Home » სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ შეძენილ მიწასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ შეძენილ მიწასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Fa Ntina „ბათუმელების“ ქარდს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელზე ვკითხულობთ: „შალვა პაპუაშვილს 20 ჰექტარი ტყე და 10 ჰექტარი მიწა სახელმწიფომ 1 ლარად გადასცა კახეთში, ალაზნის ველზე“. Facebook-ანგარიში პოსტის აღწერაში წერს: „გადაინაწილეს ქვეყანა კაპიკებში და ქართველებს კი ასტრონომიულ ჯარიმებს ახდევინებენ საკუთარ მიწაზე თუ რამე გააკეთეს და რეგისტრაციასაც უბლოკავენ“.

აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა“ გასულ წლის აპრილში გამოაქვეყნა, თუმცა, მალევე გამოცემამ განცხადება გაავრცელა და მკითხველს დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა. რეალურად, შალვა პაპუაშვილმა თანასაკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი ტყიანი მიწის ნაკვეთი კახეთში  1 ლარად არა სახელმწიფოსგან, არამედ ბიძაშვილისგან მიიღო.

გამოცემა „ბათუმელების“ მიერ გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 2020 წლის საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით,  შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ 20 ჰექტარი ტყე 1 ლარად გადასცა სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე.

მოგვიანებით, გამოცემამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა: „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა აღნიშნული ქარდი მოამზადა შალვა პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციებზე და საჯარო რეესტრის ზოგიერთ მონაცემზე დაყრდნობით, საიდანაც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მან სახელმწიფოს კუთვნილი მიწა დაირეგისტრირა 1 ლარად. ქარდის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა შალვა პაპუაშვილის პრესსამსახური, რომელმაც განმარტა, რომ პაპუაშვილმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1 ლარად შეისყიდა არა სახელმწიფოსგან, არამედ ბიძაშვილისგან“.

„ბათუმელები“ წერს, რომ მოძიებული დოკუმენტების თანახმად, პაპუაშვილის ბიძაშვილმა სახელმწიფოსგან ეს ნაკვეთი ჯერ მიიღო 49-წლიანი იჯარით, 2011 წელს კი, დაირეგისტრირა საკუთრებაში. პარლამენტის პრესსამსახურმა გამოცემას განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთით იჯარამდე წლების განმავლობაში სარგებლობდა პაპუაშვილის ბაბუა. მას შემდეგ კი, რაც ზურაბ პაპუაშვილის საკუთრებად დარეგისტრირდა, პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ამ ნაკვეთის ფაქტობრივი თანამესაკუთრე. მისი 50% წილი შალვა პაპუაშვილმა 2020 წელს დაირეგისტრირა საკუთრებაში და ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გადაიხადა 1 ლარი (დეკლარაციაში დატანილია შენიშვნაც, რომ 2011 წლიდან ნაკვეთი იყო ფაქტობრივ თანასაკუთრებაში, რაც 2020 წელს დარეგისტრირდა).

წყარო: https://democracyindex.ge/uploads_script/deputies_pdf/tmp/phphbPUBc.pdf

ამბავს გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილიც, რომელმაც „ბათუმელების“ მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაცია ტყუილი უწოდა.

„ჩვენი რედაქციისთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ ტექსტს. არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივად ვიმყოფებით, დავუშვით შეცდომა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მკითხველს“, – აღნიშნულია „ბათუმელების“ განცხადებაში.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]