Facebook-მომხმარებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. პოსტში სააკაშვილი თითქოს წერდა: „დროა ვენესუელაში წავიდე და იქაურ ხალხს დავეხმარო. მე ვგრძნობ რომ მათ ვჭირდები და შევძლებ იმის გაკეთებას, რაც უკრაინაში ოლიგარქიულმა რეჟიმმა არ მაცადა. იქ შევქმნი “ახალ საქართველოს” რომელსაც აქვს დიდი სიმდიდრე ნავთობის სახით. ყველა კორუმპირებულ ადამიანს მივუჩენ საკადრის ადგილს და ახალ, ქვეყნის ლიდერთან ერთად გაჭირვებიდან ამოვიყვანთ ვენესუელელ ხალხს. მიწვევა მიღებულია. ასე რომ…“. სინამდვილეში, გავრცელებული პოსტი ყალბია და სააკაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).
საგულისხმოა, რომ პოსტს თარიღად 30 იანვარი აწერია, თუმცა არ ჩანს წელი (ის, სავარაუდოდ, გადაშლილია). მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე საკვანძო სიტყვებით ძიებისას იდენტური პოსტი არ იძებნება. ყალბი პოსტის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ის ვენესუელაში 2019 წლის კრიზისთან და საპროტესტო აქციებთან უნდა იყოს დაკავშირებული. 2019 წლის 30 აპრილს სააკაშვილმა ვენესუელას მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა ის ზემოაღნიშნულისგან განსხვავებულია.
აღსანიშნავია, რომ ციტატა, რომელსაც სააკაშვილს მიაწერენ, სოციალურ ქსელში 2019 წელსაც ვრცელდებოდა. Facebook-ზე იძებნება გამოცემა Georgian Times-ის ბმული, თუმცა ბმულზე გადასვლისას ჩანს, რომ სტატია წაშლილია. საგულისხმოა, რომ არცერთი სანდო მედიის გვერდზე მსგავსი ციტატა არ იძებნება.
ცნობისთვის, 2018 წლის მაისში ნიკოლას მადურო 6-წლიანი ვადით კიდევ ერთხელ აირჩიეს პრეზიდენტად. მის გაპრეზიდენტებას ბოიკოტი მოჰყვა და მას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი, მათ შორის, ლიმას ჯგუფის სახელით ცნობილმა 14-მა ქვეყანამ. ამის მიუხედავად, მადურომ პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად 2019 წლის იანვარში დაიკავა. ორი კვირის შემდეგ, 15 იანვარს, ეროვნულმა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ მადუროს პრეზიდენტად არჩევა არალეგიტიმური იყო. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის (დროებითი პრეზიდენტის) პოსტს დაიკავებდა მანამ, სანამ ქვეყანაში ვენესუელას 1999 წლის კონსტიტუციის მემკვიდრეობის წესების შესაბამისი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდებოდა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის უმეტესმა ქვეყნებმა და ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციამ. თუმცა მადუროსაც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები ჩინეთის, კუბას, თურქეთისა და რუსეთის სახით.
ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.