Home » დეზინფორმაცია: გრიგოლ გეგელია დონალდ ტრამპს რუსული დაზვერვის აგენტს უწოდებს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: გრიგოლ გეგელია დონალდ ტრამპს რუსული დაზვერვის აგენტს უწოდებს

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდები „პოლიტიკოსები 1 ლარიდან“ გრიგოლ გეგელიას ციტატას ავრცელებს (დაარქივებული ბმული): „რუსეთის დაზვერვა საკუთარი აგენტის დახმარებით, ლეგიტიმურ პრეზიდენტს ებრძვის“. Facebook-გვერდი ამტკიცებს, რომ „რუსული დაზვერვის აგენტში“ გეგელია დონალდ ტრამპს გულისხმობს. რეალურად, გეგელია აღნიშნული განცხადებით პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის” პროკურატურისთვის  მიმართვას გამოეხმაურა. პარტიის მიხედვით, მიმართვის საფუძველი რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი გახდა, სადაც მეხუთე პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი თითქოს რუს ოპოზიციონერს საქართველოში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისზე და საპროტესტო აქციებზე ესაუბრებიან. გეგელია განცხადებაში აგენტს არა დონალდ ტრამპს, არამედ აღნიშნულ პარტიას უწოდებს.

აპრილის ბოლოს გამოქვეყნდა რუსი პრანკერების – ვოვანისა და ლექსუსის საუბარი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და ყოფილ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან. „პრანკერები“ მათ  ცნობილი რუსი მოჭადრაკისა და ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის სახელით ესაუბრნენ.  დამონტაჟებული და რუსულ ენაზე (საუბარი ინგლისურად წარიმართა) გახმოვანებული საუბრის ვიდეოჩანაწერი 23 აპრილს რუსეთის პირველ არხზე ვოვანისა და ლექსუსის  გადაცემაში გავრცელდა.

გავრცელებული ვიდეოს თანახმად, „პრანკერებმა“ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან თბილისში მიმდინარე პროტესტი, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება განიხილეს.

ქართულმა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედმა” (1,2) და POSTV  გაავრცელეს მტკიცებები, რომ 1) უჩა ნანუაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არაოფიციალური შეიარაღებული დანაყოფები იმყოფებიან; 2) ზურაბიშვილი საუბრისას აღიარებს,  რომ უცხოური დაფინანსება ოპოზიციურ პარტიებსა და ქუჩაში მიმდინარე რადიკალურ აქციებს ხმარდება. გავრცელებულ მტკიცებას ქართული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ გამოეხმაურა.

უჩა ნანუაშვილის ფრაზა, რომელიც ეხება ნიღბიან პირებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს, კონტექსტის გარეშე ვრცელდება და არ უკავშირდება პროტესტის მონაწილეებს. სამთავრობო მედიებმა მისი ნათქვამი შემდეგი ფორმულირებით გაავრცელეს: „მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასევე გვყავს არაოფიციალური ქვედანაყოფი, როგორც მაიდანზე უკრაინაში, არსებობენ სამოქალაქო პირები ნიღბებით, მაგრამ ასევე არსებობენ ადამიანები კერძო დაცვების კომპანიებიდან და ისინი შეიარაღებულები არიან“. რეალურად, კი უჩა ნანუაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ასევე არაფორმალური დანაყოფები, როგორც მაიდანზე უკრაინაში, არიან სამოქალაქო პირები ნიღბებით, არიან მმართველი პარტიის წევრები, ასევე კერძო დაცვის კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც შეიარაღებულები არიან“. მოგვიანებით, ნანუაშვილმა თავადაც განმარტა, რომ ის საუბრობდა ე.წ. „ტიტუშკების“, არაფორმალური, შეიარაღებული, ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში.

რაც  შეეხება სალომე ზურაბიშვილის შესახებ გავრცელებულ მტკიცებას, რომ მისი თქმით, უცხოური ფონდები პირდაპირ აფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებს ან ქუჩის რადიკალურ პროტესტს. რეალურად, ჩანაწერში ზურაბიშვილი მსგავს განცხადებას არ აკეთებს. პირიქით, ის ხაზს უსვამს, სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის საჭიროებაზე და აცხადებს, რომ განსაკუთრებით რეგიონული მედია, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები დღეს ფინანსური კრიზისის წინაშე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების გამო დგანან.

25 აპრილს პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“  ლიდერებმა, გენერალურმა მდივანმა თემურ ფიფიამ და თავმჯდომარე მიხელ ჟღენტმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. მათი მტკიცებით, მიმართვის საფუძველი რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი გახდა. „ვითხოვეთ ხელისუფლებისგან, პროკურატურისგან, მოახდინონ რეაგირება, რამეთუ ჩვენ ვთვლით და გვჯერა, რომ … არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მომენტები“, – ამბობს მიხეილ ჟღენტი. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ აღიარებს, რომ პანკერების მიერ დადგმული შოუს უკან თავად დგას, რადგან პარტიის წევრების თქმით, ამ ზარს ორგანიზება პარტიის საერთაშორისო მდივანმა, მამუკა ფიფიამ გაუწია.

საგულისხმოა, რომ პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 2023 წლის ბოლოს შეიქმნა და რუსული მედიის ყურადღებაც არა ერთხელ დაიმსახურა. პარტიას, რომლის ლიდერიც ღიად აცხადებს, რომ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის კატეგორიული წინააღმდეგები იყო, 2024 წლის აგვისტოში რუსეთში, კურსკის ოლქში „რუსეთში მცხოვრები ქართველების სახელით“, ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა (აგვისტოს დასაწყისში უკრაინის ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და კურსკის ოლქის ნაწილი დაიკავა).  გასული წლის აგვისტოში პარტიის ლიდერებმა ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის შექმნის მოწოდება გააჟღერეს. „დროა, აღვადგინოთ უშიშროების ერთიანი სისტემა, ჩვენს ხალხებს სჭირდება ახალი გეორგიევსკი, ჩვენს ხალხებს სჭირდება ახალი კავშირი“, – განაცხადა მამუკა ფიფიამ.

2023 წლამდე, სანამ პარტიად ჩამოყალიბდებოდა, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ფუნქციონირებდა. ორგანიზაცია თავის დროზე, პირდაპირი ავიარეისების აღსადგენად რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

სწორედ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ სარჩელს გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია. მისი კომენტარი ტელეკომპანია „ტვ პირველის“  ეთერში პრორუსული პარტიის სარჩელთან დაკავშირებულ სიუჟეტში გავიდა.

„რუსეთის დაზვერვა პირდაპირ თავისი საცეცების და ამ შემთხვევაში, თავისი ოფიციალური აგენტის გამოყენებით, პირდაპირ ებრძვის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ქართულ პროტესტს და ქართულ დემოკრატიას. უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსეთის დაზვერვა, მისი ტექნიკები, მისი ხრიკები და მისი პოლიტიკური რიტორიკა არის ერთადერთი მაშველი რგოლი, რომელიც „ქართული ოცნების” რუსულ, უნიჭო რეჟიმს დარჩენია, რადგან ამ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, არ გააჩნია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და დარჩა ერთადერთი ბოტასების ქურდები და რუსეთის დაზვერვის აგენტები, – ამბობს გრიგოლ გეგელია.

მის მიერ ნახსენები „აგენტი“ სწორედ პარტიას „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ და მის წევრებს მიემართება. გეგელია ინტერვიუში არსად ახსენებს აშშ-სა და  პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. შესაბამისად, Facebook-გვერდის მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]