Home » სოციალურ ქსელში კონსპირაცია ვრცელდება, რომელიც ადამიანის მთვარეზე დაშვებას უარყოფს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში კონსპირაცია ვრცელდება, რომელიც ადამიანის მთვარეზე დაშვებას უარყოფს

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, აქვეყნებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ადამიანის მთვარეზე დაშვების შესახებ არსებულ კონსპირაციაზეა საუბარი. ვიდეოში რუსულენოვანი მთხრობელი საუბრობს, რომ მთვარეზე ადამიანის მიერ ფეხის დადგმა ტყუილია, რომელსაც ხალხს აჯერებენ, პოსტის სათაურში კი ვკითხულობთ: „”გაფრენა მთვარეზე”… ხალხს კიდევ სჯერა“.  სინამდვილეში, პოსტში გამოთქმული მტკიცება ფართოდ გავრცელებულ შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

1969 წლის 20 ივლისს ადამიანმა, კერძოდ, ასტრონავტმა და ინჟინერმა ნილ არმსტრონგმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. აღსანიშნავია, რომ Apollo 11-ის მისიის შემდეგ მთვარეზე Apollo-ს კიდევ 5 ეკიპაჟი გაფრინდა (ჯამში 6 ეკიპაჟი – 12 ადამიანი მთვარეზე).  NASA-ს ბოლო მისია მთვარეზე Apollo 17-ის ეკიპაჟმა შეასრულა 1972 წელს, მას შემდეგ ადამიანი მთვარეზე არ ყოფილა.

აღნიშნული ისტორიული მოვლენა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კონსპირაციის საფუძველია. შეთქმულების თეორიის მიხედვით, 1969 წელს მთვარეზე ადამიანის დაჯდომა NASA-ს (აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია) მიერ იყო დადგმული და მიზნად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ „კოსმოსური რბოლის“ მოგებას ისახავდა[1]. კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, მთვარეზე ადამიანის დაშვების კადრების დადგმა NASA-ს დაფინანსების გაზრდას და/ან აშშ-ის მიერ ვიეტნამში წარმოებული ომიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცებები საფუძველს მოკლებულია და რამდენიმე მეცნიერული მტკიცებულება მიუთითებს, რომ 1969 წელს ნილ არმსტრონგმა (Apollo 11-ის სხვა წევრებთან ერთად) მართლაც დადგა პირველად ფეხი მთვარეზე და თანამგზავრზე ადამიანის კვალი დღემდე შესამჩნევია.

ნაკვალევი მთვარეზე

დედამიწისგან განსხვავებით, სადაც სხვადასხვა გარემო-პირობის ზემოქმედების (ატმოსფერო, ამინდი, თხევადი წყალი დედამიწის ზედაპირზე, ცოცხალი არსებები) შედეგად ადამიანის ნაკვალევი მოკლე დროში ქრება, მთვარეზე მსგავსი პირობების არარსებობის გამო ნაკვალევი დიდხანს ხელუხლებლად ნარჩუნდება. შესაბამისად, იმის მტკიცებულება, რომ ადამიანი ოდესმე მთვარეზე ყოფილა, ჯერ კიდევ ჩვენს თანამგზავრზე მოიპოვება. უფრო კონკრეტულად, NASA-ს „მთვარის სადაზვერვო ორბიტერს“ (Lunar Reconnaissance Orbiter – LRO), რომელმაც მთვარეს გარშემო შემოუფრინა და უმაღლესი რეზოლუციით, ასობით ტერაბიტის მოცულობის მონაცემები მონიშნა, გააჩნია ვიწრო რაკურსის კამერა. ამ უკანასკნელმა მთვარის ზედაპირთან მიახლოებითა და თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით ყველაზე მაღალი ხარისხის/გარჩევადობის რეზოლუციით (35 სანტიმეტრი 1 პიქსელზე) გადაიღო ადამიანის მთვარეზე დაჯდომის შედეგად დატოვებული კვალის ფოტოები.

წყარო: science.nasa.gov

აღსანიშნავია, რომ ორბიტერის წყალობით არამხოლოდ Apollo 11-ის, არამედ სხვა მისიების (Apollo 12, 14, 17) შედეგად მთვარეზე დაჯდომის ხელუხლებელი კვალის კადრებიც არსებობს:

წყარო: Big Think

დამატებით, აღსანიშნავია, რომ ადამიანის ნაკვალევის დამადასტურებელი კადრები დამოუკიდებელი წყაროებითაც დასტურდება, კერძოდ, მსგავსი კვალის არსებობას ჩინური, ინდური და იაპონური კოსმოსური ხომალდებიც ადასტურებენ.

მისიის დოკუმენტირებული მასალები

გარდა მთვარის გარშემო მოძრავი ხელოვნური თანამგზავრის, LRO-ს მიერ მოპოვებული ნაკვალევის ფოტომასალებისა, NASA-ს საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული Apollo-ს ყველა (ზოგიერთი მათგანი გაუქმდა და/ან ტრაგიკულად დასრულდა, ზოგიერთი მხოლოდ კოსმოსში გავიდა, მხოლოდ 6 მისიაში დადგა ადამიანმა უშუალოდ ფეხი მთვარეზე) მისიის პროცესში გადაღებული 8,000-ზე მეტი ფოტომასალა ცალკეული მისიის ალბომების მიხედვით ღიად ხელმისაწვდომ პორტალზე Flickr. საჯაროდ მოიპოვება აგრეთვე ასობით საათის მოცულობის ვიდეოკადრები, მეცნიერული მონაცემები და სრული მისიის განმავლობაში ჩაწერილი აუდიოჩანაწერები თავისი ტრანსკრიპტებით.

Apollo 12-ის ჯგუფის მიერ გადაღებული ფოტო მთვარეზე

 

მთვარეზე დამონტაჟებული სამეცნიერო აღჭურვილობა

მთვარეზე ადამიანის გადასმის მისიების დროს NASA აგრეთვე მუშაობდა მთვარის ზედაპირზე სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო აღჭურვილობის დამონტაჟებაზე, მათ შორისაა:

  • Apollo 11-ის, 12-ის, 14-ის, 15-ისა და 16-ის მიერ დამონტაჟებული მთვარის მოწინავე სეისმომეტრები, რომლებიც დედამიწას მონაცემებს 1977 წლამდე გადასცემდნენ.
  • Apollo 11-მა ასევე დაამონტაჟა მთვარის ლაზერული დისტანციური რეტრორეფლექტორის მასივი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. იგი იძლევა საშუალებას, რომ ასახული ლაზერების საშუალებით გაიზომოს მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის ~სანტიმეტრის სიზუსტით.
  • SWC ექსპერიმენტი მთვარის ზედაპირიდან მზიური ქარის შემადგენლობის გასაზომად.
  • SWS ექსპერიმენტი მთვარიდან მზიური ქარის სპექტრის გასაზომად.
  • LSM ექსპერიმენტი მთვარის მაგნიტური ველის გასაზომად.
  • LDD იმის გასაზომად, თუ როგორ აბინძურებს მთვარის მტვერი მზის პანელებს.

ის ფაქტი, რომ ჩვენ აღნიშნული ექსპერიმენტების საშუალებით მონაცემები გვაქვს მიღებული და რომ მთვარის რეტრორეფლექტორები დღესაც გამოიყენება, ადასტურებს, რომ ადამიანი ნამდვილად იყო მთვარეზე და სწორედ მან დაამონტაჟა სამეცნიერო აღჭურვილობა მის ზედაპირზე.

მთვარიდან ჩამოტანილი ნიმუშები

მთვარეზე ადამიანის ყოფნის კიდევ ერთი დამადასტურებელი მტკიცებულებაა ასტრონავტების მიერ მთვარის ზედაპირიდან ჩამოტანილი 382 კილოგრამზე მეტი წონის ნიმუშები – ქვები. მათზე სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა მეცნიერი მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში. ყველა ჩატარებული ტესტი და კვლევა მიუთითებს, რომ ქვები ნამდვილად მთვარის ზედაპირიდანაა მოპოვებული. კერძოდ, ბევრი მათგანი შეიცავდა მინის პატარა სფეროებს/სფერულებს. აღნიშნული მინა ორი გზით წარმოიშობა: ფეთქებადი ვულკანური აქტივობითა და მაღალსიჩქარიანი მეტეორიტის ზემოქმედებით, რომელიც ადნობს და აორთქლებს ქანებს. ორივე მეთოდით წარმოშობისას ქვა უნდა გაცივდეს და კრისტალად იქცეს. დედამიწაზე არსებული ელემენტები სწრაფად ანადგურებენ ვულკანურად წარმოქმნილ მინას, და შესაბამისად, დედამიწის ზედაპირზე არსებულ ქვებში სფერული მინა არ გვხვდება. თუმცა კოსმოსში მინის სფერულები ხელუხლებლად რჩება და ეს ადასტურებს, რომ ქვები ნამდვილად მთვარიდან იქნა ჩამოტანილი.

ადამიანის მიერ მთვარეზე ფეხის დადგმა შეუძლებელი სულაც არ არის

კონსპირატორების რწმენით, მთვარეზე ადამიანის დაჯდომა შეუძლებელია, რადგან დედამიწას გარსს არტყამს ვან ალენის რადიაციული სარტყელი. ეს უკანასკნელი უზარმაზარ რადიაციულ სარტყელს წარმოადგენს და კონსპირატორების მტკიცებით, ადამიანის მიერ ამ სარტყლის გავლა რადიაციის ლეტალური დოზების გარეშე შეუძლებელია. რეალურად, რადიაციით გამოწვეული ავადმყოფობის საფრთხე ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი რამდენიმე საათის განმავლობაში 200-დან 1000-მდე რადის (რადიაციის ერთეული) ზემოქმედების ქვეშ ექცევა. NASA-მ კოსმოსური ხომალდი მისი სრული იზოლაციის უზრუნველყოფის შემდეგ გაუშვა. ამრიგად, Apollo 11-ის ეკიპაჟი მთვარეზე მოგზაურობისას აღნიშნულ რადიაციულ სარტყელში 2 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იმყოფებოდა და მისიის მიერ მიღებული საშუალო რადიაციული დოზა 0,18 რადი იყო – იგივე, რასაც ადამიანი გულმკერდის რენტგენის რადიაციის დროს იღებს, ანუ უსაფრთხო დოზა.

 

[1] 1961 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველმა გაუშვა ადამიანი, რუსი საბჭოთა მფრინავი-კოსმონავტი იური გაგარინი

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ee