2025 წლის 2 აპრილს სოციალურ ქსელ Facebook-ზე მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც წარმოადგენს ვიდეოკამერის კადრებს. კადრებში საბავშვო ეტლთან ერთად ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ორ ადამიანს შავი მანქანით მიჰყავს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ რჩება უყურადღებოდ ქუჩაში საბავშვო ეტლი. ვიდეოს თანდართული აქვს აღწერა, რომლის მიხედვით უკრაინელი მამაკაცი, რომელიც ქუჩაში ბავშვს ასეირნებდა, ომის ფრონტზე გაგზავნეს (დაარქივებული ვიდეო).
„უკრაინელი მამა, რომელიც ბავშვს ასეირნებდა, ქუჩიდან პირდაპირ ფრონტზე გაგზავნეს. ასე გამოიყურება ბოლო უკრაინელამდე ბრძოლა – ზელენსკის სახელობის ხორცსაკეპის ბოლო უკრაინელამდე მუშაობა. მეეჭვება, მაგრამ იმედია, ომის შემდეგ შურს იძიებენ ამ ყველაფრის გამო.“
სინამდვილეში, ვიდეო არ შეიცავს საკმარის მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის მართლაც იძულებითი მობილიზაციის პროცესს ასახავს. მეტიც, ვიდეოს აქვს რამდენიმე ისეთი საეჭვო მახასიათებელი, რომელიც მიუთითებს, რომ ვიდეო შესაძლოა, დადგმულია.
კერძოდ, კადრში თავდაპირველად ჩანს მამაკაცი საბავშვო ეტლით, რომელიც ნელა გადაადგილდება და სიარულის სიჩქარეს კიდევ უფრო ამცირებს იმ ადგილას, სადაც რამდენიმე წამის შემდეგ შავი მანქანა მოდის. ვიდეოში ჩანს, რომ მანქანა სწრაფად ჩერდება და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ორი მამაკაცი სწრაფად გადმოდის. მტკიცების მიხედვით, მამაკაცი ჩვილ ბავშვთან ერთად იმყოფება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ეჭვს აჩენს მისი ქცევის მანერა, რადგან ის არ ცდილობს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ უცნობ მამაკაცებს – რომელთა ჩანაფიქრი ლოგიკურად მან არ იცის – განერიდოს, საბავშვო ეტლი მოაშოროს ან წინააღმდეგობის გაწევა სცადოს. სამოქალაქო ფორმაში მყოფი მამაკაცი სამხედრო ფორმიანებმა მანქანაში ასევე ისე ჩასვეს, რომ მას საბავშვო ეტლზე მინიშნება არ გაუკეთებია.
ვიდეო საშუალებას არ იძლევა, რომ ამოვიცნოთ ტერიტორია, სადაც ისაა გადაღებული, ან მანქანის სანომრე ნიშანი, რათა დავაზუსტოთ მართლაც უკრაინული ნომერია თუ არა მასზე დამაგრებული. ამდენად, მტკიცება, რომ ვიდეო უკრაინის არმიაში მობილიზაციის პროცესს ასახავს, მტკიცებულებებით გამყარებული არაა და ის მხოლოდ რუსულ პროპაგანდისტულ მედიებს ემყარება.
აღნიშნულ ვიდეოს გამოეხმაურა უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ ინფორმაცია რუსული სახელმწიფო მედია Pravda-ს ჩეხურენოვანმა გამოცემამ გაავრცელა. ცენტრის მიხედვით, ვიდეო დადგმულია და მისი მიზანი რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის თანამშრომლებისა და მობილიზაციის პროცესის დისკრედიტირებაა.
ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ყურადღება გამახვილებულია ვიდეოს რამდენიმე მახასიათებელზე, კერძოდ, „ვიდეოში ადამიანების ან გადაღების ადგილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რაც სიყალბის ნიშანია, გარდა ამისა, ვიდეოს გმირები ბუნებრივად არ გამოიყურებიან და მათი ქცევა დადგმული ჩანს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ბავშვის ეტლის ახლო კადრები“.
ამავე ტექსტში აღნიშნულია, რომ მისი უარყოფა მოგვიანებით თავად რუსმა პროპაგანდისტებმა დაიწყეს.
ფოტო: დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის მიერ გადაღებული ეკრანის ანაბეჭდები
უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც დატანილია ამ ვიდეოს შემცველი პოსტებისა და სტატიების ეკრანის ანაბეჭდები (მათ შორის ჩეხურენოვანი Pravda-დან) ვკითხულობთ, რომ ამ ვებგვერდზე ვიდეო 24 მარტს გამოქვეყნდა. თუმცა ამ თარიღით ეს სტატია ჩეხურენოვანი Pravda-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი აღარაა.
სამაგიეროდ ვებგვერდზე უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ცენტრის განცხადების საპასუხოდ 25 მარტს გამოაქვეყნეს რუსულენოვანი ტელეგრამ ანგარიშის Первый казачий-ს პოსტი, რომელიც შეიცავს იდენტურ ვიდეოს და მტკიცებას, რომ „უკრაინული ნაცისტური „ელიტა“ მზად არის დაფაროს ადამიანების დამჭერების მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული, სანამ ისინი რეგულარულად შეავსებენ „საზარბაზნე ხორცის“ რიგებს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეო გამოაქვეყნა X-ანგარიშმა Lord Bebo, რომლის მიერ გავრცელებული პოსტები ხშირად თანხვედრაში მოდის პრორუსულ გზავნილებთან და რუსულ დეზინფორმაციასთან.
მისი პოსტის ქვეშ X-მომხმარებლების ნაწილმა ვიდეოს ანალიზი X-ში ხელმისაწვდომ ხელოვნურ ინტელექტს (AI) grok-ს სთხოვეს.
grok-მა ვიდეო სარწმუნოდ ყალბად (likely false) შეაფასა და აღნიშნა, რომ „პოსტს არ გააჩნია ახალი ამბების ან ფაქტების გადამმოწმებლების ვერიფიკაცია და შესაძლოა, იყოს დეზინფორმაცია განსაკუთრებით წყაროს სავარაუდო პრორუსული მიკერძოების გათვალისწინებით. სურათზე მკაფიოდ არ ჩანს ბავშვი, რაც ეჭვს ზრდის“. დამატებით, grok-ის მიხედვით, „არცერთი სარწმუნო მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ უკრაინაში 2025 წლის 18 მარტს სამხედროებმა მამა წაიყვანეს და მისი ბავშვი ეტლში დატოვეს“. MyLordBebo-ს ისტორია საუბრობს პრორუსულ მიკერძოებაზე, რაც მიუთითებს შესაძლო დეზინფორმაციაზე”.
ამდენად, მტკიცება რომ ვიდეო უკრაინაში იძულებით სამხედრო მობილიზაციას ასახავს და მასში ჩანს, თუ როგორ გაიტაცეს მამაკაცი, ხოლო ჩვილი ბავშვი ქუჩაში დატოვეს, სანდო მტკიცებულებებს არ ემყარება.