Home » В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო (1, 2, 3), რომლითაც ანგარიშები ამტკიცებენ, რომ კიევიდან დაბრუნებისას მატარებელში საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს მაგიდაზე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ჰქონდა და ჟურნალისტების კუპეში შესვლისას ის გადამალა. მაკრონის გარდა, ბრალს სდებენ გერმანიის კანცლერ მერცს, რომ ის კოვზს მალავდა. პროსახელისუფლებო არხებმა, მათ შორის, POSTV-ანალიტიკამ დანიუსჰაბმა“ აღნიშნული ამბავი ამერიკელი კონსპიროლოგი ბლოგერის ალექს ჯონსის ციტატით და მის მიერ გავრცელებული ვიდეოთი გამოაქვეყნეს. „არანაირი განმარტება მოცემულ ფაქტზე, ზელენსკიმ, რომელიც კოკაინის ცნობილი მომხმარებელია, ისინი [მაკრონი, მერცი და სტარმერი] ახლახან მიიღო სტუმრად, სამივე „ლიდერი“ ძლიერ აღგზნებულად გამოიყურება“, – წერს ჟურნალისტი. ვიდეო  TikTok-პლატფორმაზეც გავრცელდა.  ასევე, იგივე მტკიცება გაავრცელეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ და კრემლის პროპაგანდისტული მედია Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა. მტკიცება ფართოდ გავრცელდა რუსული მედიების მიერაც (1, 2, 3). რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დაბალი გარჩევადობისაა. მაღალი გარჩევადობის ფოტოში, რომელიც AFP-მ გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მაკრონი რეალურად ხელსახოცს იღებს.  

აღნიშნული ვიდეო ამერიკელმა ჟურნალისტმა ალექს ჯონსმა 2025 წლის 11 მაისს გაავრცელა.  40-წამიანი ვიდეო, რომელსაც რამდენიმე საათში 18 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, სავარაუდოდ, მიზანმიმართულადაა დაბალი გარჩევადობის. ამერიკელი ბლოგერი ალექს ჯონსი დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით გამოირჩევა. მის მიერ გავრცელებულ ყალბ მტკიცებებს არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოხმაურებია. ალექს ჯონსს სასამართლოში უჩივლეს 2012 წელს კონექტიკუტის შტატის სკოლაში მომხდარი თავდასხმის უარყოფის გამო. მას სროლისას დაღუპული ბავშვის მშობლებმა უჩივლეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჯონსის გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, მათ ემოციური ზიანი მიადგათ. თავდასხმა, რომელთან დაკავშირებითაც ჯონსი ამბობდა, რომ სიცრუე იყო, ოცი ბავშვი და 6 მოზრდილი ემსხვერპლა. საბოლოოდ, სასამართლომ ჯონსს 1.5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

კადრი ალექს ჯონსის ვიდეოდან

 

უკრაინისკენ მიმავალ მატარებელში, საიდანაც აღნიშნული კადრები გავრცელდა, პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ. AFP-ის ფოტოგრაფმა კიევისკენ მიმავალ მატარებელში 2025 წლის 9 მაისს გადაიღო ვიდეო, რომელსაც უფრო კარგი ხარისხი აქვს და მასში ნივთების გარჩევა მეტად შესაძლებელია. თუმცა, მკაფიო სურათს არც ეს ვიდეო იძლევა. ვიდეოს გარდა, ხელმისაწვდომია AFP-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მაკრონმა რეალურად მაგიდიდან ხელსახოცი აიღო. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ თეთრი ნივთი რეალურად ხელსახოცია.

საგულისხმოა, რომ არც ამერიკელი კონსპიროლოგი წამყვანის და არც AFP-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არ დასტურდება მტკიცება, რომ მერცი კოვზს მალავს. ვიდეოში ჩანს, რომ გერმანიის კანცლერი ხელში ყვითელი ფერის პატარა ნივთს იღებს, რომელიც კოვზს საერთოდ არ ჰგავს და  შეხვედრისას ეს ნივთი ხელში უჭირავს.

კადრი ვიდეოდან

გავრცელებულ ვიდეოს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ელისეის სასახლის ოფიციალურ ანგარიში X-ზე გამოეხმაურა. პოსტში ვკითხულობთ: „როდესაც ევროპული ერთიანობა არასასიამოვნო ხდება, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკებს უკავშირებს. ამ ყალბ ამბავს საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ჩვენ მანიპულაციების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ“.

როგორც აღინიშნა,  კიევისკენ მიმავალ მატარებელში პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტები და ფოტოგრაფებიც იყვნენ მიწვეულნი, რომლებიც ამ ვიზიტს აშუქებდნენ. ამდენად, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ პოლიტიკოსები ჟურნალისტების მატარებელში ყოფნის პარალელურად კოკაინს მოიხმარენ.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]