საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 აპრილის დადგენილებას, 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საზოგადოებაში მცდარი ინტერპრეტაციები მოჰყვა. მომხმარებლების ნაწილმა ცვლილებები იმგვარად წარმოადგინა, თითქოს 2025 წლის 16 მაისიდან 17 სახელმწიფოს (მათ შორის, ავღანეთი, ბანგლადეში, განა, სომალი, სირია და სხვ.) მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭებათ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. (არქივირებული ლინკი).
2015 წლის 5 ივნისის დადგენილება იმ ქვეყნების ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით შეუძლიათ. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ევროპული სახელმწიფოები, აზიის ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა იაპონია და კორეის რესპუბლიკა, ასევე, გალფის ყურის ქვეყნები და სხვ. ამ ჩამონათვალში ვხვდებით ეკონომიკურად განვითარებულ, დემოკრატიულ და/ან შედარებით უსაფრთხო სახელმწიფოებს. (ჩამონათვალი სრულად იხ. დადგენილებაში )
ცვლილებებით განისაზღვრა, რომ 17 სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ გალფის ყურის ქვეყნების – არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.
ცვლილებამდე არსებული რედაქციით მსგავსი წინაპირობა არ არსებობდა. ამდენად, ცვლილებით მოთხოვნები გამკაცრდა, ხოლო შეღავათი — კონკრეტულ სტანდარტს დაექვემდებარა. შესაბამისად, ინფორმაცია თითქოს საქართველომ ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, შეცდომაში შემყვანია.
ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც გალფის ყურის ქვეყნების მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შესაბამისი ვადითა და პირობებით შეეძლებათ, სწორედ ის ქვეყნებია, რომლებზეც მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭათ.
ეს ქვეყნებია :
რეალურად, ამ ქვეყნების მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდე ჰქონდათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ცვლილებებით კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოთხოვნა გამკაცრდა და ამ ქვეყნების მოქალაქეები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ შეღავათით სარგებლობას, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისაა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.