Home » გავრცელებული ვიდეო რომის პაპის დაკრძალვას არ ასახავს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

გავრცელებული ვიდეო რომის პაპის დაკრძალვას არ ასახავს

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Fa Ntina, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „რომის პაპის დაკრძალვაა‼️ ამოტრიალებული ჯვრებში მამლები‼️ სატანისტური მასკები სახეზე‼️ ჯოჯოხეთური ხმაური‼️ მასონების კრების მსგავსი და სადაა აქ ქრისტიანული კათოლიზმი“. ვიდეოში ჩანან კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები, რომლებსაც თავზე კონუსისებრი ქუდები ახურავთ. სინამდვილეში, ვიდეოს პაპის დაკრძალვასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, ის არა იტალიაში, არამედ ესპანეთშია გადაღებული.

ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სიმბოლო, მამლითა და ამობრუნებული ჯვრით, კარტახენას წმინდა პეტრეს გაერთიანების სიმბოლოა. მათ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ეს ყოველწლიურად დიდ ოთხშაბათს გამართულ პროცესიასთანაა დაკავშირებული და ჯგუფის Tercio del Arrepentimiento de San Pedro-ს მიერ იმართება. კარტახენას Arrepentimiento de San Pedro-ს ჯგუფის წევრები ქალები არიან.

მათი ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ამ ჯგუფის სამოსი შემდეგი ნაწილებისგან შედგება: თეთრი შალის ქსოვილის ტუნიკა, შავი ატლასის მოსასხამი, რომელზეც ჯგუფის ემბლემაა ამოქარგული, მაღალი, შავი ატლასის ქუდი, შავი სანდლები, თეთრი წინდები და თეთრი ხელთათმანები. მათ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტოებში სამოსი ზუსტად ისეთივეა, როგორც ვიდეოში ნაჩვენებია.

ფოტო ჯგუფის ვებგვერდიდან

კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

გადმობრუნებული ჯვარი და მამალი წმინდა პეტრეს სიმბოლოებია. მამალი ქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც სახარებაში წმინდა პეტრეს უარყოფის ეპიზოდშია ნახსენები, ხოლო გადმობრუნებული ჯვარი სიმბოლო უკავშირდება თავად წმინდა პეტრეს ჯვარზე უკუღმა გაკვრის ამბავს.

გარდა ამისა, ტაძარი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს ესპანეთში, კარტახენაში მდებარეობს და მას სანტა მარია დე გრაცია ჰქვია (ფოტოები იხ. ქვემოთ).

სანტა მარია დე გრაცია

ფოტო ვიდეოდან

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვიდეო რომის პაპის დაკრძალვაზეა გადაღებული, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]