სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული მტკიცებები „ჯეოფაქტს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3), გაბრიელიუს ლანსბერგისის შეცდომაში შემყვანი ციტატა გაავრცელა. ციტატა სხვა მომხმარებლების მიერაც გავრცელდა.
მტკიცებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის პარალელურად ბელარუსს დაარტყას და რომ უკრაინას ორ ფრონტზე ბრძოლის ძალა აქვს.
პოსტებში ვხვდებით ციტატას: ,,უკრაინას შეუძლია დაარტყას ბელორუსს რუსეთის პარალელურად. მას აქვს ეს ძალა, რომ ორმხრივ ფრონტზე იბრძოდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ნებისმიერ ქმედებას“ (დაარქივებული ბმული).
სინამდვილეში, გაბრიელიუს ლანდსბერგისს მსგავსი მოწოდება უკრაინის მიმართ არ გაუკეთებია.
„ჯეოფაქტსის“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ციტატა, რომელშიც გაბრიელიუს ლანდსბერგისი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ბელარუსზე თავდასხმისკენ და ორმხრივ ფრონტზე ბრძოლისკენ მოუწოდებს, საერთაშორისო მედიაში არ იძებნება.
აღსანიშნავია, რომ მტკიცებაში გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის წოდებით არის მოხსენიებული. ის ამ თანამდებობას მართლაც იკავებდა 2020 წლის დეკემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე. ამდენად, პოსტის გამოქვეყნების მომენტში (2025 წლის 22 აპრილს) ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი არაა.
სავარაუდოა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს ციტატა მისი მინისტრობის პერიოდში გაკეთებული რომელიმე განცხადების სახეცვლილი ვერსიაა.
განცხადება, სადაც ლანსბერგისი ბელარუსზე, მასზე უკრაინის მიერ რაიმე სახით თავდასხმის კონტექსტში საუბრობდა, 2024 წლის 31 მაისს გავრცელდა. თუმცა მისი კომენტარი იყო არა მოწოდება უკრაინის მიმართ, რომ ის თავს დასხმოდა ბელარუსს და ორ ფრონტზე ებრძოლა, არამედ ის ხაზს უსვამდა უკრაინის უფლებას, თავი დაეცვა რუსეთის სამხედრო სამიზნეებისგან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მათ ბელარუსში განათავსებდა.
ეს მან „რადიო თავისუფლების“ ბელარუსულ სერვისთან ინტერვიუში კითხვაზე, უნდა დაარტყას, თუ – არა უკრაინამ ბელარუსის სამიზნეებს, საპასუხოდ განაცხადა.
„ვგულისხმობ, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი. თუ რუსეთს შეუძლია გადაიტანოს თავისი [სამხედრო] სამიზნეები სხვაგან, იმის შიშით, რომ შესაძლოა რუსეთში განთავსებული სამიზნეები [უკრაინის] თავდასხმაში მოჰყვნენ, მაშინ ვფიქრობ, რომ [უკრაინის მხრიდან] სამიზნეების შერჩევაც უნდა გადანაცვლდეს“, – აღნიშნა მან.
გაბრიელიუს ლანდსბერგისის ეს განცხადება უკავშირდებოდა გერმანიის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინას ნება მისცა, მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგობისთვის გამოეყენებინა. მანამდე, მსგავსი განცხადება გააკეთეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის – დანიამ, ფინეთმა, კანადამ და ა.შ.
ამავე დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირიბად ასევე დაუშვა, რომ უკრაინას ამერიკული იარაღი რუსეთში მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოეყენებინა, თუმცა მხოლოდ ხარკოვის რეგიონის საზღვარზე, სადაც რუსული ჯარები შეტევას ახორციელებდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატის გადასამოწმებლად „ჯეოფაქტსი“ ლიეტუვურ საინფორმაციო სააგენტოს 15min.lt-ს დაუკავშირდა, რომლის მოკვლევამაც ასევე აჩვენა, რომ სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელებული ციტატის წყარო ბელარუსის „რადიო თავისუფლების“ სერვისთან ლანდსბერგისის მიერ ჩაწერილი ინტერვიუა.
ლიეტუვის საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, „ამ ციტატიდან და კონტექსტიდან, რომელშიც ის გამოქვეყნდა, აშკარაა, რომ ის გულისხმობდა არა იმას, რომ უკრაინას შეუძლია, არამედ იმას, რომ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა / მიეცეს უფლება დაიცვას თავი“.
ამდენად, ლანდსბერგისს უკრაინისთვის არ მოუწოდებია, რომ მას ორი ფრონტი გაეხსნა ან ბელარუსზე თავდასხმა განეხორციელებინა, არც ის უთქვამს, რომ უკრაინას ბელარუსზე თავდასხმის შესაძლებლობები აქვს. გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადება წარმოადგენდა კითხვაზე პასუხს და ის კონცენტრირდებოდა რუსეთის სამხედრო ობიექტებისგან უკრაინის თავდაცვის უფლებაზე, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მათ ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიტანდა.