Home » გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში

მიმდინარე წლის 28 მარტს „ქართული ოცნების“ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან 16:00 სთ-ზე საპროტესტო აქცია გაიმართა.  2008 წლის ომის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების კომისიაზე დაბარებამ პროტესტი გამოიწვია. პროტესტის მონაწილეების თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას კომისიის, მათ შორის, მისი თავმჯდომარე, თეა წულუკიანის, მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის წარსულისა და გმირების შეურაცხყოფის ტოლფასია. პარალელურად, კომისია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენდა.

აქციის მიმდინარეობისას, სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი დააკავეს, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი – „ანწუხელიძე უკვდავია“ (იხილეთ ფოტო). ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში, და არა მარტო, საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

ამის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ თეა წულუკიანმა 11 აპრილს საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, „ჩვენი [კომისიის] მიზანია იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების… გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, – დასძინა მან.

ამ განცხადებასაც საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები, როგორც სოციალური ქსელების საშუალებით, ისე წულუკიანის სახლთან მის განცხადებას აკრიტიკებდნენ. 12 აპრილს ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე აცია გაიმართა სახელწოდებით „ანწუხელიძე უკვდავია“. სტუდენტური მოძრაობა Facebook-ზე წერდა: „თეა წულუკიანი უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ გიორგი ანწუხელიძე, ადამიანი, რომელმაც თავგანწირვის ფასად არ გადაუხვია სამშობლოს სიყვარულს და სიცოცხლის ბოლო წამამდე ებრძოდა მტერს, უაზროდ გაწირულად მოიხსენიოს. გიორგი ანწუხელიძე რუსებს მარტო დარჩენილიც ებრძოდა, მათ ვერ მოიპოვეს გმირის მორჩილება და ვერაფრით მიაყენებინეს შეურაცხყოფა საქართველოს სიმბოლოსთვის, ქართული დროშისთვის. ჩვენ ავიტანთ ამ ხსოვნის შეურაცხყოფას? ნიჰილიზმი და შიში ამასაც აგვატანინებს? ერის ღირსება ყველაზე ძვირფასია, გამოდი!“.

პრორუსული აქტორები გიორგი ანწუხელიძის დისკრედიტაციას ცდილობენ

საქართველოს ეროვნულ გმირზე თეა წულუკიანის ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა ემზარ კვიციანმა გამოაქვეყნა, ვიდეოში კვიციანი ამტკიცებდა, რომ „ქვეყნის მტრები“ [ხელისუფლებისადმი კრიტიკული განწყობილი ჯგუფები] საეჭვოდ აბრუნებენ და იყენებენ ანწუხელიძის სახელს. მისი თქმით, აქვს ეჭვი, რომ ანწუხელიძე, ისევე როგორც მერაბ მინდიაშვილი (მეტსახელით „ვირო“[1]), ხომ არ დააძინეს და ისე გადასცეს მტერს „იმისთვის, რომ მერე მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მეხუთე კოლონიისთვის გადმოეცა ფრაგმენტები ამ წამების, რათა ისევ მოღალატეებს გამოეყენებინათ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მაქვს კითხვა, როგორ მოხდა ტყვეობაში ჩვენი გმირი ვაჟკაცი, რომელიც მართლაც გმირულად შეაკვდა მტერს, როგორ მოხვდა ტყვეობაში ანწუხელიძე?“, – ამბობს TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კვიციანი.

ემზარ კვიციანი 2004 წლამდე კოდორის ხეობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წარმომადგენელი იყო. თანამდებობა 2004 წლის დეკემბერში გაუქმდა. კვიციანი შემდეგ ხელმძღვანელობდა გასამხედროებულ ჯგუფ „მონადირეს“. ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევიდა, მაგრამ მალევე  მაშინდელმა  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შენაერთი დაშლილად გამოაცხადა.

2006 წლის ივლისში ემზარ კვიციანმა საქართველოს ხელისუფლებას კოდორის ხეობიდან დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ნებისმიერ მცდელობას მისი ჯგუფის განიარაღების თაობაზე წინ აღუდგებოდა. 2006 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავრობამ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია დაიწყო. „მონადირემ“ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, დაიჭრა შსს-ს 2 თანამშრომელი, ხოლო  ემზარ კვიციანი გაიქცა და თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარა.

რუსეთში გაქცეულმა კვიციანმა იმავე წელს რუსეთის პირველ არხს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ სპეცოპერაციისას საქართველოს ხელისუფლებამ დაქირავებული მკვლელები, მათ შორის, ამერიკელებიც, გამოიყენა. გაიხსენა, რომ სპეცოპერაციის ერთ – ერთ მონაწილეს  ნიღაბი ჩამოგლიჯა და ის შავკანიანი აღმოჩნდა.

2018 წელს ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში კვიციანმა აღიარა, რომ რუსულ მედიასთან საუბარში კოდორის 2006 წლის მოვლენების თაობაზე ტყუილ ინფორმაციას ავრცელებდა. მისი თქმით, 2006 წლიდან 2012 წლამდე რუსული პროპაგანდისტული მედიის დავალებებს ასრულებდა და რუსული სახელმწიფო არხების ეთერში ჰყვებოდა იმას, რასაც მოსკოვში ავალებდნენ. მიზეზად კი ასახელებს, რომ ოჯახი მოსკოვში ჰყავდა და შესაბამისად, მსგავს განცხადებებს იძულებით აკეთებდა.

„რაც შეეხება განცხადებებს, ჩემთვის მთავარი იყო, რომ ქმედება არ შემოეთავაზებინათ, თორემ განცხადება ჩემთვის არაფერი იყო. მე ოჯახი მყავდა გადასარჩენი: 2 წლის გოგონა, 12 წლის და 14 წლის ბიჭები და მეუღლე. თქვენ როგორ მოიქცეოდით?“, – ამბობდა კვიციანი. წამყვანის კითხვას, შანტაჟის გამო აკეთებდა ასეთ განცხადებებს და პროცესის მონაწილეებად ამერიკელების გამოყვანას ცდილობდა, ის ასე პასუხობს: „მე ჩემმა ხელისუფლებამ დამაშანტაჟა. ჩემმა ხელისუფლებამ მომახვედრა იქ [რუსეთში]”.

„ჩემი ოჯახი [რუსეთში] იყო გატყუებული. მე სად წავიდოდი? თან არსად წასასვლელი არ მქონდა, სხვა საზღვარი მქონდა სადმე? მით უმეტეს, რომ უკვე წამიყვანეს, მე შემეძლო იქიდან წამოსვლა, ვერტმფრენის გატაცებაც შემეძლო იმიტომ, რომ იარაღიც მქონდა იმ პერიოდში, მაგრამ სად წავსულიყავი, უკვე ვიცოდი, რომ ერთნი იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლება და რუსეთი“.

თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-თან ამბობდა, რომ კვიციანმა „კავკასიის“ ეთერში ზღაპრები ილაპარაკა. მისი თქმით, როდესაც კვიციანი 2006 წელს ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩაერთო და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, მისი ოჯახი ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრობდა.

საგულისხმოა, რომ კვიციანი ქვეყანაში  2014 წელს, ხელისუფლების ცვლილებიდან ორი წლის შემდეგ დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს. ის პატიმრობიდან 2015 წელს პროკურატურის შუამდგომლობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. 2015  წლიდან კვიციანი  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო. 2016-2020 წლებში-საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო,  საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“.  პარტია კვიციანმა 2020 წლის ივნისში დატოვა. მისი ფეისბუქ პოსტის მიხედვით,  არ უნდოდა  საკუთარი “სარისკო ქმედებებით” ზიანი მიაყენებინა მისთვის ძვირფასი ადამიანებისთვის, გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღო.

კიდევ ერთი პირი, რომელიც ანწუხელიძის ისტორიის გადაწერას ცდილობს ირაკლი ზაქარეიშვილია (პოსტის დაარქივებული ბმული).

ზაქარეიშვილი წერს, რომ გიორგი ანწუხელიძის გმირობა  აშშ-ს სპეცსამსახურის რეკომენდაციითა და  გამოგონილი ისტორიით, სააკაშვილმა შექმნა. გარდა პროპაგანდისა, პოსტში მრავლადაა ყალბი ინფორმაცია. კერძოდ, ირაკლი ზაქარეიშვილი ავრცელებს ტყუილს, რომ  არ არსებობს გიორგი ანწუხელიძის გმირობის დამადასტურებელი მტკიცებულება. რეალურად კი, საქართველოს ეროვნული გმირის წამების კადრები საჯაროდაა ხელმისაწვდომი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე 23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძის ცხედარი 2008 წლის ნოემბერში გადმოასვენეს. ანწუხელიძის წამების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.

ზაქარეიშვილი პოსტში ასევე აცხადეს, რომ არსებობს კადრები, სადაც გიორგის ეკითხებიან – „სააკაშვილი ხომ არის ნაბო*****” – რაზეც ის თანხმობით პასუხობს “ჰოს!“. რეალურად, არც აღნიშნული მტკიცება დასტურდება. მსგავსი კადრი არ იძებნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2018 წელს რუსთავი 2-თან ინტერვიუში საპირისპირო გაიხსენა. მისი თქმით, გიორგი ანწუხელიძეს როცა აწამებდნენ სააკაშვილი დაგმობასაც სთხოვდნენ, რაც გიორგიმ არ გააკეთა: „მე მინდა ყველას შევახსენო, გიორგი ანწუხელიძეს როცა კლავდნენ, გიორგი ანწუხელიძეს მოსთხოვეს, დაგმე მიშა სააკაშვილი, დაგმე მიშა სააკაშვილი. და ის, რასაც აკეთებს ზურაბიშვილი, ყველა ეს ხალხი, რასაც აკეთებს ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი, გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა და ეს არ გააკეთა. იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილის მხარეს იყო, იმიტომ, რომ მას მიაჩნდა, რომ ეს იყო საქართველოს ღირსება და პრესტიჟი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

პოსტში ზაქარეიშვილი აგრძელებს: „ანწუხელიძე 41-ე ბატალიონის 35 სამხედროსთან ერთად თავს დაესხა რუს სამშვიდობო კონტინგენტს, რა დროსაც მოკლული იქნა 20 სამხედრო მოსამსახურე, 20-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი!. მოწინააღმდეგე მხარის კონტრშეტევის დაწყებისთანავე, ანწუხელიძე ცხინვალიდან გაიქცა, რა დროსაც შეპყრობილი იქნა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ!.. დაკითხვის ოქმის მიხედვით, მან დაფქვა რა ყველაფერი რაც იცოდა – ხელი შეაწმინდა მასთან ერთად დატყვევებულ თუ გაქცეულ თავის თანამებრძოლებს და განაცხადა, რომ რომ სწორედ მათ მოკლეს 20 სამშვიდობო და 20-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი!“. რეალურად, ყველა ეს ბრალდება უსაფუძვლოა და ყოველგვარი დამადასტურებელი წყაროს გარეშე ვრცელდება. ის ბრალდება, რომ ქართული მხარე სამშვიდობო კონტინგენტს დაესხა თავს, რუსული პროპაგანდის ნაწილია. პროპაგანდისტული მანქანა აგვისტოს ომში თავის გასამართლებლად რამდენიმე მტკიცების დამკვიდრებას ცდილობს, მათ შორის,  იმის, რომ ომი საქართველომ მძინარე ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, ხოლო რუსეთი იძულებული გახდა, კონფლიქტში ჩარეულიყო; პროპაგანდისტული ნარატივების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებისა და სამშვიდობოების საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ.

მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში ბრალი არა საქართველოს, არამედ რუსეთს ედება. 2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე დაკავების ბრძანებები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსანთან მიმართ გასცა. გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, დაადგინა უკვე გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი. გამოძიების ვარაუდით, მან განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას. ბრალდებული სკამზე არ აღმოჩნდა ქართული მხარე, შესაბამისად, ქართულ ჯარის მხრიდან ომის დანაშაული არ დასტურდება.

ჰააგის პროკურორი კარიმ ხანი იძიებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებს [მათ შორის სამშვიდობო მისიაზე შესაძლო თავდასხმის საკითხი], რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი.

„ბრალდებები, რომელთა მიმართაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა“— ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ომიდან 13 წლის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ისეთ მძიმე დანაშაულებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში დააკისრა პასუხისმგებლობა, როგორებიცაა: „მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების მკვლელობა და სიცოცხლის უფლების ხელყოფა; მათი წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა და ქართული სოფლების გადაწვა, გაძარცვა და განადგურება; ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა“.

ირაკლი ზაქარეიშვილი წარსულში  შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დათა ახალაიას ადვოკატი იყო, ადვოკატობის პერიოდში ზაქარეიშვილი აქტიურად იცავდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ქმედებებს, მათ შორის 2011 წლის  26 მაისის მოვლენებს. ასე მაგალითად, როცა 2016 წელს 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავებების ფაქტზე, ბრალდებულად ცნეს კუდ-ის ყოფილი უფროსი დავით ახალაია, ირაკლი ზაქარეიშვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას  „ქართული ოცნების ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა“ უწოდა და აღნიშნა: „ე.წ. 26 მაისის აქცია, იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას. აქციები ორგანიზებული გახლდათ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. საზოგადოებას კარგად ახსოვს მომიტინგეთა ფორმალური ლიდერის ნინო ბურჯანაძესა და მის თანამოაზრეებს შორის საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების შინაარსი, რომლის ავთენტურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ამ საუბრებში ბურჯანაძე და მისი ვაჟი განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ თუკი ვითარების რადიკალიზაციით მოხერხდებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, “ეგვიპტური სცენარის” საქართველოში გამეორება დასაშვები იქნებოდა და მათ დასახმარებლად შემოვიდოდა ГРУ-ს სპეცრაზმი. აქციის ორგანიზატორები მსჯელობდნენ შეიარაღებული ჯგუფების მოქმედების ტაქტიკურ საკითხებზე, რომელიც პოლიციის სპეცრაზმებს გაუწევდა წინააღმდეგობას. მათ დამზადებული ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები და ა. შ. რუსეთის სპეცსამსახურების დამქაშები შეგნებულად ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ძალადობრივი კონფრონტაციის პროვოცირებას, რაც კანონის ფარგლებში აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ”.

ირაკლი ზაქარეიშვილი აქტიურად იყო ჩართული „გირგვლიანის საქმის“ გამოძიების პროცესშიც.  2017 წელს სოციალურ ქსელში საქმის გამოძიებას გამოეხმაურა, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და აღნიშნა: „მოცემულ საქმეზე განხორციელდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, უხეშად გაყალბდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოძიება განზრახ წარიმართა არასწორი მიმართულებით“. ირაკლი ზაქარეიშვილი წერდა, რომ  ორგანიზებულად ხორციელდება საინფორმაციო და პოლიტიკური ბლოკადა, რაც ხელს უშლის სიმართლის გავრცელებას „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით,  „რომლის პოლიტიკურმა შედეგებმაც ძირს დასცა ქართული სახელმწიფო“. „თქვენო აღმატებულებავ – ჩემს მიერ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით გამაჩნია მტკიცებულებები და მზად ვარ წარვუდგინო ყველა დაინტერესებულ პირს“-წერდა ზაქარეიშვილი და სააკაშვილს მიმართავდა.

თუმცა, მალევე, ირაკლი ზაქარეიშვილმა აქტიურად დაიწყო წინა ხელისუფლებისა და მათ შორის მიხეილ სააკაშვილი კრიტიკა (იხილეთ მის Facebook-ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტები 1, 2, 3).

ამჟამად, ირაკლი ზაქარეიშვილი რეგულარულად ავრცელებს ანტიუკრაინული, ანტისემიტური და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას, რომლებსაც ქართული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები არა ერთხელ გამოხმაურებიან (1, 2, 3, 4, 5).

საგულისხმოა, რომ „ირაკლი ზაქარეიშვილს ფეისბუქ ქავერად საბჭოთა კავშირისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბი უყენია (იხილეთ ფოტო).

ამდენად, „ქართული ოცნების“ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებსა და განსაკუთრებით კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებების პარალელურად სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ღიად პრორუსული აქტორებიც, რომლებმაც გიორგი ანწუხელიძის გმირობაში ეჭვის შეტანა სცადეს.

[1] მერაბ მინდიაშვილი- საქართველოს ეროვნული გმირი მინდიაშვილი 1989-1991 წლებში რუსი და ოსი სამხედროების წინააღმდეგ, თავდაცვით ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა. 1991 წელს ოსმა სეპარატისტებმა ერედვის გზაზე კუნძზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს. მისი სიკვდილის შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალში ფეიერვერკი გაუშვეს. ამ ამბავზე მის წამებაში მონაწილე ერთ-ერთმა ოსმა მოყვა.”ისე მოხდა, რომ 1990 წელს დიდი ლიახვის ხეობაში კუნძზე მიბმული ერთი ქართველი მღეროდა, ვიდრე ცეცხლმა მისი სხეული ფერფლად არ აქცია.“თანასოფლელები მერაბს ზედმეტსახელად შეუპოვარი ხასიათის გამო “ვიროს“ ეძახდნენ. ემზარ კვიციანის მტკიცება, რომ ის თბილისში დააძინეს და ისე გადასცეს სეპარატისტებს, ღია წყაროებში არ დასტურდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]