, რომ ამ ქონებების საპრივატიზებო თანხები სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხა:
- ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა; 587 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა; 877 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა; ქონების საპრივატიზებო თანხა 1 320 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. თანხა სახელმწიფო ხაზინაში 2 ეტაპად გადაირიცხა:
- 2007 წლის 26 იანვარი – 130 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
- 2007 წლის 28 თებერვალი – 1 190 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
- ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთი – საპრივატიზებო თანხა 305 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. თანხა სახელმწიფო ხაზინაში 2 ეტაპად გადაირიცხა:
- 2007 წლის 19 ივლისი – 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
- 2007 წლის 5 სექტემბერი – 275 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
- ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – ქონების საპრივატიზებო თანხა 2 050 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. საპრივატიზებო თანხა სახელმწიფო ხაზინაში 3 ეტაპად გადაირიცხა:
- 2008 წლის 20 ივნისი – 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
- 2009 წლის 8 ივლისს – 600 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
- 2010 წლის 7 ივნისი – 1 250 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ჯამში;
- ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77ა-ში მდებარე 31 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – ქონების საპრივატიზებო თანხა 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
- 2009 წლის 21 ივლისი – 4600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
შედიან, თუ – არა „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ იმ უნივერსიტეტების სიაში, რომლებმაც 2003-2012 წლებში სახელმწიფოსგან ქონება სიმბოლურ 1 ლარად მიიღეს?
2014 წელს გამოქვეყნებულ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, იმ უნივერსიტეტების სიაში, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ 1 ლარად აქვთ გადაცემული, საქართველოს უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ შედის (დაარქივებული ბმული).
კერძოდ, იმ უნივერსიტეტების სია, რომლებსაც 2003–2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით და სიმბოლურ ფასად (1 ლარი) გადაეცათ, შემდეგია: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.