Home » დეზინფორმაცია: ვიდეოში ასახული აფრიკელი დემონსტრანტები დიდი ბრიტანეთიდან ინგლისელების დეპორტაციას ითხოვენ
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

დეზინფორმაცია: ვიდეოში ასახული აფრიკელი დემონსტრანტები დიდი ბრიტანეთიდან ინგლისელების დეპორტაციას ითხოვენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო შემდეგი აღწერით: „„გადით კოლონიზატორებო!“: აფრიკელი აქტივისტების მსვლელობა ლონდონის ცენტრში. აფრიკელი მომიტინგეების მონაწილეობით გამართულ მიტინგზე, რომლებიც სკანდირებდნენ „კოლონიზატორებო, გადით!” ლონდონის ცენტრში გაიმართა. — „გადით კოლონიზატორებო!“ მსვლელობის მონაწილეები ბრიტანელების დეპორტაციას მოითხოვდნენ, მათ კოლონიალისტების შთამომავლებს უწოდებდნენ და ისტორიულ დანაშაულებში ადანაშაულებდნენ.“- სინამდვილეში მსვლელობის მონაწილეები დიდი ბრიტანეთიდან ინგლისელების დეპორტაციას არ ითხოვდნენ, მარში ბურკინა ფასოს ლიდერის იბრაჰიმ ტრაორეს მხარდასაჭერად მოეწყო (1; 2).

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბანერი, რომელზეც წერია: „Africa is not poor, Africa is exploited, Colonizers out” („აფრიკა არ არის ღარიბი, აფრიკა ექსპლუატირებულია. კოლონიზატორები გარეთ!“). გარდა ამისა, ჩანს დროშები და პლაკატები, რომელზეც პორტრეტია დაბეჭდილი. ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, დადგინდა, რომ პორტრეტზე ბურკინა ფასოს ხუნტის ლიდერი იბრაჰიმ ტრაორეა გამოსახული. გარდა ამისა, ვიპოვეთ YouTube ვიდეოები, რომლის აღწერის თანახმად, ვიდეო ლონდონშია გადაღებული და იბრაჰიმ ტრაორეს გლობალური მხარდასაჭერი დემონსტრაციის ნაწილია. იმ ფაქტს, რომ ეს ვიდეოები ერთი და იმავე საპროტესტო აქციიდანაა და ნამდვილად ლონდონშია გადაღებული, რამდენიმე დეტალი ადასტურებს. მაგალითად, ბანერები:

ვიდეოს ლოკაცია რომ ლონდონია, დასტურდება იმითაც, რომ კადრში ვხედავთ ორსართულიან ავტობუსებს, რომელიც ლონდონისთვისაა დამახასიათებელი. ასევე შევძელით ერთ-ერთი ლოკაციის ზუსტად დადგენა.

კადრები გავრცელებული ვიდეოდან:

აღნიშნული ლოკაცია Google Maps-ზე:

ამგვარად, ვიდეოში მყოფი აქციის მონაწილეების მოთხოვნა დიდი ბრიტანეთიდან ინგლისელების დეპორტაცია არ ყოფილა. ისინი ბურკინა ფასოს ხუნტის ლიდერის იბრაჰიმ ტრაორეს მხარდასაჭერად გამოვიდნენ. პარალელურად, აქცია იმართებოდა ბურკინა ფასოს დედაქალაქის, უაგადუგუს ცენტრალურ მოედანზეც.

2025 წლის აპრილის ბოლოს ბურკინა ფასოს დედაქალაქში აქცია მოეწყო, სადაც მოქალაქეები ხუნტის ლიდერის, კაპიტან იბრაჰიმ ტრაორეს გამოსახულებიანი პლაკატებითა და, ასევე ბურკინა ფასოსა და რუსეთის დროშებით გამოვიდნენ.

პოსტერებზე სხვადასხვა შინაარსის სლოგანი ეწერა, როგორებიცაა: „დავამხოთ იმპერიალიზმი და მისი ადგილობრივი მსახურები“ და „სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ იბრაჰიმ ტრაორესა და ბურკინა ფასოს ხალხს“.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხუნტის მხარდამჭერი დემონსტრაცია მას შემდეგ, რაც ტრაორემ ხელისუფლება  2022 წლის სექტემბრის გადატრიალების გზით აიღო ხელში, ქვეყანაში, რომელიც უკვე ათწლეულია ჯიჰადისტურ თავდასხმებს ებრძვის. იბრაჰიმ ტრაორეს მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი შეიკრიბა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა გადატრიალების მცდელობის შესახებ და აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან ხუნტის ლიდერ იბრაჰიმ ტრაორეს მისამართით კრიტიკული კომენტარები გაკეთდა.

2025 წლის 21 აპრილს ხუნტამ განაცხადა, რომ ჩაშალა „მასშტაბური შეთქმულება“, რომლის ორგანიზატორებიც მეზობელ კოტ-დ’ივუარში იყვნენ. ამ საქმეზე დააკავეს არმიის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი. ტრაორე რეგულარულად ადანაშაულებს კოტ-დ’ივუარს ოპოზიციონერების შეფარებაში, რასაც მეზობელი ქვეყანა უარყოფს.

უკანასკნელი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხუნტამ რამდენიმე ათეული სამხედრო პირი დააკავა, მათ შორის ჟანდარმერიის ყოფილი უფროსი ევრარ სომდა, შეთქმულების დაგეგმვასა და რესპუბლიკური ინსტიტუტების დესტაბილიზაციაში ბრალდებით.

ხელისუფლება ხშირად ახშობს განსხვავებულ აზრს, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წრეებში, და ამას ანტიჯიჰადისტური ბრძოლის ნაწილად აცხადებს.

გასულ წლამდე აშშ-ს სამხედრო ბაზები ჰქონდა ბურკინა ფასოს მეზობელ ნიგერში, რაც საჰელის რეგიონში – საჰარის სამხრეთით მდებარე მშრალ ზონაში – ანტიტერორისტული საქმიანობის ნაწილი იყო. თუმცა, დასავლეთ აფრიკულმა ქვეყანამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო შეთანხმება გააუქმა და ამის შემდეგ აშშ-მა იქიდან ჯარები გაიყვანა.

ბურკინა-ფასო, ისევე როგორც მისი მეზობლები – ნიგერი და მალი – უკვე ათწლეულზე მეტია, იბრძვიან ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომელთაგან ზოგიერთს ალ-ქაიდასა და ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებასთან აქვს კავშირი.

ბოლო წლების განმავლობაში სამივე ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ხუნტებმა შეწყვიტეს სამხედრო თანამშრომლობა აშშ-სა და საფრანგეთთან, რომლებიც აქამდე მათი ხანგრძლივი დასავლელი პარტნიორები იყვნენ და სამხედრო დახმარებისთვის რუსეთს მიმართეს.

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]