„GeoFacts“-მა იმ საბავშვო ბაღების ტენდერები შეისწავლა, რომელთა ფარგლებშიც ბათუმში საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტები მიმდინარეობს. გაგაცნობთ, რა ეტაპზეა სამუშაოები, რომლებშიც შემსყიდველი მხარე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია. საუბარია ექვს ობიექტზე, რომელთა რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულებები 2023 წლის დეკემბერში გაფორმდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ქალაქ ბათუმის N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა პირველად 2023 წლის 7 ნოემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებად განსაზღვრული იყო 13 710 410 ლარი. ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. იმავე თარიღით გამოცხადებულია ბათუმის N23 და N29 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა. ამ შემთხვევაშიც ტენდერით არავინ დაინტერესდა. ღირებულება 7 196 500 ლარი იყო.
N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების შემთხვევაში, მეორედ ტენდერი გამოცხადდა 2023 წლის 22 ნოემბერს, ხოლო 26 დეკემბერს ამხანაგობა „CIC & KK”-სთან გაფორმდა 13 710 410-ლარიანი ხელშეკრულება. პროექტის დასრულების თარიღად განისაზღვრა თვრამეტი თვე (დოკუმენტზე ხელმოწერიდან). აქედან ოთხი თვე განკუთვნილი იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხოლო დანარჩენი – სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ პროექტი 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა მიმდინარე წლის მარტში მხარეებმა ეს ვადა 20 ნოემბრამდე გაახანგრძლივეს. მიზეზად დასახელებულია რამდენიმე გარემოება: საბავშვო ბაღების შენობები ინვენტარისგან დროულად ვერ დაცალეს, ვინაიდან მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი და მეორე – მასშტაბური სტიქია, რომელმაც ხელი შეუშალა მიმწოდებელს სამშენებლო ტერიტორიაზე სამუშაოების წარმართვაში. ამ გარემოებათაგან პირველი, ანუ ის, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, მხარეებისთვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს ცნობილი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება მეორეს, ბათუმში თებერვლის ბოლოს მართლაც უხვი ნალექი მოვიდა და თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. საავტომობილო და საფეხმავლო გზების გაწმენდა დროულად ვერ მოხერხდა და სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. თუმცა ამ მდგომარეობამ რამდენიმე დღეს გასტანა და 6 მარტს თოვლი თითქმის დამდნარი იყო. ანუ წესით, ამ მეორე გარემოებას სამუშაოების ხუთი თვით შეფერხება არ უნდა გამოეწვია, თუმცა პროექტის დასრულების ვადა მაინც ამდენი თვით გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე მიმწოდებლისთვის ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების 38% ანუ 5 195 133 ლარი, საიდანაც 4 113 123 ლარი გადახდილია ავანსის სახით. კონკრეტულად რა სამუშაოები შესრულდა, უცნობია, რადგან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ იძებნება. 2025 წლის 14 აპრილით დათარიღებული გადახდის დოკუმენტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1 681 559 ლარს შეადგენს.
სხვათა შორის, ტენდერების მონიტორინგისას საინტერესო დეტალი აღმოვაჩინეთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტები ბათუმში არ ხორციელდება, მაინც ყურადსაღებ გარემოებად მივიჩნიეთ. კერძოდ, 2023 წლის 26 დეკემბერს იმავე ამხანაგობასთან გაფორმდა 6 083 120 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის, სოფელ მახინჯაურის და სოფელ ორთაბათუმის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და მის საფუძველზე, შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიზნით. ამ შემთხვევაში, ობიექტების მიწოდების საბოლოო ვადად თექვსმეტი თვე იყო განსაზღვრული. თუმცა, წინა ტენდერის მსგავსად, აქაც მიმდინარე წლის მარტში შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა შეთანხმება ვადის 26 აგვისტომდე გახანგრძლივების თაობაზე. მიზეზად ზუსტად ის დაასახელა, რაც ზემოთ განხილული შესყიდვის ვადის გადაწევის შეთანხმებაშია მითითებული. პროექტის ფარგლებში გადახდილი თანხის მოცულობა 2 506 985 ლარს შეადგენს (მთლიანი ღირებულების 41%), აქედან 1 824 936 ლარი ავანსია. 10 აპრილის გადახდის დოკუმენტის თანახმად, იმ მომენტისთვის, შესრულებული იყო 1 064 204 ლარის ღირებულების სამუშაოები. სავარაუდოდ, ორივე შესყიდვის ფარგლებში, ანაზღაურებული თანხის ნაწილი საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულებას უნდა მოიცავდეს.
რაც შეეხება ბათუმის კიდევ სამ – N18, N23 და N29 – საბავშვო ბაღს, მათი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმებულია 2023 წლის 22 დეკემბერს შპს „ლაგი კაპიტალთან“. პროექტის ღირებულება 12 190 000 ლარს შეადგენდა, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცი თვე. 2025 წლის 14 მარტს კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. წერილში ნათქვამია, რომ მიმწოდებელმა ყველა პირობა დაარღვია. იმ დროს კონტრაქტორისთვის უკვე გადარიცხული იყო 2 742 373 ლარი, რომლის უმეტესობაც, 2 438 000 ლარი ავანსს წარმოადგენდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მიერ განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: არსებული შენობის შიდა კელდების გათავისუფლება ძველი ნალესისგან; ტიხრებისა და იატაკის საფარის დემონტაჟი; ახალი საპროექტო ტიხრების მოწყობა (ნაწილობრივ) წვრილი სამშენებლო ბლოკით; გასუფთავებულ კედლებზე არმატურის ბადეების მოწყობა; ლესვითი სამუშაოები (ნაწილობრივ); მიწის სამუშაოები ახალი შენობის (მიშენება) მოსაწყობად. 13 მარტისთვის კომპანიისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა 641 870 ლარს შეადგენდა. ამდენად, ხელშეკრულება არ შესრულდა.
მიმდინარე წლის 21 მარტს გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი ბათუმის N18, N23 და N29 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. პროექტის ღირებულება უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვნახეთ, სამუშაოების ნაწილი წინა ტენდერის ფარგლებში განხორციელდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობს. აქედან ერთს, რომელმაც შემსყიდველს დაბალი ფასი შესთავაზა, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა, თუმცა ამხანაგობა „აქსონი პლუსი“ გამარჯვებულად უკვე გამოცხადდა.
ამდენად, ის აღსაზრდელებიც, რომლებიც აღნიშნულ საბავშვო ბაღებში დადიოდნენ და ბაღში ადგილის მომლოდინე აღსაზრდელებიც, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოს დაპირებულ დროს ვერ მიიღებენ, ხოლო N18, N23 და N29 საბავშვო ბაღების შემთხვევაში, ლოდინი გაცილებით დიდხანს მოუწევთ. ბათუმში ასეულობით აღსაზრდელი ისედაც ყოველწლიურად საბავშვო ბაღს მიღმა რჩება. პრობლემა უკვე, მრავალი წელია, რაც არსებობს, თუმცა მისი მოგვარება ვერც ერთმა მერმა ვერ შეძლო.