Home » დეზინფორმაცია: „მაკდონალდსმა“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: „მაკდონალდსმა“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკულმა სწრაფი კვების ქსელმა „მაკდონალდმა“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა და „როსპატენტში“ განცხადება შეიტანა. პოსტები გაავრცელეს ტელეკომპანია „იმედმა“ და რადიო „იმედმაც“. ინფორმაცია Imedinews-ის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც წყაროდ რუსული სახელისუფლებო მედია TASS არის მითითებული. სინამდვილეში გავრცელებული მტკიცება მცდარია.

2025 წლის 26 აპრილს რუსულმა მედიამ „РИА Новости” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკდონალდსმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტოში, „როსპატენტში“ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა. ინფორმაცია „მაკდონალდსის“ რუსეთში დაბრუნების შესახებ უკრაინულენოვან სოციალურ ქსელებსა და მედიაშიც გავრცელდა (1; 2), რასაც უკრაინაში „მაკდონალდსის“ ოფიციალური წარმომადგენლობა X-ის ანგარიშზე გამოეხმაურა. კომპანიის თქმით,  მათ განცხადება „როსპატენტში“ ნამდვილად შეიტანეს, თუმცა ეს მათ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას არ ნიშნავს:

„26 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია „მაკდონალდსის” რუსეთის ბაზარზე შესაძლო დაბრუნების შესახებ, რაც გამოწვეული იყო რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, რომ „მაკდონალდსმა“ 2024 წლის დეკემბერში შეიტანა განაცხადი სავაჭრო ნიშნების გადასარეგისტრირებლად რუსეთში.

„მაკდონალდსი“ არის ღია და გამჭვირვალე კომპანია და ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვცდილობთ მკაფიო ახსნა მივაწოდოთ [საზოგადოებას] იმ ინფორმაციაზე, რომელიც დღეს ვრცელდება უკრაინულ მედია სივრცეში.

ინტელექტუალური საკუთრება ჩვენს ყველაზე ძვირფას აქტივებს შორისაა. მაკდონალდსი რეგულარულად აახლებს სავაჭრო ნიშნის უფლებებს მთელ მსოფლიოში, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კომპანია არ ოპერირებს. ამას ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი ბრენდი და არ დავუშვათ, რომ სხვა კომპანიებმა ან პირებმა, მათ შორის რუსეთში, ჩვენი სავაჭრო ნიშნები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

ამასთან, ჩვენი პოზიცია ნათელია და უცვლელი რჩება. „მაკდონალდსი“ იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბიზნესი, რომელმაც დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და 2022 წლის მაისში დატოვა რუსეთის ბაზარი, ოფიციალურად გაყიდა თავისი ქსელი. ეს გადაწყვეტილება კომპანიის ღირებულებების დასტურია და ჩვენ ერთგულები ვრჩებით ამ ღირებულებების მიმართ“, – ნათქვამია „მაკდონალდსის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, 2022 წლის მაისში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ „მაკდონალდსმა“ მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა რუსეთის ბაზარი.  2022 წლის 16 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ჰუმანიტარულმა კრიზისმა, რომელიც უკრაინაში ომმა გამოიწვია, ასევე ბიზნესის წარმართვის არაპროგნოზირებადმა პირობებმა, „მაკდონალდსი” მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის ბაზარზე საქმიანობის გაგრძელება მიუღებელი იყო და არ შეესაბამებოდა კომპანიის ღირებულებებს“.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც „მაკდონალდსმა“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]