სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „უკრაინაში, აღდგომის დღესასწაულზე, ტაძარში პასკების საკურთხებლად მისული მამაკაცები სამხედრო კომისარიატის ჯგუფის გამოჩენისთანავე იძულებულნი გახდნენ ტაძარი დაეტოვებინათ“. სინამდვილეში, მტკიცება ყალბია და ვიდეო რეალურად აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ სააღდგომო ტრადიციას ასახავს.
პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელზეც ჩანს ეკლესიის ეზო, სადაც ხალხია შეკრებილი და ისმის ზარების რეკვა. მოულოდნელად, რამდენიმე მამაკაცი, რომლებსაც ხელში კალათები უჭირავთ, გარბიან. მტკიცების თანახმად, ისინი სამხედრო კომისარიატის ჯგუფს გაურბიან, რომლებიც მათ მობილიზაციას აპირებენ. საგულისხმოა, რომ ვიდეოში არ ჩანან კომისარიატის წარმომადგენლები და გარდა ამისა, ისინი ნამდვილად რომ გამოჩენილიყვნენ და მამაკაცები ამ მიზეზით გაქცეულიყვნენ, ეს ყოველივე ეზოში მყოფ ხალხში ქაოსს გამოიწვევდა. თუმცა იქ მყოფი ადამიანები საკმაოდ მშვიდად არიან, რამდენიმე მამაკაციც კი რჩება მათთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ზაკარპატიის ოლქში, უკრაინაში არსებობს სააღდგომო ტრადიცია, რომლის თანახმადაც, როდესაც კვირა დღე დგება [აღდგომის კვირა], მორწმუნეები ოჯახებთან ერთად ტაძარში სააღდგომო წირვაზე მიდიან. ტრადიციულად, წირვის დროს იქაურები ხელში კალათებით სახლისკენ მიიჩქარიან. ტრადიციის თანახმად, ვინც სახლში პირველი მივა, მას კარგი მეურნეობა ექნება. ასევე არსებობს რწმენა, რომ თუკი ოჯახში დაუოჯახებელი ქალი ან მამაკაცია, ამ რიტუალის ჩატარების და პირველად სახლში მისვლის შემთხვევაში, ეს ოჯახის წევრი იმ წელს დაქორწინდება. გავრცელებულ ვიდეოშიც მამაკაცები კალათებით ხელში ჩანან.
იდენტური ვიდეო ამავე მტკიცებით რუსულმა პროსახელისუფლებო მედიამაც გაავრცელა. (Первый Канал; Аргументы и Факты; Царьград).
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ StopFake-მაც გადაამოწმა. მათი ინფორმაციით, ვიდეო ივანოვო-ფრანკივსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ის სააღდგომო ტრადიციას ასახავს. დამატებით, გავრცელებულ ვიდეოში ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც კადრს მიღმა ამბობს: „ყველა გარბის პასკის საჭმელად“, ინფორმაცია კომისარიატის შესახებ ნახსენები არ არის. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ვიდეოში ჩანს არა მოქალაქეების მობილიზაციისგან გაქცევა, არამედ სააღდგომო ტრადიცია. საგულისხმოა, რომ ვიდეოში ზუსტი ადგილი და ტაძარი მითითებული არ არის.
ამგვარად, გავრცელებული მტკიცება, თითქოს მამაკაცები, რომელნიც ვიდეოში ჩანან, კომისარიატის წარმომადგენლებს გაურბიან, არ დასტურდება.