სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს წმინდა პეტრეს ტაძარში დასვენებული რომის პაპის, ფრანცისკეს ცხედარი. შემდგომ კადრი იცვლება და ვიდეოში ორი ამობრუნებული ჯვარი ჩნდება. ვიდეო ვრცელდება მტკიცებით, რომლის თანახმადაც აღნიშნული სიმბოლო -„უკუღმართი ჯვარი“, სატანისტურია. სინამდვილეში, მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.
ვატიკანის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად (სადაც პეტრეს ბაზილიკის არტეფაქტებია აღწერილი),ორიგენეს, ევსები კესარიელისა და წმინდა იერონიმეს მიერ გადმოცემული ტრადიციის თანახმად, წმინდა პეტრე ჯვარზე თავდაყირა გააკრეს. ეს ამბავი ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში, პეტრე მოციქულის აპოკრიფულ აქტებში, დასტურდებოდა. ამ ტექსტში თავად მოციქული, რომელიც საკუთარ თავს არ თვლის ღირსად, რომ ისეთივე მოწამებრივი სიკვდილი ეწიოს, როგორიც მაცხოვარს, ითხოვს, რომ ჯვარზე ფეხებით ზემოთ და თავით მიწისკენ გააკრან.
ვიდეოს ნაწყვეტი Vatican News-ის პირდაპირი ეთერის ვიდეოდანაა აღებული, რასაც მათ შორის არსებული მსგავსებები ადასტურებს. კადრი გვხვდება Vatican News-ის მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოში (ფოტო იხილეთ ქვემოთ).
ამგვარად, გავრცელებული მტკიცება ყალბია. ვიდეოში არა სატანისტური, არამედ წმინდა პეტრეს ჯვარია ნაჩვენები.