სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიაზეა საუბარი. პოსტის ავტორი მთავარ აქცენტს მსოფლიო მმართველობის დამყარების მცდელობაზე აკეთებს და ამ კონტექსტში განიხილავს „სიონის ბრძენთა პროტოკოლებს“ („სიონის უხუცესთა პროტოკოლებს“):
„მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი წერილობითი ნაშრომია, რომელიც თითქმის ყველა ცივილიზებული ერის ენაზეა ნათარგმნი და მრავალჯერ გამოცემული. მიგვაჩნია, რომ ამ წიგნში გადმოცემული მზაკვრული იდეების ხორცშესხმის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელიც ყველა ქვეყანაზე და განსაკუთრებით განვითარებადად წოდებულ ქვეყნებზე (სამწუხაროდ, მათ შორის საქართველოც შედის) მთელი თავისი დამთრგუნველი ძალისხმევით ზემოქმედებს და ჯერ მისი შეცნობისა და შემდგომ მისგან თავდახსნის გზების ძიების გარეშე, კიდევ უფრო უარეს მომავალს გვიქადის… არიან ცნობილი მეცნიერები, რომლებიც დოკუმენტალურად და ლოგიკურად ასაბუთებენ მსოფლიო ბატონობის რასისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული გეგმების არსებობას და მისი განხორციელების რეალურ მექანიზმებსაც ააშკარავებენ. მათ შორის გამორჩევით აღსანიშნავია ოლეგ პლატონოვი, რომლის წიგნიც „სიონის პროტოკოლების საიდუმლო“ უამრავ ფაქტოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით ასაბუთებს სიონისტი მოღვაწეებისა და მათი ორგანიზაციების მიერ მწყობრად ჩამოყალიბებული მსოფლიოზე ბატონობის იდეოლოგიის არსებობას და მასზე დაფუძნებული მსოფლიო მთავრობის შექმნის საშიშროების რეალობას“.
სინამდვილეში, „სიონის უხუცესთა პროტოკოლები“ ანტისემიტური პამფლეტია, რომელიც, როგორც უკვე დიდი ხანია დადგინდა, ყალბია.
„სიონის უხუცესთა პროტოკოლები“ ყალბი დოკუმენტია, რომელიც თითქოს ებრაელების მსოფლიოზე დომინაციის გეგმას წარმოადგენს. ის თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა და მას შემდეგ ფართოდ გავრცელებული შეთქმულების თეორიის საფუძველს წარმოადგენს, თითქოს ებრაელები მსოფლიოს კონტროლს ცდილობენ.
წლების განმავლობაში პროტოკოლების სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა და დღემდე ვრცელდება. დღემდე კონსენსუსი არაა იმაზე, თუ ვინ იყო ამ გაყალბებული ტექსტის შექმნის ავტორი ან უშუალო განმახორციელებელი. არსებობს მოსაზრება, რომ
თავდაპირველად „სიონის უხუცესთა პროტოკოლები“ 1903 წელს რუსეთის იმპერიაში საიდუმლო პოლიციის (ოხრანკა) მიერ შეიქმნა. პოლონური ორგანიზაციის Infoops-ის ცნობით, პროტოკოლების შექმნის მიზანს იმ პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების ებრაელებზე გადაბრალება წარმოადგენდა, რომლებიც მაშინ რუსეთში არსებობდა.
ავტორის ვინაობისგან განსხვავებით, დადასტურებულია, რომ პროტოკოლების ტექსტი ყალბია. ის სხვა ნაშრომებიდანაა შეგროვებული და იმგვარადაა გადაკეთებული, რომ ანტისემიტურ ხასიათს ატარებს, რათა ებრაელების მიერ მსოფლიო კონტროლის შეთქმულება „დაადასტუროს“.
წყარო: infoops.pl
კონსპირატორების მტკიცებით, პროტოკოლები წარმოადგენს საიდუმლო ჩანაწერებს, რომელსაც, სავარაუდოდ, „სიონის სწავლული უხუცესების“ ჯგუფი ატარებდა. სინამდვილეში, ჩანაწერები ყალბია და სხვადასხვა ტექსტის პლაგიატს წარმოადგენს.
დოკუმენტი დაახლოებით 80 გვერდისგან შედგება და 24 ოქმს მოიცავს. თითოეული მათგანი მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკის, ფინანსური ბაზრების, განათლებისა და მედიის კონტროლის საიდუმლო გეგმას აღწერდა ებრაელების სასარგებლოდ. ამას გარდა, აღნიშნული ანტისემიტური ყალბი მტკიცებების მიხედვით, ებრაელები ქრისტიანებისა და სხვა მსოფლიო რელიგიების განადგურებას ისახავენ მიზნად და ისინი სარგებელს მსოფლიოში საომარი მდგომარეობის დამკვიდრებით მიიღებენ.
„სიონის უხუცესთა პროტოკოლების“ სხვადასხვანაირი ვერსია/გამოცემა არსებობს, თუმცა ყველა მათგანი მიზნად მსოფლიო გამოწვევების ებრაელებზე დაბრალებას – ანუ ანტისემიტიზმის გავრცელებას – ისახავს.
როგორც უკვე აღინიშნა, „სიონის უხუცესთა პროტოკოლების“ პირველი ვერსია 1903 წლით თარიღდება, როდესაც იგი რუსულ გაზეთ „ზნამიაში“ („დროშა“) გამოქვეყნდა. „ზნამია“ პაველ კრუშევანს ეკუთვნოდა, რომელიც მწერალი და ცნობილი ანტისემიტი იყო. კრუშევანი რუსეთის იმპერიაში რამდენიმე გაზეთის მფლობელი იყო და მათ მეტწილად ებრაელთა სიძულვილის გასაღვივებლად იყენებდა.
კრუშევანის მტკიცებით, პროტოკოლები „მასონებისა და სიონის უხუცესთა მსოფლიო კავშირის“ შეხვედრის ოქმი იყო და ებრაელებს მსოფლიო მმართველობის შეთქმულებაში ადანაშაულებდა. სავარაუდო „მტკიცებულებად“ კი მან მაშინდელი სიონისტური მოძრაობა მოიყვანა, რომელიც იმ დროს ებრაელების უძველეს ებრაულ სამშობლოში დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოს შექმნას უჭერდა მხარს.
1905 წელს „სიონის უხუცესთა პროტოკოლები“ ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ წიგნის დანართის სახით გამოსცა რუსმა ანტისემიტმა მისტიკოსმა სერგეი ნილუსმა. მასში ნათქვამია, რომ ებრაელები სატანური ძალების აგენტები არიან და ისინი მსოფლიოს განადგურებას ცდილობენ.
1920 წელს ბრიტანელმა ჟურნალისტმა და დიპლომატმა ლუსიენ ვულფმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც „უხუცესთა პროტოკოლები“ სიყალბედ გამოაცხადა. კერძოდ, მან აღმოაჩინა, რომ გერმანულენოვანი ნოველის Biarritz ერთ-ერთ თავში გამოთქმული იდეები პროტოკოლების ფაბრიკაციულ ტექსტს წარმოადგენდა: ნოველაში ებრაელი ლიდერები საიდუმლოდ ხვდებიან პრაღის ძველ ებრაულ სასაფლაოზე და შეხვედრის დასასრულს, მათ მხარდასაჭერად ეშმაკი გამოეცხადათ. 1921 წელს გაზეთმა The Times „სიონის უხუცესთა პროტოკოლები“ გაყალბებულ დოკუმენტად გამოაცხადა, რამდენადაც Times-მა აღმოაჩინა, რომ პროტოკოლების დიდი ნაწილი ფრანგული პოლიტიკური სატირიდან – მორის ჟოლის „დიალოგი ჯოჯოხეთში მაკიაველისა და მონტესკიეს შორის“ (1864) – იყო გადატანილი. სატირაში ებრაელები საერთოდ არ არიან ნახსენები. მომდევნო წლებში სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა გამოცემაში არაერთხელ გამოცხადდა პროტოკოლები ყალბ ჩანაწერებად.
მიუხედავად პროტოკოლების სიყალბის გამჟღავნებისა, ადოლფ ჰიტლერის გერმანიის სათავეში მოსვლის შემდეგ, ნაცისტური პროპაგანდა ხშირად იყენებდა „სიონის უხუცესთა პროტოკოლების“ იდეებს გერმანელების ებრაელებისადმი აგრესიისკენ მოწოდებაში. პროტოკოლების ანტისემიტურ პროპაგანდაში გამოყენება გერმანიის საზღვრებს გასცდა და სამხრეთ აფრიკისა და შვეიცარიულ სასამართლოებში 1934 და 1935 წლებში განიხილეს ექსტრემისტი ნაციონალისტების მიერ „სიონის უხუცესთა პროტოკოლების“ გავრცელების საქმე. სამხრეთ აფრიკის სასამართლომ მას „ცილისმწამებლური დოკუმენტი“ უწოდა, ხოლო შვეიცარიულმა სასამართლომ – „სასაცილო სისულელე“.
1964 წელს კიდევ ერთხელ გამოცხადდა პროტოკოლები, როგორც „ბოროტი ტყუილი“. უფრო კონკრეტულად, აშშ-ის სენატის ქვეკომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ახსნილი იყო, რომ პროტოკოლები „წარმოადგენს ერთ-ერთ იმ თაღლითურ დოკუმენტს, რომელიც „საერთაშორისო ებრაული შეთქმულების“ მითს ავრცელებს“. სენატმა პროტოკოლები „სისულელედ“ შეაფასა.
წყარო: jewishpress
ამრიგად, „სიონის უხუცესთა პროტოკოლები“ ყალბი დოკუმენტია, რომელიც ანტისემიტიზმის გავრცელებას უწყობს ხელს და ებრაელების წინააღმდეგ მიმართული კონსპირაციული თეორიების საფუძველს წარმოადგენს.
Facebook-მომხმარებელი მოცულობით პოსტში ზოგადად მსოფლიო მმართველობისა და საიდუმლო საზოგადოებების შესახებაც საუბრობს. აღნიშნულიც ფართოდ გავრცელებულ შეთქმულების თეორიას წარმოადგენს (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია ამ თემაზე).