Home » სოციალურ ქსელში რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები მეტწილად მცდარი

სოციალურ ქსელში რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ჰომეოპათმა თინა თოფურიამ რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა. „ჯეოფაქტსმა“ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმა.

2023 წლის აგვისტოში აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინა, სახელწოდებით „Abrysvo”, ორსულებისთვის დაამტკიცა. ვაქცინა ახალშობილს დაბადებიდან ექვსი თვის ასაკამდე იცავს რესპირატორული სინციტიური ვირუსით (RSV) გამოწვეული მძიმე დაავადებებისგან. აღნიშნული ვაქცინის მწარმოებელი Pfizer-ია.

აქვე განვმარტავთ, რომ რესპირატორული სინციტიური ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული, ის იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს ყველა ასაკში, თუმცა განსაკუთრებით სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ჩვილებსა და ხანდაზმულებში. ახალშობილებში RSV ხშირ შემთხვევაში იწვევს ბრონქიოლიტს და პნევმონიას და ჩვილების ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

ორსულების ვაქცინაციის შედეგად, დედის ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულები პლაცენტის მეშვეობით გადაეცემა ნაყოფს. ეს ბუნებრივი პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ ახალშობილს დაბადებისთანავე უკვე აქვს გარკვეული იმუნური დაცვა RCV-ის (რესპირატორული სინციტიური ვირუსის) წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრების პირველ თვეებში, როცა ჩვილის იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.

FDA-ს ცნობით,  Pfizer- ის მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნაადრევი მშობიარობის შემთხვევები ვაქცინირებულთა ჯგუფში გაზრდილი იყო, თუმცა ეს ზრდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო. Abrysvo-თი ვაქცინირებულ ორსულებში ნაადრევი მშობიარობის მაჩვენებელი იყო 5.7% იყო, ხოლო პლაცებოს ჯგუფში – 4.7%. FDA-ს შეფასებით, მონაცემები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დადასტურდეს ან გამოირიცხოს მიზეზობრივი კავშირი ნაადრევ მშობიარობასა და ვაქცინას შორის. მიუხედავად ამისა, FDA-მ მიიღო უსაფრთხოების ზომები და ვაქცინა ორსულებისთვის 32-დან 36 კვირამდე ორსულობის პერიოდში დაამტკიცა, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაადრევი მშობიარობის პოტენციური რისკი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ RSV ვაქცინის სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.

RSV ვაქცინის დაცვის მაჩვენებელი, დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში:

  • ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირდა 68%-ით,
  • ჯანმრთელობის სერვისების საჭიროება შემცირდა 57%-ით,
  • მძიმე გართულებების (დაბალი ჟანგბადი, მართვითი ვენტილაცია, რეანიმაცია) რისკი შემცირდა 82%-ით.

შედეგები დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში:

  • ჰოსპიტალიზაცია შემცირდა 57%-ით,
  • ჯანმრთელობის სერვისების საჭიროება შემცირდა 51%-ით,
  • მძიმე გართულებები შემცირდა 69%-ით.

ამ დროისთვის რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RCV) ვაქცინა – Abrysvo, დამტკიცებულია აშშ-ში და რამდენიმე სხვა განვითარებულ ქვეყანაში. აქვე აღსანიშნავია, რომ რესპირატორული სინციტიური ვირუსის ვაქცინას 2025 წლის მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პრეკვალიფიკაცია მიანიჭა. რაც შეეხება საქართველოს, ვაქცინა ჯერჯერობით არ შედის ეროვნული იმუნიზაციის კალენდარში და მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RCV) ვაქცინა ნაადრევ მშობიარობას იწვევს, არასწორია. რეალურად, Abrysvo-თი ვაქცინირებულთა ჯგუფში ნაადრევი მშობიარობის რისკი უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი. ამასთან, ეს უკანასკნელი შესაძლოა, არც იყოს დაკავშირებული ვაქცინასთან, თუმცა FDA-მ  უსაფრთხოების ზომები ზედმიწევნით დაიცვა და ვაქცინა ორსულებისთვის 32-დან 36 კვირამდე ორსულობის პერიოდში დაამტკიცა, რაც ნაადრევი მშობიარობის პოტენციურ რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ამასთან, კვლევებით დასტურდება, რომ RSV ვაქცინის სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]