Home » სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ეთერიდან რედაქტირებული კადრები ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ეთერიდან რედაქტირებული კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მსგავსი შინაარსის ორ ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული 1, 2). ვიდეოში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერიდან ამოჭრილ კადრებს ვხედავთ, რომელშიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ თეონა ჭალიძეს გადაცემაში სტუმრობისას მობილურ ტელეფონზე ურეკავენ. ჭალიძის განცხადებით, მას ერთი-ერთი პოლიტპატიმარი ურეკავს ციხიდან. Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოები აქ წყდება და ერთ ვიდეოში ტელეფონზე პასუხისას მიხეილ სააკაშვილის ხმა ისმის, რომელიც რევოლუციისკენ მოუწოდებს, ხოლო მეორე ვიდეოში – უცენზურო სიტყვები. რეალურად, ვიდეოები რედაქტირებულია და თეონა ჭალიძეს მობილურ ტელეფონზე ნამდვილად პატიმარმა დაურეკა.

5 მაისს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „ანა ახალაიას დღის ამბები“ სტუმრად მოწვეულ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ თეონა ჭალიძეს მობილურ ტელეფონზე ზარი შეუვიდა. ჭალიძის განცხადებით, მას ციხიდან ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ურეკავდა: „მე მგონი ერთ-ერთი პოლიტპატიმარი მირეკავს ახლა ციხიდან, არ ვიცი, ასე მგონია, თითქოს ასეთი ნომერია“. მას შემდეგ, რაც წამყვანი მას ტელეფონზე პასუხის ნებას აძლევს, თეონა ჭალიძის მობილურიდან მისალმების ხმა ისმის. თეონა ჭალიძის კითხვის შედეგად კი ირკვევა, რომ მას ფრიდონ ბუბუტეიშვილი ურეკავს ციხიდან:

თეონა ჭალიძე – რომელი ბრძანდებით?

ფრიდონ ბუბუტეიშვილი მობილური ტელეფონიდან – ფრიდონი.

თეონა ჭალიძე – ფრიდონ, თქვენ ბრძანდებით! ფრიდონ ბუბუტეიშვილი გვირეკავს ციხიდან. ახლა „ტვ პირველზე“ ვარ, ფრიდონ, და ვიცანი ნომერი და ასე გადის ხმა თქვენი. თუ გნებავთ, ერთი-ორი წინადადება თქვით ხმამაღლა, მთელი საქართველო გისმენთ.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი მობილური ტელეფონიდან – მიყვარხართ! მენატრებით ძალიან!

თეონა ჭალიძე – თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

ფრიდონ ბუბუტეიშვილი მობილური ტელეფონიდან – თავისუფლება! თავისუფლება ყველას და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, 100%-იანი.

თეონა ჭალიძე – მადლობა! მადლობა, ფრიდონ, მოგვიანებით შეგეხმიანებით.

ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“, იგივე ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 2025 წლის 20 იანვარს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას 1-ელ მაისს გამართულ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას  ქვის სროლის ნიადაგზე მეხანძრე-მაშველისა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება ედება ბრალად.

ამრიგად, „ტვ პირველის“ ეთერში თეონა ჭალიძეს ნამდვილად პოლიტპატიმარმა, კერძოდ, ფრიდონ ბუბუტეიშვილმა დაურეკა. ვიდეოები, რომლებშიც მობილური ტელეფონიდან მიხეილ სააკაშვილის ხმა და უხამსი სიტყვები ისმის, რედაქტირებულია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]